გალერეა

ისეთივე პატივს უნდა სცემდნენ მორწმუნეები ძეს, როგორც მამას სცემენ პატივს?

ისეთივე პატივს უნდა სცემდნენ მორწმუნეები ძეს,როგორც მამას სცემენ პატივს?

1 ფსალმუნების 148-ე თავის პირველი ხუთი მუხლი ნათელყოფს, რომ ანგელოზები ღვთის ქმნილებებს წარმოადგენენ. ბიბლია აგრეთვე ამბობს, რომ ღმერთი სულია (იოანე 4:24) და უხილავია ადამიანის თვალისთვის. (იოანე 1:18). ბიბლიიდან იმასაც ვიგებთ, რომ ღმერთი „ანგელოზებს სულებად ქმნის“ (ებრ. 1:7) ანუ თავის მსგავსად, ადამიანის თვალისთვის უხილავ, სულიერ არსებებად. და ლუკას სახარების 24:39-ში ვკითხულობთ, რომ „სულს ხორცი და ძვალი არა აქვს“.

2 ბიბლია ანგელოზების შესახებ უფრო მეტსაც გვამცნობს. მასში ჩაწერილი ცნობების თანახმად, ანგელოზები ადამიანის შემქმნამდე გაცილებით ადრე შექმნა ღმერთმა. მაგალითად, მასში ჩაწერილია კითხვები, რომელიც ღმერთმა ადამიანს (იობს) დაუსვა, რომელი კითხვების ნათელყოფს, რომ ღმერთმა ანგელოზები მატერიალური სამყაროს შემქმნამდე, გაცილებით ადრე შექმნა: „სად იყავი, დედამიწას რომ ვაფუძნებდი? მითხარი, თუ გაქვს გაგების უნარი. თუ იცი, ვინ დაუწესა საზღვრები, და ვინ გადაჭიმა მასზე ლარი საზომად? სად აქვს ჩადგმული საყრდენები და ვინ დაუდო ქვაკუთხედი, როცა ერთად ჟრიამულობდნენ დილის ვარსკვლავები და ღვთის ძეები ყიჟინებდნენ?“ (იობი 38:4-6). იმავე თავის 7-ე მუხლში ვკითხულობთ: „როცა ერთად ჟრიამულობდნენ დილის ვარსკვლავები და ღვთის ძეები ყიჟინებდნენ?“ აქ მოხსენიებულ „ღვთის ძეებში“ ანგელოზები მოიაზრებიან. ამას „ძვ. აღთქმის“ ბერძნული თარგმანი, სეპტუაგინტაც ადასტურებს, რომელშიც ვკითხულობთ, რომ დედამიწის შექმნამდე „ანგელოზები“ ყიჟინებდნენ ღვთის წინაშე. იოანეს 1:18-ში ვკითხულობთ, რომ „ღმერთი არავის არასოდეს უხილავს“. ღმერთმა ადამიანს უთხრა: „ვერ იხილავ ჩემს სახეს, რადგან შეუძლებელია, ადამიანმა იხილოს ის და ცოცხალი დარჩეს“. (გამოსვლა 33:20). ადამიანებისგან განსხვავებით, ღვთის ეს უხილავი ქმნილებები ― ანგელოზები, ‘ყოველთვის ხედავენ ზეციერი მამის სახეს’. (მათეს 18:10). მათ შესახებ, ფსალმუნის 104:4-ში ვკითხულობთ: „შთამნთქმელი ცეცხლივით არიან შენი მსახურები“. ფსალმუნის 103:20,21 კი იუწყება: ანგელოზნო მისნო, ძალით ძლიერნო, მისი სიტყვის შემსრულებელნო, მისი სიტყვის მოსმენით! მისნო ლაშქარნო, მისნო მსახურნო, მისი ნების შემსრულებელნო!

3 ზემოთ მოყვანილი ბიბლიური ცნობების თანახმად, ანგელოზები ძლეირ სულიერ ქმნილებებს წარმოადგენენ. აღმატებული ძლიერების აღსაწერად, ბიბლია მათ შთამნთქმელ ცეცხლს ადარებს და იმ ძლიერ არსებებად წარმოგვიდგენს, რომლებიც ღვთის სიტყვას ასრულებენ, ღმერთს ემსახურებიან და მის ნებას ანხორციელებენ. ისინი ღვთის სიტყვების გადამცემებადაც მსახურობენ. (დაბადება 16:10,11; ლუკა 1:8-15; საქმე 5:19,20; 12:7). ბიბლიაში არაერთი შემთხვევაა აღწერილი, როცა ანგელოზები ღვთის განზრახვებსა და ცნობებს გადასცემდნენ ადამიანებს. სიტყვა „ანგელოზი“ ნიშნავს „მაცნეს“, რაც სრულფაოსვნად აღწერს მათ ერთერთ მნიშვნელოვან როლს ღვთის განზრახვაში.

