გალერეა

რომელი სამეცნიერო გამოცემაა „ახალი აღთქმის“ ორიგინალთან უფრო მეტად მიახლოებული: „ტექსტუს რეცეპტუსი“ თუ „უესტკოტისა და ჰორტის ტექსტი“?

1 მორწმუნე ადამიანთა საკმაოდ დიდმა ნაწილმა იცის, რომ „ახალი აღთქმა“ ღვთის შთაგონებით დაიწერა პირველ სუკუნეში მცხოვრები, ერთგული ქრისტიანი მამაკაცების მიერ.  ამ მამაკაცებმა ღვთის სიტყვა ტექსტის (წერილობითი) სახით გადმოსცეს გრაგნილებსა და პერგამენტებზე, რომელიც თავდაპირველად არანაირ შეცდომას და ხარვეზს არ შეიცავდა. ასე იმიტომ იყო, რომ ღვთის მოქმედი ძალით, ანუ წმინდა სულით მოხდა ღვთის სიტყვის წერილობით ფორმაში გადმოტანა. ღვთის წმინდა სული ბიბლიის მწერლებს შეცდომების დაშვებისგან იცავდა. აქვე აუცილებელია აღინიშნოს ერთი მნიშვნელოვანი ფაქტიც, კერძოდ კი ის, რომ ღმერთმა არ ისურვა რათა ორიგინალი „ახალი აღთქმის“ ასლები ცვლილებებისგან დაეცვა. ეს იმას ნიშნავს, რომ ა) ორიგინალი „ახალი აღთქმის“ გადამწერებს თავისუფლად ჰქონდათ შესაძლებლობა თავიანთი სურვილისამებრ ტექსტში ცვლილებები შეეტანათ ასლების გადაწერისას და აგრეთვე იმასაც ნიშნავს, რომ ბ) ორიგინალი „ახალი აღთქმის“ გადამწერები, დაზღვეულები არ იყვნენ  უნებლიე შეცდომების დაშვებისაგან. საიდან ვიცით ეს? ბიბლიაში გაცხადებული ღვთის სიტყვებიდან და ასლებზე დაკვირვებისა და შესწავლისგან.

2 ბიბლიის ბოლო წიგნის დასკვნით სიტყვებში, ღმერთმა ასეთი რამ განაცხადა: „თუ ვინმე რამეს დაამატებს ამას, ღმერთი გაუმრავლებს მას ამ გრაგნილზე დაწერილ წყლულებს. და თუ ვინმე რამეს მოაკლებს გრაგნილზე დაწერილ ამ წინასწარმეტყველების სიტყვებს, ღმერთი მოაკლებს მას წილს სიცოცხლის ხიდან და წმინდა ქალაქიდან, რაც ამ გრაგნილზეა დაწერილი.“ (გამოცხადება 22:18,19). როგორც ხედავთ, ღმერთს არ უთქვამს, რომ ვერავინ დაამატებდა ან მოაკლებდა რაიმეს გრაგნილზე დაწერილ სიტყვებს; ღმერთმა მხოლოდ გააფრთხილა ადამიანები, რომ გრაგნილზე დაწერილი ღვთის სიტყვების დამახინჯებისთვის სასჯელი გარდაუვალი იქნებოდა მათზე, ვინც არ გაითვალისწინებდა ღვთის გაფრთხილებას. რაზე მიუთითებენ ფაქტები?

3 „ახალი აღთქმის“ ორიგინალს ჩვენამდე არ მოუღწევია, მაგრამ საბედნიეროდ, ჩვენამდე მისმა უამრავმა, ათასობით ასლმა მოაღწია. მაგალითის სახით, სურათზე წარმოგიდგენთ ერთერთ უძველეს, ბოდმერის პაპირუს P75-ის სახელით ცნობილ ფრაგმენს. ეს უძვირფასესი ფრაგმენტი შეიცავს ლუკას სახარების დაბოლოების მცირე მონაკვეთს და იოანეს სახარების დასაწყისის საკმაოდ ვრცელ ნაწილს. ფრაგმენტი მენციერების მიერ  დათარიღდა დაახლოებით ახ.წ. 175-225 წ-ით.

