გალერეა

ღმერთი თავისი სახელის მნიშვნელობას აცხადებს

ღმერთი თავისი სახელის მნიშვნელობას აცხადებს

რას ნიშნავს სიტყვები: „ეჰიეჰ აშერ ეჰიეჰ“?

1 ბიბლიის დედნისეულ ტექსტში, გამოსვლის 3:14-ში წერია ებრაული ფრაზა: „אֶהְיֶה אֲשֶׁר אֶהְיֶה“ (ეჰიეჰ აშერ ეჰიეჰ), რომელიც ბიბლიაში დაახლოებით 7000-ჯერ ჩაწერილი ღვთის სახელის „იეჰოვას“ მნიშვნელობას გამოხატავს. მოდით ერთად განვიხილოთ თუ რას ნიშნავს გამოსვლის 3:14-ში ჩაწერილი ეს ებრაული ფრაზა.

2 ღვთის ერთგულ მოსესაც კი, რომელმაც იცოდა და იყენებდა ღვთის სახელს, ესაჭიროებოდა უფრო მეტი გაეგო მის შესახებ. მოსე ლოცულობდა: „ახლა, თუ ვპოვე მადლი შენს თვალში, მაუწყე შენი გზები, რომ შეგიცნო შენ, რათა ვპოვო მადლი შენს თვალში“ (გამოსვლა 33:13). მოსეს სურდა, გაეგო მეტი, ვიდრე უბრალოდ ღვთის სახელი — იეჰოვა. მას უნდოდა სცოდნოდა, როგორი თვისებები ჰქონდა ამ სახელის მატარებელ ღმერთს და როგორ შეიძლებოდა მისთვის ესიამოვნებინა. ასეთი თხოვნის გამო მოსე უდიდესი პატივით დააჯილდოვა ღმერთმა, როცა გამოეცხადა მას და თავისი სახელის მნიშვნელობა აუხსნა (გამოსვლა 3:14; 33:19; 34:5—7). ახლა კი დეტალურად განვიხილოთ მოსესა და ღმერთს შორის შემდგარი დიალოგი, რომლის დროსაც ღმერთმა თავისი სახელის მნიშვნელობა პირველად განუცხადა ადამიანს.

3 ეს დიალოგი განხორციელდა მაშინ, როცა მოსე იყო დაახლოებით 80 წლის (და აქედან ოთხი ათწლეულის განმავლობაში მოკვეთილი იყო თავისი ხალხისგან, ისრაელებისგან, რომლებიც მონები იყვნენ ეგვიპტეში). ერთხელ, როცა თავისი სიმამრის ცხვარს აბალახებდა, საოცარი რამ იხილა. მაყვლის ბუჩქი ცეცხლის ალში იყო გახვეული, მაგრამ არ იწვოდა და შუქურასავით კაშკაშებდა მთის კალთაზე. მოსე მიუახლოვდა ბუჩქს, კარგად რომ შეეთვალიერებინა. ალბათ, მის გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა, როცა ხმა მოესმა ცეცხლის შუაგულიდან! მაშინ ღმერთმა და მოსემ ანგელოზის მეშვეობით ისაუბრეს. და როგორც ალბათ იცით კიდეც, ღმერთმა დაავალა მოსეს, რომელიც თავიდან მერყეობდა, მიეტოვებინა თავისი მშვიდი ცხოვრება და ეგვიპტეში დაბრუნებულიყო, რათა მონობისგან ეხსნა ისრაელი (გამოსვლა 3:1—12).

4 ღმერთმა მოსეს უთხრა: „ვიხილე ეგვიპტეში ჩემი ხალხის ჩაგვრა და მოვისმინე მათი ღაღადი, რადგან სამუშაოდ მიერეკებიან. კარგად ვიცი, რა ტკივილსაც განიცდიან… მომწვდა ისრაელის ძეთა ღაღადი და ვიხილე, როგორ ჩაგრავენ მათ ეგვიპტელები. ახლა გაგგზავნი ფარაონთან, რომ გამოიყვანო ეგვიპტიდან ჩემი ხალხი, ისრაელის ძეები“. (გამოსვლა 3:7,9—10). ახლა მოსეს შეეძლო ნებისმიერი კითხვა დაესვა ღვთისთვის. მაგრამ ყურადღება მიაქციეთ იმას, თუ რა ჰკითხა: „კარგი, მივედი ისრაელიანებთან და ვუთხარი, თქვენი მამა-პაპის ღმერთმა გამომგზავნა-მეთქი. თუ მკითხეს მისი სახელი, რა ვუპასუხო?“ (გამოსვლა 3:13).