ანგელოზები ღმერთებივით

4 მოსე და აარონი ღმერთმა განსაკუთრებული უფლებამოსილებითა და ძალაუფლებით აღჭურვა და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი დავალება მიანდო. მათ ღვთისგან მომდინარე ცნობა ფარაონისთვის უნდა გადაეცათ. ამ სახით, მოსე ღვთის წარმომადგენლად მსახურობდა, ანუ ღვთის სიტყვას გადასცემდა ფარაონს. სწორედ ამიტომ, ბიბლიაში მოსეს ‘ფარაონის ღმერთი’ ეწოდება. (გამოსვლა 7:1). მსგავსადვე, ანგელოზები ― ძლევამოსილი ზეციერი ქმნილებები, ადამიანების წინაშე ღვთის წარმომადგნლებად ხშირად წარსდგებოდნენ ხოლმე. ღმერთი ხშირად იყენებდა ანგელოზებს თავის წამრომადგენლებად და თავისი სიტყვების გადამცემებად ზუსტად ისე, როგორც ერთ დროს მოსე გამოიყენა ფარაონთან სასაუბროდ. (გამოსვლა, თავი 3-6.) უზენაესმა შემოქმედმა, ფარაონის ღმერთად აქცია მოსე და მისი საშუალებით ესაუბრებოდა ფარაონს. (გამოსვლა 7:1; 4:16). მოსეს მსგავსად და ანგელოზების მსგავსად, იესო, ნაწინასწარმეტყველები მესია, ღვთის ყველაზე გამორჩეული წარმომადგენელი და ღვთის სიტყვების გადამცემი იყო. (იოანე 1:18; 5:30; 6:57; 8:28, 29; 1 ტიმ 2:5; 1 პეტრ. 3:22; ფილიპ. 2:9, ებრაელების მიმართ თავი პირველი.)

5 მიუხედავად იმისა, რომ „მოსეს რჯულად“ ცნობილი კანონთა კრებული ღვთისგან იყო, ბიბლია იუწყება, რომ რჯული ანგელოზების მიერ გადაეცა მოსეს. (საქმეები 7:53; გალატ. 3:19). ამგვარად, ანგელოზები ღმერთად წარადგენდნენ თავიანთ თავს ადამიანებთან საუბრისას და ეუბნებოდნენ იმას, რაც ღმერთს სურდა რომ ეთქვა მათთვის.

6 გავიხსენოთ რამდენიმე მაგალითი ბიბლიიდან. მაშინ როცა ღმერთი პირველად გაესაუბრა მოსეს ცეცხლმოდებული ბუჩქიდან, ანგელოზი გამოიყენა. (გამოსვლა 3:2). ეს ნიშნავს იმას, რომ მოსეს უშუალოდ ღმერთი კი არა, ღვთის მიერ წარგზავნილი ანგელოზი ესაუბრებოდა, რომელი ანგელოზიც ისე საუბრობდა, თითქოს ღმერთი საუბრობდა. აი რა უთხრა ანგელოზმა მოსეს: „მე ვარ მამაშენის ღმერთი, აბრაამის, ისაკისა და იაკობის ღმერთი“. (გამოსვ. 3:6). ღმერთი ამ დროს ალმოდებულ ბუჩქში კი არა, ზეცაში იმყოფებოდა, თავის სულიერ სამყოფელში და კვლავ უხილავი იყო ადამიანის თვალისთვის. (გამოსვლა 33:20). სინამდვილეში, მოსეს წინაშე ალმოდებული ბუჩქიდან ღვთის ანგელოზი საუბრობდა როგორც ღმერთი, რადგან იმ წუთას მოსესთან მოსაუბრე ანგელოზი ღვთის წარმომადგენელი იყო და ღვთის სათქმელს ამბობდა. ფაქტიურად, მოსესთვის ანგელოზი ღმერთი იყო.