4 ხელთარსებული ფაქტების საფუძველზე, უნდა ვაღიაროთ ერთი სამწუხარო ფაქტი, რომ ორიგინალი „ახალი აღთქმის“ და მისი ასლების  გადამწერებმა, შეგნებული შეცდომებიც დაუშვეს და უნებლიეც. მათ არ გაინთვალისწინეს ღვთის გაფრთხილება არაფერი დაემატებინათ და არაფერი ამოეკლოთ ბიბლიიდან. ორიგინალის გადაწერისას დაშვებული  უნებლიე (რაც ხშირი იყო) და მიზანდასახული (რაც შიგა და შიგ იჩენდა თავს) შეცდომების გამო, ასლები მკვეთრად განსხვავდებიან ერთმანეთისგან! ასლებს შორის არსებული მკვეთრი განსხვავებები, თვით ფუნდამენტალურ, ქრისტიანულ სწავლებებთან დაკავშირებულ მუხლებშიც კი იჩენს თავს. სამწუხაროდ, „ახალი აღთქმის“ ზოგი მუხლი საერთოდ გაუჩინარებულია ზოგიერთი ასლიდან, ზოგი ასლი სხვა ასლებისგან განსხვავებით სრულიად სხვა აზრებს გადმოგვცემს და ზოგი ასლი კი ისეთ ჩამატებებს შეიცავს, რომელსაც არ შეიცავს სხვა ასლები, ისეთი ასლებიც კი,  რომლებიც ორიგინალის დაწერიდან ახლო პერიოდშივე გაკეთდა და სანდოა.

5 ამ ფაქტიდან გამომდინარე, ბოლო რამოდენიმე ასწლეულის მანძილზე ტექსტებზე მომუშავე ლინგვისტები და მეცნიერები, მრავალჯერ შეეცადნენ ასლების საგულდაგულო გამოკვლევას, რათა ერთმანეთთან შედარებითა და შეჯერებით, ასლებში არსებული ტექსტები, მაქსიმალურად მიეახლოებინათ ორიგინალი „ახალი აღთქმის“ ტექსტთან. ტექსტების ერთმანეთთან შედარებითა და შეჯერებით, ტექსტის დადგენის სხვადასხვა მეთოდების გამოყენებით, მეცნიერებმა უამრავი ხარვეზების გამოაშკარავება შეძლეს, რომელიც უნებლიედ დაშვებული შეცდომების გამოაშკარავებასაც მოიცავდა და შეგნებულად დაშვებული შეცდომებს გამოაშკარავებასაც.

6 „ახალი აღთქმის“ ტექსტებზე მომუშავე მეცნიერებმა არაერთხელ სცადეს ორიგინალ „ახალ აღთქმასთან“ მიახლოებული ტექსტის გამოცემა. ამ გამოცემებს შორის ყველაზე ცნობილი ორი სამეცნიერო ნაშრომებია: ა) „ტექსტუს რეცეპტუსი“-ს სახელით ცნობილი ბერძანული „ახალი აღთქმის“ ტექსტი და „უესტკოტისა და ჰორტის“ კრიტიკული ტექსტი.

7 დღეს ბევრი კამათობს იმასთან დაკავშირებით, თუ რომელი სამეცნიერო გამოცემაა „ახალი აღთქმის“ ორიგინალთან უფრო მეტად მიახლოებული სამეცნიერო ტექსტი; ტექსტუს რეცეპტუსი თუ  უესტკოტისა და ჰორტის ტექსტი? ეს სტატია, სწორედ ამ საკითხს ეხება! იმისთვის რომ გავიგოთ, ბერძნული „ახალი აღთქმის“ რომელი სამეცნიერო გამოცემაა ორიგინალ  „ახალ აღთქმასთან“ უფრო მეტად მიახლოებული ტექსტი, საჭიროა ვიცოდეთ, თუ რომელ ასლებს ეფუძნება და შეესატყვისება „ტექსტუს რეცეპტუსი“ და რომელს  „უესტკოტისა და ჰორტის ტექსტი“, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, რამდენად შეესაბამება ეს ორი სამეცნიერო გამოცემა უძველეს, სანდო და ავტორიტეულ მანუსკრიპტებს.