5 ეს კითხვა, უპირველესად იმას იუწყება, რომ ღმერთს აქვს სახელი, რომელსაც უგულისყუროდ არ უნდა მოეკიდონ ადამიანები. (წაიკითხეთ გამოსვლა 20:7). თუმცა, ბევრი ღვთის სახელისადმი უპატივისმცემლობას ავლენს. მათ ღვთის სახელი ბიბლიის უამრავი თარგმანიდან ამოიღეს და ისეთი წოდებებით შეცვალეს, როგორიცაა „უფალი“ და „ღმერთი“. ერთ-ერთი ყველაზე სამწუხარო და ყველაზე საძრახისი მიზეზი ისიც არის, რომ ასე რელიგიური მოსაზრებებიდან გამომდინარე მოიქცნენ. ბოლოს და ბოლოს, როცა ვინმეს ეცნობი, პირველად რას აკეთებ? განა სახელს არ ეკითხები? ასეა მაშინაც, როცა ღმერთს ეცნობი. ის არ არის უსახელო და არც შორს უჭირავს თავი ადამიანებისგან. მიუხედავად იმისა, რომ ღმერთი უხილავია, ადამიანს შეუძლია ახლოს გაეცნოს მის პიროვნებას და იცოდეს, რომ მას აქვს სახელი — იეჰოვა, რომელიც ღრმა მნიშვნელობის მატარებელია.

6 უფრო მეტიც, ღვთის მიერ საკუთარი სახელის გამჟღავნება რაღაც დიდებულსა და ამაღელვებელს მოასწავებს. ამგვარი ქმედებით, ღმერთი თავისთან გასაცნობად იხმობს ადამიანებს. მას სურს, საუკეთესო არჩევანი გააკეთონ ადამიანებმა თავიანთ ცხოვრებაში — დაუახლოვდნენ ღმერთს.  სინამდვილეში ღმერთმა ადამიანებისთვის  თავისი სახელის გამჟღავნებაზე მეტი გააკეთა. მან თავისი სახელის მნიშვნელობაც ახსნა.

ღვთის სახელის მნიშვნელობა

7 ღმერთმა მდიდარი მნიშვნელობის სახელი აირჩია. სახელი „იეჰოვა“ სიტყვასიტყვით ნიშნავს „აქცევინებს“. იგი ყოველივეს შემოქმედია, რაც, თავისთავად, ღრმა პატივისცემასა  და მოწიწებას უნერგავს ადამიანს. მაგრამ ალბათ იკითხავთ, მხოლოდ ესაა ღვთის სახელის ძირითადი მნიშვნელობა? მოსეს სურდა, უფრო მეტი გაეგო ამის თაობაზე. ფაქტია, რომ მისთვის ღვთის სახელი არ იყო უცხო ან ახალი; ღვთის სახელს ხალხი მოსეს დაბადებამდე გაცილებით ადრე, საუკუნეების მანძილზე ახსენებდა. უდავოდ, როცა ღმერთს სახელს ეკითხებოდა, მოსეს ამ სახელით წარმოდგენილი პიროვნება უფრო აინტერესებდა. ის, ფაქტობრივად, ამბობდა: „რა ვუთხრა შენზე შენს ხალხს, ისრაელს, შენდამი რწმენის მოსამატებლად და იმაში დასარწმუნებლად, რომ ნამდვილად იხსნი მათ?“.

8 ღმერთმა თავისი პასუხით ახსნა საკუთარი სახელის მნიშვნელობა. მან უთხრა მოსეს: „მე ვიქცევი იმად, რადაც ვიქცევი“(გამოსვლა 3:14). ბიბლიის მრავალ თარგმანში, მათ შორის საქართველოს საპატრიარქოს გამოცემაშიც, ამ მუხლს ასე ვკითხულობთ: „მე ვარ, რომელიც ვარ“. მაგრამ ამ სიტყვებს ზუსტად თარგმნის „ახალი ქვეყნიერების თარგმანი“, რომელიც გვიჩვენებს, რომ ღმერთი უბრალოდ კი არ ადასტურებდა თავის არსებობას, არამედ უხსნიდა მოსეს, რა იგულისხმებოდა ამ სახელში. იეჰოვა „იქცეოდა“ იმად, რადაც საჭირო იქნებოდა, რომ შეესრულებინა თავისი დაპირებები. მაგალითად, ჯოზეფ როდერემის თარგმანში კარგად ჩანს ამ მუხლში ჩაწერილი ებრაული ფრაზის ზუსტი მნიშვნელობა: „რადაც მსურს იმად ვიქცევი“ (I Will Become whatsoever I please). ბიბლიის ძველებრაული ენის ერთი სპეციალისტი ასე განმარტავს ამ გამოთქმას: «როგორიც უნდა იყოს მდგომარეობა, ანდა საჭიროება რისამე… ღმერთი „იქცევა“ ამ საჭიროების დამაკმაყოფილებლად».