7 სხვა მაგალითი ჩაწერილია მსაჯულთა 13-ე თავში, სადაც აღწერილია, რომ მანოახს და მის ცოლს ღვთის ანგელოზი ეცხადება. ამ ცოლ-ქმარს ანგელოზი მნიშვნელოვან ცნობას გადასცემს; ამცნობს, რომ ვაჟი შეეძინებოდათ. (მსაჯ. 13:2,3); შემდეგ ანგელოზმა კონკრეტული მითითებებიც მისცა, თუ როგორ უნდა მოქცეულიყო მათი ვაჟი, როცა გაიზრდებოდა. (მსაჯ. 13:4,5). ამ ცნობების მიღებისას, მანოახმა არ იცოდა რომ ღვთის ანგელოზი ესაუბრებოდა. (მსაჯ. 13:16). მადლიერების გამოსახატავად და ღვთის განსადიდებლად, მანოახი მსხვერპლშესაწირს აღავლენს. მსხვერპლის შეწირვისას, მანოახისა და მისი ცოლის თვალწინ საოცრება ხდება. როცა სამსხვერპლოდან ალი ცად ავარდება, ალს ღვთის ანგელოზიც  აჰყვება. ცოლ-ქმარი მაშინვე პირქვე ემხობიან მიწაზე. ვინაიდან ანგელოზს მეტად აღარ გაუგრძელებია საუბარი მათთან, მანოახი ხვდება, რომ ვისაც ესაუბრებოდა ღვთის ანგელოზი იყო. (მსაჯ. 13:19-21). დააკვირდით, რას ეუბნება მანოახი ცოლს: „მოვკვდებით, რადგან ღმერთი ვიხილეთ.“(გამოსვლა 33:20). ამ სიტყვებიდან ნათლად ჩანს, რომ ღვთის წარმომადგენლად მომსახურე ანგელოზი, მანოახისთვის და მისი მეუღლისთვის ისე იყო, როგორც ღმერთი; ამრიგად, ღვთის წარმომადგენლის ხილვა და მასთან საუბარი, ცოლ-ქმრისთვის ღვთის ხილვას ნიშნავდა. ანალოგიურად, როცა მოციქული თომა საოცრებას ხედავს, ანუ ღვთის მიერ მკვდრეთით აღდგენილი იესო ქრისტეს ნაჭრილობებს, განცვიფრებული ამბობს: „ჩემო უფალო და ჩემო ღმერთო!“ (იოანე 20:28). მანოახისა და მისი ცოლის მსგავსად, რომლებისთვისაც ღვთის წარმომადგენელი ანგელოზი „ღმერთი“ იყო, თომასთვის ისე იყო იესო, როგორც „ღმერთი“, განსაკუთრებით სასწაულებრივ ვითარებებში, რომლებმაც ეს სიტყვები წამოაძახებინა. მიუხედავად იმისა რომ ღვთის წარმომადგენლებს ისე მიმართავდნენ თითქოსდა ღმერთს მიმართავდნენ, ცხადია არც მოსე და არც მანოახი, ღვთის ძეებს არ მიიჩნევდნენ სამყაროს უზენაეს, ყოვლისშემძლე ღმერთად. მანოახისა და მისი მეუღლის მსგავსად, ღვთის ერთგული მსახურები მხოლოდ მაშინ მოიაზრებდნენ ღვთის ძეებს (ანუ ანგელოზებს) ღმერთად, როცა ანგელოზები ღვთის წარმომადგენლად მსახურობნდნენ და ღვთის ნაცვლად ესაუბრებოდნენ ადამიანებს. მხოლოდ და მხოლოდ ასეთ შემთხვევაში მიაგებდნენ ადამიანები ანგელოზებს ისეთ პატივს, როგორც ღმერთს; ისინი მათ ღმერთად მოიხსნეიებდნენ და ისე მიმართავდნენ, თითქოსდა უშუალოდ ღვთისთვის მიემართათ. ერთმა ბიბლიის მკვლევარმა ამ საკითხებთან დაკავშირებით აღნიშნა: «ღვთის დიდებული წარმომადგენლის გამოცხადებისას ისეთივე სიტყვები რომც ეთქვა თომას, როგორიც მანოახმა თქვა: ‘მოვკვდები, რადგან ღმერთი ვიხილეო’, ვერც მკვდრეთით აღმდგარი ღვთის ძე იქცეოდა სამყაროს უზენაეს ღმერთად და ვერც ის ანგელოზი, რომელიც მანოახისა და მისი მეუღლის თვალწინ  მაღლა ავიდა ალთან ერთად».