8 ტექსტუს რეცეპტუს-ი (Textus Receptus). სტეფანოსს ეკუთვნის ბერძნული „ახალი აღთქმის“ რამდენიმე გამოცემა. ყურადღება მიაქციეთ იმ ფაქტს, რომ სტეფანოსის „ტექსტუს რეცეპტუსი“ ძირითადად ეფუძნებოდა მის წინამორბედ გამოცემას, ანუ ერაზმ როტერდამელის ტექსტს და შესწორებული იყო 1522 წელს გამოცემული „კომპლუტენსის პოლიგლოტისა“ და წინა საუკუნეებით დათარიღებული 15 მინუსკულური ხელნაწერის მიხედვით. სტეფანოსის მესამე გამოცემა (1550 წ.) იქცა საყოველთაოდ აღიარებულ ბერძნულ ტექსტად (ლათინურად „ტექსტუს რეცეპტუს“ იგივე „Received Text“). „ტექსტუს რეცეპტუს“-ი  საფუძვლად დაედო მე-16 საუკუნის სხვა ინგლისურ თარგმანებსა და 1611 წელს გამოცემულ „მეფე ჯეიმზის თარგმანს“ (King James Version). მოკლედ თუ ვიტყოდით, „ტექსტუს რეცეპტუს“-ი გახლავთ ერაზმუსის (იგივე ერაზმ როტერდამელის ტექსტის) გადამუშავებული გამოცემა. სხვა სიტყვებით რო ვთქვათ,ტექსტუს რეცეპტუს“-ის გამოცემები ძირითადად ერაზმუსის ტექსტის ხელახლა გამოცემას წარმოადგენს მცირედი შესწორებებით. ახლა მოკლედ გავიხსენოთ თუ რას წარმოადგენს ერაზმუსის ანუ ერაზმ როტერდამელის ტექსტი.

9 ერაზმუსი“, (ერაზმ როტერდამელი“). შუა საუკუნეებში, როცა ლათინური ენა იყო გაბატონებული და დასავლეთ ევროპაზე რომის კათოლიკურ ეკლესიას ჰქონდა დიდი გავლენა, მეცნიერებასა და განათლებას რთული დრო ედგა. მაგრამ მე-15 საუკუნის ევროპაში ასაწყობშრიფტიანი საბეჭდი დაზგის გამოგონებამ და მე-16 საუკუნეში რეფორმაციის დაწყებამ უფრო მეტი თავისუფლება მოიტანა, რამაც ხელი შეუწყო ბერძნული ენისადმი ინტერესის გაღვივებას. სწორედ ამ პერიოდში ცნობილმა ჰოლანდიელმა მეცნიერმა, ერაზმ როტერდამელმა, გამოაქვეყნა „ახალი აღთქმის“ ბერძნული ტექსტის პირველი გამოცემა. ამ ტექსტის მომზადებისას ერაზმ როტერდამელმა გულდასმით შეადარა რამდენიმე ხელნაწერი და გამოიყენა ის სიტყვები, რომლებიც, როგორც ჩანდა, ორიგინალში უნდა ყოფილიყო. შედარებისას აღმოჩენილი ბევრი განსხვავება მან კომენტარებში აღნიშნა. ეს პირველი გამოცემა დაიბეჭდა ბაზელში (შვეიცარია) 1516 წელს, გერმანიაში რეფორმაციის დაწყებამდე ერთი წლით ადრე. პირველ გამოცემაში ბევრი შეცდომა იყო და ამიტომ მას მოჰყვა გადამუშავებული გამოცემები 1519, 1522, 1527 და 1535 წლებში. უნდა აღინიშნოს, რომ ტექსტის შესადარებლად და მოსამზადებლად ერაზმ როტერდამელს მხოლოდ რამდენიმე გვიანდელი მინუსკულური ხელნაწერი ჰქონდა.