9 მიუხედავად იმისა, რომ ბიბლიის თარგმანთა უმრავლესობაში გამოსვლის 3:14 თარგმნილია როგორც „მე ვარ, რომელიც ვარ“, ბიბლიის მთარგმნელთა გარკვეული ნაწილი გამოსვლის 3-ე თავის 14-ე მუხლის სქოლიოში შენიშვნას აკეთებს, რომ ამ მონაკვეთში ჩაწერილი ებრაული სიტყვების  „אֶהְיֶה אֲשֶׁר אֶהְיֶה“ (ეჰიეჰ აშერ ეჰიეჰ) სიტყვა-სიტყვითი თარგმანია: „მე ვიქნები რომელიც ვიქნები“. მაგალითის სახით მხოლოდ რამოდენიმე ასეთ თარგმანს და ავტორიტეტულ წყაროს დავასახელებ:

  1.  „American Standard Version“ გამოსვლის 3:14-ის სქოლიოში ამ მუხლის სიტყვასიტყვით თარგმანს სთავაზობს მკითხველს: „მე ვიქნები რომელიც ვიქნები“ (I will be that I will be).
  2. მსგავსადვე, „New International Version Study Bible“-ში გამოსვლის 3:14-ის სქოლიოში ვკითხულობთ: „მე ვიქნები რაც ვიქნები“ (I will be what I will be).
  3. ამერიკული ბიბლიის საზოგადოების მიერ გამოცემული „Today’s English Version“-ის , გამოსვლის 3:14-ის სქოლიოში ვკითხულობთ: „მე ვიქნები რომელიც ვიქნები“ (I will be that I will be).
  4. მსგავსადვე, 1978 წელს გამოცემულ ბიბლიის თარგმანში  „New International Version“-ის , გამოსვლის 3:14-ის სქოლიოში ვკითხულობთ: „მე ვიქნები რომელიც ვიქნები“ (I will be that I will be).
  5. იუდაური პუბლიკაციების საზოგადოების მიერ (The Jewish Publication Society) გამოცემული, ებრაელი სწავლულის ისააკ ლესსერის ბიბლიის თარგმანში, გამოსვლის 3:14-ში ვკითხულობთ: „მე ვიქნები ვინც ვიქნები“ (I will be who I will be).
  6. უფრო მეტიც, ავტორიტეტულ წყაროებში, გამოსვლის 3:14 გადათარგმნილია შემდეგნაირად: „მე ვიქნები რომელიც ვიქნები“ (I will be that I will be) ანდა „მე ვიქნები ვინც ვიქნები“  (I will be who I will be). მაგალითად, იოსებ მაგილის „Englishman’s Hebrew-English Old Testament“-ში გამოსვლის 3:14 ასეა  გადათარგმნილი: „მე ვიქნები რომელიც ვიქნები“ (I will be that I will be).
  7. ანალოგიურად, დ-რი ჯ.ჰ. ჰერცის (რომელიც ყოფილი მთავარი რაბინი გახლდათ) მიერ შესწორებულ ნაშრომში („The Pentateuch And Haftorahs: Hebrew Text, English Translation And Commentary, London 1956), გამოსვლის 3:14-ის კომენტარში ნათქვამია:  „Most moderns follow Rashi in rendering [Hebrew – ehyeh asher ehyeh] ‘I will be what I will be.’“ („მე ვიქნები რაც ვიქნები“).
  8. ბენიამინ დეივიდსონის ნაშრომი „Analytical Hebrew and Chaldee Lexicon“, გამოსვლის 3:14-ის ზუსტი თარგმანი შემდეგნაირადაა მოცემული: „მე ვიქნები რომელიც ვიქნები“ (I will be that I will be).
  9. ანალოგიურად, ნაშრომში „Gesenius Hebrew and English Lexicon“, გამოსვლის 3:14 ასეა თარგმნილი: „მე ვიქნები ის,  ვინც ვიქნები“ (I shall be the one who will be).
  10. 1915 წელს გამოცემული ნაშრომი „საერთაშორისო სტანდარტული ბიბლიის ენციკლოპედია“ (International Standard Bible Encyclopedia) მკითხველს ამცნობს, რომ გამოსვლის 3:14-ის უფრო ზუსტი თარგმანია „მე ვიქნები რომელიც ვიქნები“ (I will be that I will be).