8 სხვა მაგალითს წარმოადგენენ იუდეველი მსაჯულები. ისინი ღმერთმა განსაკუთრებული ძალაუფლებებით აღჭურვა, რისი საშუალებითაც მსაჯულები ისე მოქმედებდნენ ისრაელში, როგორც ღმერთი, რომელიც სამართალს აღასრულებს. ამიტომ ღმერთმა თავად უწოდა ადამიან მსაჯულებს „ღმერთები“. ფსალმუნის 82:6-ე მუხლში ჩაწერილია ის სიტყვები, რომელიც ღმერთმა იუდეველი მსაჯულების მიმართ წარმოთქვა: «ვთქვი: „თქვენა ხართ ღმერთები, ყველანი უზენაესის ძეები ხართ.“»

9 მსგავსადვე, როცა იესო შეეცადა იუდეველებისთვის დაენახვებინა, რომ ღვთის წარმომადგენლად იყო დაყენებული და ღვთის სიტყვებს გადასცემდა ადამიანებს, ის თავისსა და ღმერთს შორის არსებულ ახლო ურთიერთობაზეც საუბრობდა, და ბრწყინვალედ გამოიყენა ღვთის ნათქვამი სიტყვები ურჩ იუდეველებთან საუბრისას. მათ იუდეველებს ზუსტად უთხრა: «განა თქვენს კანონში არ წერია: „მე ვთქვი: თქვენა ხართ ღმერთები“? თუ მან ღმერთები უწოდა მათ, ვის წინააღმდეგაც იყო ღვთის სიტყვა, და ამით წმინდა წერილები არ უქმდება, ნუთუ მას, ვინც მამამ განწმინდა და ქვეყნიერებაზე გამოგზავნა, ეუბნებით, მკრეხელობო, რადგან ვთქვი, ღვთის ძე ვარ-მეთქი? თუ მამაჩემის საქმეებს არ ვაკეთებ, ნუ მერწმუნებით, მაგრამ თუ ვაკეთებ, მე თუ არ მერწმუნებით, საქმეებს მაინც ერწმუნეთ, რათა გაიგოთ და იცოდეთ, რომ მამა ერთობაშია ჩემთან, მე კი — მამასთან».

რაზე მოწმობს ყოველივე ზემოთქმული?

10 ბიბლიაში ჩაწერილი ცნობები და ამ სტატიაში მოკლედ განხილული ბიბლიური მუხლები ადასტურებენ, რომ ანგელოზები „ღვთის ძეები“ არიან (იობი 38:4,7) და რომ ისინი ღვთის ქმნილებებს წარმოადგენენ; რომ ღმერთი მათ თავის წარმომადგენლებად, სიტყვის გადამცემებად და თავისი ნების შესასრულებლად იყენებს. აგრეთვე დავინახეთ, რომ ანგელოზები ადამიანებზე მაღლა დგანან. (2 პეტ. 2:11; ებრ. 2:6,7) და რომ ბიბლიურ დროში, როცა ანგელოზები ღვთის წარმომადგენლად მსახურობდნენ და ადმაიანებს ღვთის სახელით ესაუბრებოდნენ, ისე ესაურბოდბნენ, თითქოსდა ღმერთი საუბრობდა და შესაბამისად ადამიანებიც ისე ესაუბრებოდნენ მათ და ისეთ პატივს მიაგებდნენ ანგელოზებს, როგორც ღმერთს.

11 ამგვარი ვითარება წარსულში იმით იყო განპირობებული, რომ ანგელოზები უფლებამოსილნი იყვნენ შემოქმედის წარმომადგენლად ემსახურათ, ემოქმედათ და ესაუბრათ ისე, როგორც ღმერთი. მართალია ბიბლიის თანახმად ღმერთი ერთადერთია და მისი სახელია იეჰოვა (ფს. 83:18; გამოს. 3:15; ესაია 42:8), კვლავ ბიბლია ცხადყოფს, რომ წარსულში ღმერთი თავის ერთგულ ქმნილებებს იმ მიზნისთვისაც იყენებდა, რომ მის ნაცვლად ისე ესაუბრათ, თითქოს ღმერთი საუბრობდა.