10 მსგავსად ერაზმუსის ტექსტისა, „ტექსტუს რეცეპტუსი“ მას შემდეგ გამოცემული სამეცნიერო კრიტიკულ გამოცემებთან შედარებით გაცილებით ღარიბია, რადგან: სტეფანოსის „ტექსტუს რეცეპტუსი“ ძირითადად ეფუძნებოდა მის წინამორბედ გამოცემას, ანუ ერაზმ როტერდამელის ტექსტს და შესწორებული იყო 1522 წელს გამოცემული „კომპლუტენსის პოლიგლოტისა“ და წინა საუკუნეებით დათარიღებულ 15 მინუსკულურ ხელნაწერს. სწორედ ამიტომ, „ტექსტუს რეცეპტუს“-ში უამრავი უზუსტობებია. მაგალითისთვის განვიხილოთ ზემოთ დაციტირებული „გამოცხადების“ წიგნის 22-ე თავის 19-ე მუხლში ჩაწერილი სიტყვები.

11 დღემდე უცნობია, ხელთარსებული ათასობით მანუსკრიპტებიდან, რომელი ბერძნული მანუსკრიპტიდან შემოიტანა ერაზმ როტერდამელმა და მასზე დაშენებულმა „ტექსტუს რეცეპტუსმა“  სიტყვები „სიცოცხლის წიგნი“. ბერძნულ მანუსკრიპტებში ყველგან წერია „სიცოცხლის ხე“ და არა „სიცოცხლის წიგნი“.  მკვლევარები „ტექსტუს რეცეპტუსის“ გულმოდგინე მომხრეებს ეკითხებიან: რომელი ბერძნული ხელნაწერიდან (ასლიდან) გადმოიტანეთ სიტყვები „სიცოცხლის წიგნი“? „ტექსტუს რეცეპტუსის“ მომხრეებს პასუხი არ აქვთ! კვლევებმა დაადასტურა თუ საიდან შემოიჭრა „ტექსტუს რეცეპტუსში“ ისეთი სიტყვები და ფრაზები რომლებიც ბერძნულ მანუსკრიპტებში არსად არ წერია. ალბათ გაინტერესებთ საიდან გაჩნდნენ ისინი „ტექსტუს რეცეპტუსში“. მაგალითად, გამოცხადების 22:19-ში ჩამატებული სიტყვების „სიცოცხლის წიგნის“ წამრომავლობასთან დაკავიშირებით, პასუხს ბიბლიის კვლევითი ინსტიტუტის მიერ, 1986 წელს გამოცემული წიგნის  „ერაზმუსი, მისი ბერძნული ტექსტი, და მისი თეოლოგია“ (Erasmus, His Greek Text, and His Theology) 3-ე გვერდზე განთავსებული ცნობები იძლევა. კონკრეტულად რა ცნობებს იძლევა ეს წიგნი? იმას რომ ერაზმუსმა ანუ იგივე ერაზმ როტერდამელმა როცა თავისი ბერძნული ტექსტი შეადგინა, ბიბლიის ბოლო წიგნის „გამოცხადების“ მხოლოდ ერთი მანუსკრიპტი ეპყრა ხელთ, რომელსაც ბოლო 6 მუხლი აკლდა. ამიტომ მან ლათინური ვულგატის ასლი აიღო და იქიდან გადმოწერა ის მუხლები, რომელიც მის ხელთ არსებულ ბერძნულ მანუსკრიპტს აკლდა. სამწუხაროდ, ლათინური ვილგატის იმ ასლში, საიდანაც ერაზმუსმა გადმოაკოპირა მუხლები, ეწერა სიტყვები „სიცოცხლის წიგნი“, მაშინ როცა დღემდე მოღწეული ათასობით ბერძნული მანუსკრიპტებიდან, არცერთი არ შეიცავს სიტყვებს „სიცოცხლის წიგნი“, არამედ ყველგან წერია „სიცოხლის ხე“.  აი ასე შემოაღწია ერაზმუსის ტექსტში სიტყვებმა „სიცოცხლის წიგნი“ და ასე აქცია ერაზმუსმა თავისი „უნიკალური“ და „საყოველთაოდ მიღებული“  ბერძნული ახალი აღთქმა „უნიკალურად“, რომელიც საფუძვლად დაედო „ტექსტუს რეცეპტუსს“ და ისიც ანალოგიურად „უნიკალური“ გახდა თავისი სისუსტეების გამო. ეს გახლავთ მხოლოდ ერთი შემთხვევა რომელიც აქ შედარებით დეტალურად გავიხსენეთ. „ტექსტუს რეცეპტუსში“ მსგავსი უზუსტობები ძალიან ბევრია. მკითხველს ალბათ მეტი კონკრეტული ფაქტების გაცნობა მოესურვებოდა, მაგრამ მხოლოდ რამდენიმე სხვა მაგალითები იქნება აღნიშნული ამ სტატიაში, რათა სტატია უსაშველოდ დიდი არ გამოვიდეს და მალევე გადავიდეთ „უესტკოტისა და ჰორტის“ სამეცნიერო კრიტიკული ტექსტის ღირსშესანიშნავი დეტალების მიმოხილვაზე.