10 ამგვარად, სამეცნიერო ნაშრომებში და ავტორიტეტულ ლექსიკონებში გამოსვლის 3:14-ში ჩაწერილი ებრაული ფრაზა: „אֶהְיֶה אֲשֶׁר אֶהְיֶה“ (ეჰიეჰ აშერ ეჰიეჰ), — რომელიც ღვთის სახელის მნიშვნელობას გადმოგვცემენ — ითარგმნება როგორც „მე ვიქნები რომელიც ვიქნები“ (I will be that I will be) და არამე ვარ რომელიც ვარ“ — რაც ბიბლიების უმეტეს გამოცემებში ტრადიციულ არაზუსტ თარგმანს წარმოადგენს. ქართულ ენაზე გამოცემული ბიბლიებიდან მხოლოდ ბიბლიის „ახალი ქვეყნიერების თარგმანი“ გადმოსცემს გამოსვლის 3:14-ში ჩაწერილი  ებრაული ფრაზის ზუსტ არსს „მე ვიქცევი იმად, რადაც ვიქცევი“, რაც მკითხველს იმის გაგებაში ეხმარება, თუ რას ნიშნავს სინამდვილეში მოსესთვის გაცხადებული ღვთის სახელი.

11 ებრაული ენის გრამატიკის თანახმად, ღვთის სახელი „יהוה“-ს ფუძე „הוה“ („“) ზმნაა და ნიშნავს „გახდომას“,„გადაქცევას“. ვინაიდან ზმნა „“ („გახდომა“,„გადაქცევა“) კაუზატიურ (ჰიფილის) ფორმაში დგას, შემოქმედის პირადი სახელი სიტყვასიტყვით ნიშნავს: „აქცევინებს“. შენიშნეთ, რომ მასში ყურადღება არ მახვილდება შემოქმედის უსასრულო ‘ყოფნაზე’ (რომ ის არსებობს) ანდა ‘მე ვარ’-ზე, როგორც ეს შეიძლება ზოგს ჰგონია, როცა კაუზატიურ ფორმაში მდგარ ზმნას „აქცევინებს“ არასწორად გადმოცემენ სიტყვებით ‘მე ვარ რომელიც ვარ’.

12 ღვთის სახელი დაკავშირებულია შემოქმედის განზრახვასთან და არა უბრალოდ მის არსებობასთან. როგორც ებრაული ენის სპეციალისტები განმარტავენ, ებრაულ ზმნას ძირითადად მხოლოდ ორი ასპექტი აქვს; და ერთი მათგანი, რომლითაც გადმოიცემა შემოქმედის სახელი, „აღნიშნავს მოქმედებებს. . . განვითარების პროცესში. ის არ გამოხატავს მოქმედების მხოლოდ ხანგრძლივობას. . . არამედ მის განვითარებას მისი დაწყებიდან დასრულებამდე“ ― განმარტავს ებრაული ენის სპეციალისტი რობერტ კენეტი ნაშრომში „A Short Account of the Hebrew Tenses“.

13 ღმერთი თავისი სახელის მნიშვნელობის საშუალებით ადამიანებს ამცნობს, რომ ის მოქმედებს თავისი განზრახვების სისრულეში მოსაყვანად და იქცევა იმად, რადაც თვითონ სურს, რათა თავისი განზრახვები სისრულეში მოიყვანოს. „საერთაშორისო სტანდარტული ბიბლიის ენციკლოპედია“ ღვთის სახელის მნიშვნელობაზე დეტალურად საუბრობს; იგი განმარტებას აკეთებს  გამოსვლის 3:14-ში ჩაწერილ სიტყვებზე, და ამბობს რომ «more accurately translated „I will be what I will be“, a Semitic idiom meaning, „I will be all that is necessary as the occasion will arise“» რაც ქართულად ასე შეიძლება გადმოვთარგმნოთ: «უფრო ზუსტი თარგმანია „მე ვიქნები რაც ვიქნები“, რომელიც სემიტური იდიომაა და ნიშნავს „მე ყველაფერი ვიქნები, რაც აუცილებელია ამა თუ იმ ვითარებიდან გამომდინარე რომ ვიყო».

14 აქედან ვიგებთ, რომ თანმიმდევრული მოქმედებით ის ხდება საკუთარი განზრახვების შემსრულებელი. ამგვარად, ღმერთი წარმოგვიდგენს თავის პიროვნებას, როგორც დიდებულ განმზრახველს. ის ყოველთვის ისე მოქმედებს, რომ მისი განზრახვები რეალობად იქცეს. ცხადია, რომ მხოლოდ ჭეშმარიტ ღმერთს შეუძლია სამართლიანად ატაროს ეს სახელი, რადგან ადამიანებს არასოდეს შეუძლიათ იყვნენ დარწმუნებული, რომ მათი გეგმები წარმატებით განხორციელდება (იაკობი 4:13, 14). მხოლოდ იეჰოვას შეუძლია თქვას: ‘ასევე იქნება ჩემი სიტყვა, რომელიც გამოდის ჩემი პირიდან. . . აღასრულებს ჩემს ნებას და მიაღწევს იმას, რისთვისაც მივავლინე’ (ესაია 55:11).

Advertisements

One response to “ღმერთი თავისი სახელის მნიშვნელობას აცხადებს

  1. გამოხმაურება: „მე ვარ, რომელიც ვარ“ | რწმენა და თქვენი მომავალი

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s