12 დღეს მდგომარეობა სხვანაირია. ამჟამად ანგელოზები ქრისტეს ემორჩილებიან (1 პეტ. 3:22) და ადამიანთა წინაშე უკვე ღვთის შემოქმედების დასაწყისი — იესოა დაყენებული ღვთის წარმომადგენლად (საქმეები 3:22; მათე 17:5; გამოცხ.3:14; იოანე 1:18; შეადარეთ ამას გამოსვლა 7:1), რომელიც ღვთის ნაცვლად საუბრის სრული უფლებამოსილებითაა აღჭურვილი. (მათე 28:18). თუმცა, ანგელოზებიც და იესოც, დღემდე ღვთის მსახურები არიან, ბიბლიური დროისგან განსხვავებით, დღეს ღმერთი აღარ აგზავნის მათ დედამიწაზე თავისი ნების გასაცხადებლად. (გალატ. 1:8,9; გამოცხადება 22:18,19). ამჟამად ღმერთი კაცობრიობას თავისი სრულყოფილი სიტყვით, ბიბლიით „ესაუბრება“, რომელ სიტყვაზეც იესომ თქვა: „შენი სიტყვა ჭეშმარიტებაა“. (იოანე 17:17). ღვთის სიტყვის, ბიბლიის წერა, იესო ქრისტეს მიმდევრების მიერ პირველი საუკუნის მიწურულს დასრულდა და „სასარგებლოა სასწავლებლად, შესაგონებლად, გამოსასწორებლად და სიმართლეში აღსაზრდელად, რათა ღვთის კაცი ყველაფერში ჩახედული და ყოველმხრივ მომზადებული იყოს ნებისმიერი კარგი საქმისთვის“. (2 ტიმ. 3:16).

არიან კი სინამდვილეში ღვთის წარმომადგენლები ღმერთები?

13 როგორც უკვე აღინიშნა წინამდებარე სტატიაში, ღვთის წარმომადგენელი ანგელოზები წარსულში ღვთის დავალებით დედამიწაზე ჩამოდიოდნენ, ადამიანებს ეცხადებოდნენ და ღვთის ნაცვლად ისეთი სახით ესაუბრებოდნენ ადამიანებს, თითქოსდა უშუალოდ ღმერთი საუბრობდა; ამგვარი საუბრებისას კი ადამიანები ისეთ პატივს მიაგებდნენ ანგელოზებს, როგორც ღმერთს. როცა ღვთის წარმომადგენელი ანგელოზი ადამიანს ეცხადებოდა, პატივისცემის ნიშნად ადამიანი ხშირად მუხლს იდრეკდა ანგელოზის წინაშე და ისე ღებულობდა და ისე ექცეოდა მას, როგორც ღმერთს.

14 ანგელოზები თავმდაბლები იყვნენ. ისინი არ ცდილობდნენ ღვთისთვის მიგებული პატივისცემა ანდა თაყვანისცემა საკუთრად მიეღოთ. ღვთისადმი ერთგულებიდან და ძლიერი სიყვარულიდან გამომდინარე, ანგელოზები არ ღებულობდნენ ისეთი სახის პატივისცემას ან თაყვანისცემას, რომელიც უშუალოდ მათდამი იყო მიმართული და არა ღვთისადმი. (წაიკითხეთ გამოცხადება 19:10; 22:8,9; შეადარეთ გამოცხ. 7:9-12). სინამდვილეში ანგელოზთაგან მცირედმა თუ განაცხადა თავისი სახელი. მაგალითად, როცა იაკობი ანგელოზს ერკინებოდა, ანგელოზმა არ უთხრა მას თავისი სახელი. (დაბ. 32:29). სხვა შემთხვევაში, ერთმა ანგელოზმა, თქვა რომ ‘იეჰოვას ლაშქრის მეთაური ვარო’, მაგრამ სახელი არ გაუმხელია. როცა სამსონის მშობლებმა ანგელოზს სახელი ჰკითხეს, ანგელოზმა უპასუხა: „სახელს რატომ მეკითხები? საოცარია ეს სახელი“. (მსაჯ. 13:17,18). ანგელოზებს არ სურდათ რომ ადამიანებს გაეკეპებინათ ისინი და თაყვანისცემის ობიექტად ექციათ. ამგვარი მოქმედება ღვთისთვის მიუღებელია. სწორედ ამიტომ, ღვთის წარმომადგენლები მაქსიმალურად ცდილობდნენ ხოლმე, რომ თავიანთი თავის შესახებ იმაზე მეტი არ გაემჟღავნებინათ, რაც ზეციდან მოვლენილი ღვთის ძეებისადმი თაყვანისცემას შეუწყობდა ხელს. მარკოზი მოვითხრობს: ერთხელ «ერთმა კაცმა მიირბინა მასთან [იესოსთან], მუხლებზე დაეცა და ჰკითხა: „კარგო მოძღვარო, რა უნდა გავაკეთო, რომ მარადიული სიცოცხლე დავიმკვიდრო?“ იესომ მიუგო: „რატომ მიწოდებ კარგს? არავინ არის კარგი, გარდა ერთისა, ღვთისა.“» (მარკოზი 10:17,18). მიუხედავად იმისა, იესო ღვთის დიდებული წარმომადგენელი და მესია იყო, საჯაროდ ასწავლიდა, რომ თაყვანისცემა მხოლოდ ღმერთს ეკუთვნის! (მარკოზი 12:28-31).