12 „ტექსტუს რეცეპტუსის“ სუსტი მხარეები, როგორც მეცნიერები განმარტავენ და როგორც ამ სტატიაშიც აღინიშნა, ძალიან ბევრია. მაგალითად, გავიხსენოთ 1 იოანეს 5:7. ამ მუხლის „ტექსტუს რეცეპტუსისეული“ წაკითხვა მკვეთრ წინააღმდეგობაში მოდის ბერძნულ მანუსკრიპტებთან; განსაკუთრებით ყველაზე უძველეს და ავტორიტეტულ მანუსკრიპტებთან, ისეთებთან, როგორიცაა მაგალითად: სინაის კოდექსი (א), ალექსანდრიის კოდექსი (A), ვატიკანის მანუსკრიპტი (B), ვულგატა (Vg) და  სირიული თარგმანი (Syh.p). ამასთან ერთად, 1 იოანეს 5:7-ის „ტექსტუს რეცეპტუსისეული“ წაკითხვა, წინააღმდეგობაში მოდის ისეთი სამენციერო და აღიარებული „ახალი აღთქმის“ გამოცემებთან, როგორიცაა: კ. ტიშენდორფის (მერვე გამოცემა, 1872 წ.), ავგუსტინე მერკის (მეცხრე გამოცემა, 1964 წ.), ხოსე მარია ბოვერის (მეხუთე გამოცემა, 1968 წ.), გაერთიანებული ბიბლიური საზოგადოებებისა (UBS) და დღეს-დღეობით, მეცნიერულ წრეებში აღიარებული ბერძნული „ახალი აღთქმის“ ყველაზე უახლეს სამენციერო გამოცემასთან ნესტლე-ალანდის ბერძნულ ტექსტებთან.