15 და ბოლოს, იბადება კითხვა: იყვნენ კი სინამდვილეში ღვთის წარმომადგენლები (ღვთის ზეციერი ძეები, ანგელოზები) ღმერთები? არა! მაგრამ როცა ბიბლიურ დროში ანგელოზები ღვთის სახელით ეცხადებოდნენ და ღვთის ცნობებს გადასცემდნენ ადამიანებს, ისეთი პატივისცემით უნდა მოპყრობოდნენ ადამიანები მათ, როგორ პატივისცემასაც ღვთისადმი გამოავლენდნენ. ადამიანების მხრიდან ანგელოზებისადმი უპატივისმცემლობის გამოვლენა, ღვთისადმი უპატივისმცემლობა იქნებოდა, რასაც ცხადია ღმერთი არ მოიწონებდა. (1 იოანე 2:23). სწორედ ამიტომ თქვა იესომ: ყველამ პატივი სცეს ძეს, როგორც მამას სცემენ პატივს.ვინც ძეს არ სცემს პატივს, არც მამას სცემს პატივს, რომელმაც ის გამოგზავნა.ჭეშმარიტებას, ჭეშმარიტებას გეუბნებით: მას, ვინც ჩემს სიტყვას ისმენს და სწამს ჩემი გამომგზავნელი, მარადიული სიცოცხლე აქვს და მისი გასამართლება არ ხდება, არამედ სიკვდილიდან სიცოცხლეშია გადასული.იოანე 5:23,24.

16 რა თქმა უნდა ღვთის ძეები, რომლებიც ღვთის წარმმადგენლებად იყვნენ დაყენებულნი ღვთის მიერ, არ არიან ღმერთები, მაგრამ ადამიანებს მათთვის პატივი უნდა ეცათ, როგორც ღვთისთვის, რადგან ღმერთი მათი მეშვეობით საუბრობდა.

17 ერთხელ, როცა სატანამ სასწაულის გამოყენებით მსოფლიოს ყველა სამეფო აჩვენა იესოს და უთხრა: „ყოველივე ამას შენ მოგცემ, თუ დამხობილი თაყვანს მცემ“, იესომ ღვთისადმი ერთგულება არჩია და თქვა: «გამშორდი, სატანა! რადგან დაწერილია: „იეჰოვას, შენს ღმერთს ეცი თაყვანი და მხოლოდ მას შეუსრულე წმინდა მსახურება“». (მათე 4:8-10; ლუკა 4:5-8). მოსეს რჯულიდან ამ სიტყვების ციტირებით, იესომ პირდაპირ აღნიშნა, რომ თაყვანისცემა მხოლოდ იეჰოვა ღმერთს ეკუთვნის და სხვა არავის სამყაროში! ადამიანი უნდა ასხვავებდეს ღმერთს და ღვთის წარმომადგენლებს ერთმანეთისგან. ღვთის ძეები, ანუ ანგელოზები არ არიან ღმერთები და არც ღვთის ნაწილს წარმოადგენენ. მაგრამ ადამიანებისთვის ისინი იყვნენ როგორც ღმერთი და ეს ასე იყო მხოლოდ მაშინ, როცა ღვთის ნაცვლად საუბრობდნენ.

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s