13 სხვა მუხლები რომლებიც გადაკეთებულია და დამახინჯებული სახითაა წარმოდგენილი „ტექსტუს რეცეპტუსში“ გახლავთ მაგალითად 1 კორინთელთა 6:20, სადაც ჩამატებულია სიტყვები „თქვენი სულები, რომელიც ღვთისაა“; სხვა მუხლია ლუკას 2:33, რომელშიც სიტყვები „დედა და მამა“ შეცვლილია სიტყვებით „იოსები და დედა მისი“. სხვა მუხლებია რომაელთა 8:1; 13:9; კოლასელთა 1:14 და სხვა მრავალი. ― აღნიშნავს ცნობილი მეცნიერი ბრუს. მ. მეცგარი ნაშრომში „ტექტუალური კომენტარები ბერძნულ ახალ აღთქმაზე“ (ლონდონი: გაერთიანებული ბიბლიის საზოგადების გამოცემა, 1971 წ.) [Bruce M. Metzger, A Textual Commentary on the Greek New Testament]. სხვა მაგალითებს წარმოადგენენ ლუკას 17:36 და საქმის 8:37, რომელიც ბერძნული მანუსკრიპტების უმეტესობაში გამოტოვებული მუხლებია და ასეა „უესტკოტისა და ჰორტის ტექსტშიც“, ხოლო „ტექსტუს რეცეპტუსში“ ამ მუხლებში ჩამატებული ფრაზები. ცხადია ორი ათასამდე  მუხლს, რომელიც დამახინჯებული სახითაა წარმოდგენილი „ტექსტუს რეცეპტუსში“, ამ ერთ სტატიაში ვერ განვიხილავთ. მიუხედავად ამისა, თამამად შეიძლება ითქვას, რომ უესტკოტისა და ჰორსტის“ ტექსტისგან განსხვავებით, „ტექსტუს რეცეპტუსი“ ძალიან ღარიბია და ბევრ შეცდომებს შეიცავს. ამიტომ არაა გასაკვირი თუ რატომ ანიჭებენ მეცნიერები უპირატესობას „უესტკოტისა და ჰორტის“ მიერ გამოცემული ბერძნული „ახალი აღთქმის“ ტექსტის კრიტიკულ ნაშრომებს.

14 ახლა კი რამდნეიმე სიტყვა უესტკოტისა და ჰორტის ტექსტთან დაკავშირებით. უესტკოტისა და ჰორტის „ახალი აღთქმის“ ბერძნულმა ტექსტმა ფართო აღიარება მოიპოვა მისი გამოცემის დღიდანვე. „ახალი აღთქმის“ ეს სამეცნიერო გამოცემა 1881 წელს გამოსცეს კემბრიჯის უნივერსიტეტის პროფესორებმა, ბრუკ უესტკოტმა და ფენტონ ჰორტმა. უესტკოტისა და ჰორტის ბერძნული ტექსტის საფუძველზე ამავე წელს გადაამუშავეს „ახალი აღთქმის“ ინგლისური თარგმანი. ამ პროექტზე უესტკოტი და ჰორტიც მუშაობდნენ. ამ ტექსტზე დაყრდნობით აგრეთვე მომზადდა შემდეგი საყოველთაოდ ცნობილი ინგლისური თარგმანები: 1) The Emphasised Bible, 2) American Standard Version, 3)  An American Translation (სმითი-გუდსპიდი) და 4) Revised Standard Version.  უნდა აღინიშნოს რომ ამ თარგმანების გარდა, „უესტკოტისა და ჰორტის ტექსტი“ საფუძვლად დაედო ქრისტიანულ-ბერძნული წერილების 5) New World Translation ანუ „ახალი ქვეყნიერების თარგმანსაც”. მკითხველისთვის რთული მისახვედრი არაა, თუ რატომ გამოიყენეს საყოველთაოდ ცნობილი ბიბლიის მთარგმნელებმა ზემოაღნიშნული ბიბლიების თაარგმნისას   „უესტკოტისა და ჰორტის“ ბერძნული ტექსტი. სამეცნიერო ნაშრომების „The Identity of the New Testament Text“  (Nashville: Thomas Nelson, 1980. Revised edition) და „Some Second Thoughts on the Majority Text“, (Bibliotheca Sacra, July-September, 1989) ნათქვამია, რომ „უესტკოტისა და ჰორტის“ ბერძნული ტექსტი „ტექსტუს რეცეპტუსის“ ტექსტისგან 1838 პასაჟით განსხვავებულია. „უესტკოტისა და ჰორტის“ ტექსტი თანხმობაშია ბერძნული მანუსკრიპტების უმეტესობასთან, რასაც ვერ ვიტყოდით „ტექსტუს რეცეპტუსზე“!

15 ერთერთი მიზეზი, თუ რატომ მიიჩნევა მიეცნიერების მიერ „უესტკოტისა და ჰორტის“ სამეცნიერო კრიტიკული ტექსტი „ახალი აღთქმის“ ორიგინალთან მიახლოებულ და საუკეთეს ტექსტად, გახლავთ ის, რომ „უესტკოტისა და ჰორტის“ ტექსტი ჰარმონიაშია წინამორბედ სამეცნიერო გამოცემებთან: იოჰან გრისბახის  გაუმჯობესებულ ტექსტთან, ლახმანთან, ალბორდთან, ტრაგელესთან და ტიშენდორფთან (და აგრეთვე სხვებთან), და ამ ნაშრომებმა მრავალრიცხოვანი განსხვავებულობა გამოავლინეს „ტექსტუს რეცეპტუსში“ იმის საფუძველზე, რომ ეს ნაშრომები უმთავრესად მანუსკრიპთა უმრავლესობაზეა დაფუძნებული; აქ მოხსენიებული სამეცნიერო გამოცემები, განსაკუთრებით ბოლო სამი, მჭიდროდ შეესაბამება „უესტკოტისა და ჰორტის“ ტექსტს, ხოლო ეწინააღმდეგება „ტექსტუს რეცეპტუსს“. ― იხილეთ ა) „The Englishman’s Greek New Testament“ ,1970; და ბ) „Canon and Text of the New Testament“ , (Edinburgh: T. & T. Clark, 1907).

16 სხვა ერთ-ერთი ძლიერი ფაქტორი, თუ რატომაა „უესტკოტისა და ჰორტის“ ტექსტი ფასეული და ზუსტი გახლავთ ის ფაქტი, რომ ეს ტექსტი მტკიცედ ეფუძნება უძველეს მანუსკრიპტებს, ამასთან ერთად ჰარმონიაშია „ახალი აღთქმის“ უძველეს თარგმანებთან, ისევე როგორც ადრეულ პერიოდში (II-IVსს.) მცხოვრებ ქრისტიან მწერალთა ნაშრომებთან. აგრეთვე საყურადღებოა, რომ ტექსტუალური კრიტიკის დროს, ანუ „ახალი აღთქმის“ ტექსტების შეფასებებისა, სანდოობის გამოსაკვეთად და იმის დასადგენად თუ რამდენადაა ტექსტი ორიგინალთან მიახლოებული, მეცნიერები მანუსკრიპტების ასაკს დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ. აქედან გამომდინარე, უნდა აღინიშნოს, რომ „უესტკოტისა და ჰორტის“ ტექსტი ძალზედ მჭიდროდაა დაფუძნებული ორ ყველაზე უძველეს და სანდო, კარგად ცნობილ და აღიარებულ მანისკრიპტებზე,  „ვატიკანისა“ და „სინაის მანისკრიპტებზე“.  ეს და სხვა უძველესი მანუსკრიპტები,  ჰარმონიაშია „უესტკოტისა და ჰორტის“ ტექსტთან. უძველესი  მანუსკრიპტები ჰარმონიაშია ალექსანდრიული ტიპის ტექსტებთან, რომელსაც ბრწყინვალედ წარმოგვიდგენს „უესტკოტისა და ჰორტის“ ტექსტი. ― გთხოვთ ამ ფაქტთან დაკავშირებით იხილეთ ბრუს მ. მეცგარის ნაშრომი „The Text of the New Testament“ (ოქსფორდი:  1968 წელს „Clarendon Press“-ის მეორე გამოცემა), გვ.247-256.

17 აგრეთვე აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ „უესტკოტისა და ჰორტის“ ტექსტებს მხარს უჭერენ უძველესი კოპტური თარგმანებიც, რომლებიც დათარიღებულია მესამე, და მომდევნო საუკუნეებით. ამას ისიც ემატება რომ მას მხარს უჭერს ძველი ლათინური თარგმანები და უძველესი სირიული თარგმანებიც, განსაკუთრებით სინური და კურატორიულ-სირიული თარგმანები, რომელთა ტექსტები მეორე და მესამე საუკუნით თარიღდება. ― გთხოვთ იხილოთ ბრუს მ. მეცგარის „A Textual Commentary on the Greek New Testament“, 1971.

18 „უესტკოტისა და ჰორტის“ ტექსტს, აგრეთვე ეთანხმება იერონიმეს ძვ. ლათინური თარგმანიც, ვულგატა, რომელიც ახ.წ. 400 წელს გაკეთდა, ის აგრეთვე მხარს უჭერს ალექსანდრისეულ ტექსტსაც ― ალესანდრისეულ ტექსტს, რომელსაც ხშირად ციტირებდა ორიგენე.

19 და ბოლოს, დასკვნისას დავუბრუნდეთ იმ საკითხს, რასაც ეს სტატია მიეძღვნა: რომელი სამეცნიერო გამოცემა წარმოადგენს „ახალი აღთქმის“ ორიგინალთან უფრო მეტად მიახლოებულს: „ტექსტუს რეცეპტუსი“ თუ „უესტკოტისა და ჰორტის ტექსტი“? ცხადია რომ დღეს არსებული არცერთი ასლი და არცერთი სამეცნიერო გამოცემა არ წარმოადგენს ორიგინალს, მაგრამ აქ განხილული სამეცნიერო გამოცემებიდან მხოლოდ ერთი შეიძლება დასახელდეს იმ ტექსტად, რომელიც შედარებით ახლოა ორიგინალთან.  ვინაიდან და რადგანაც „ტექსტუს რეცეპტუსის“ ძალიან ბევრ  მუხლს არ აქვს ბერძნული მანუსკრიპტების უმრავლესობისგან მხარდაჭერა, ბუნებრივია რომ ვერცერთ შემთხვევაში ვერ იქნება ორიგინალთან ახლოს მდგომი. ამასთან ერთად, ის მანუსკრიპტები, რომლებიც „ტექსტუს რეცეპტუსს“ უჭერენ მხარს, ძირითადად გვიანდელი მანუსკრიპტებია და არაა ყველაზე უძველეს მანუსკრიპტებთან თანხმობაში. ამის კლასიკურ მაგალითს წარმოადგენს 1 იოანეს 5:7-ის დამახინჯებული წაკითხვა. აქვე უნდა გვახსოვდეს, რომ „ტექსტუს რეცეპტუსის“ სულ ცოტა 1838 პასაჟი შეუთანხმებლობაშია უძველეს და სანდო მანუსკრიპტთა უმრავლესობასთან.

20 მეორეს მხრივ, „უესტკოტისა და ჰორტის“ ტექსტი „ტექსტუს რეცეპტუსთან“ შედარებით ძალიან ახლოსაა უძველეს ბერძნულ ხელნაწერთა უმრავლესობასთან, რაც იმის თქმის შესაძლებლობას აძლევს მეცნიერებს, რომ იმ ბიბლიის თარგმანებს მიანიჭონ უპირატესობა, რომლებიც საფუძვლად „უესტკოტისა და ჰორტის“ ტექსტს იყენებენ. გთხოვთ ილიხლოთ სტატიები: „რომელია „ახალი აღთქმის“ საუკეთესო თარგმანი მეცნიერ კოლველის მეთოდის თანახმად?“ და «ხუთი ძირითადი მიზეზი, თუ რატომ არაა სანდო და ზუსტი, გიორგი მთაწმინდელის „ახალი აღთქმის“ ძველქართული თარგმანი».

21 აქვე ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ერთიც და მეორეც, „ტექსტუს რეცეპტუსიც“ და „უესტკოტისა და ჰორტის ტექსტიც“, მიუხედავად ტექსტუალური ვარიაციებისა, ორივე გადმოგვცემს ქრისტიანულ სწავლებებს. განსხვავებათა შორის ერთერთი ისაა, რომ ამ ორი სამეცნიერო ტექსტებიდან ერთი, მეორეზე უფრო უკეთ ასრულებს ამ საქმეს, ანუ „უესტკოტისა და ჰორტის ტექსტი“ შედარებით უფრო ახლოა ორიგინალი „ახალი აღთქმის“ ტექსთან, ვიდრე „ტექსტუს რეცეპტუსი“.

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s