გალერეა

სიბნელიდან სინათლისაკენ!

სიბნელიდან სინათლისაკენ!

„სინათლე კიდევ ცოტა ხანს იქნება თქვენ შორის. იარეთ, სანამ სინათლე გაქვთ, რათა სიბნელემ არ მოგიცვათ. სიბნელეში მოსიარულემ არ იცის, საით მიდის— თქვა იესო ქრისტემ

1 მკითხველი დამეთანხმება, რომ სივრცეში მზიდან გამომავალი უზარმაზარი ენერგია ვრცელდება და ენერგიის ნაწილი სინათლისა და სითბოს სახით გამოიყოფა; თუმცა ჩვენამდე ამ ენერგიის ძალიან მცირე რაოდენობა აღწევს მზის სინათლის სახით, დედამიწაზე სიცოცხლის არსებობა, სწორედ ამის წყალობით არის შესაძლებელი. სამეცნიერო სახელმძღვანელოში არაერთი გვერდი დათმობია ფოტოსინთეზად წოდებული პროცესის თითოეული დეტალისა და ეტაპის ახსნას. მაგრამ ამ თემაში მკითხველის ყურადღება, სხვა სახის სინათლეზე მსურს გადავიტანო — სულიერ სინათლეზე. ბიბლიის თანახმად, სულიერი სინათლის მატარებელი და შესაბამისად მანათობელი, მხოლოდ იმ ადამიანს ან ადამიაენებს შეიძლება ეწოდოს, რომლებიც ქრისტესტიანობის ფუძემდებლის — იესო ქრისტეს სწავლებებს ასწავლის.

2 იესო ქრისტემ თქვა: ფხიზლად იყავი, შეიძლება შენში მყოფი სინათლე სიბნელე იყოს. ეს ნიშნავს იმას, რომ ადამიანი რომელსაც ჰგონია რომ რელიგიურ ჭეშმარიტებას ასწავლის, სინამდვილეში პირიქით იყოს. იესომ აგრეთვე თქვა: „მე ქვეყნიერების სინათლე ვარ. ვინც გამომყვება, სიბნელეში აღარ ივლის. ეს სიტყვები კი იმას ნიშნავს, რომ ადამიანები, რომლებიც არ არიან იესო ქრისტეს მიმდევრები, რელიგიური თვალსაზრისით კვლავ მცდარი მრწამსის მატარებელები არიან; ხოლო ისინი, რომელიც იესო ქრისტეს მიმდევარები არიან, სულიერ სინათლეში იმყოფებიან, ანუ ღვთის მოსაწონი რწმენა აქვთ და სწორი რელიგიური თვალსაზრისის მატარებლები არიან. იესომ მსმენელებს ასეთი სიტყვებიც უთხრა: ჩემით არაფერს ვაკეთებ, არამედ როგორც მამამ მასწავლა, ისე ვლაპარაკობდა როგორც მე გამომგზავნა ცოცხალმა მამამ და მისით ვცოცხლობ, ასევე იცოცხლებს ჩემით ის, ვინც ჩემით საზრდოობს“; „სინათლე კიდევ ცოტა ხანს იქნება თქვენ შორის. იარეთ, სანამ სინათლე გაქვთ, რათა სიბნელემ არ მოგიცვათ. სიბნელეში მოსიარულემ არ იცის, საით მიდის. სანამ სინათლე გაქვთ, ირწმუნეთ სინათლე, რათა სინათლის ძეები გახდეთ“.

3 იესოს ეს სიტყვები იმაზე მიუთითებდა, რომ სანამ ის ადამიანებთან იმყოფებოდა, ადამიანებს უნდა ესარგებლათ მისით და მისი გამომგზავნელი შემოქმედი ღმერთისგან გამომავალი რელიგიური სწავლებებისთვის — რომელიც მხოლოდ იესოს საშუალებით შეიძლებოდა მიეღოთ ადანიანებს — სათანადო ყურადღება გამოევლინათ, მხედველობაში მიეღოთ და დაეფასებინათ, რათა აღარ ყოფილიყვნენ ცრუ რელიგიური შეხედულებების ქვეშ და ღვთის შესახებ სწორი ცოდნის მიღებით ღვთისმოსაწონი რწმენა განევითარებინათ. სწორედ აქედან გამომდინარე, იესოს ერთერთმა მიმდევარმა, დაწერა: «ღმერთმა თქვა: „გამოანათოს სინათლემ სიბნელიდან“ და გაანათა ჩვენი გულები, რომ ქრისტეს სახით გაებრწყინებინა ისინი ღვთის შესახებ დიდებული ცოდნით».

4 როგორც ბიბლიიდან, ისე სხვა ისტორიული წყაროებიდან ცნობილია, რომ ადამიანთა მხოლოდ მცირე ნაწილმა გამოავლინა გონივრულობა, რათა იესო ქრისტეს პირით გაცხადებული სწავლებით ესარგებლა. სინამდვილეში უმრავლესობამ არ გაამახვილა ღვთიურ სწავლებებზე სათანადო ყურადღება და არ დააფასა ის. უმრავლესობამ იესო ქრისტე უარყო. უფრო მეტიც, იესოს უარმყოფელთა გარკვეულმა ნაწილმა, უარყო კიდეც იგი და ბოლოს ტანჯვა-წამებით მოკლა. ქყეყნიერებამ არ მიიღო სულიერი სინათლე. ფაქტიურად ზუსტად ისე მოხდა, როგორც იესოს მიმდევარმა, მოციქულმა იოანემ დაწერა: ქვეყნიერებაზე სინათლე მოვიდა, მაგრამ ხალხმა სინათლის ნაცვლად სიბნელე შეიყვარა — იოანე 3:19.

5 ქრისტიანობის დაფუძნების შემდეგ საუკუნეების მანძილზე განვითარებულმა ისტორიულმა მოვლენებმა ნათელყო, რომ ქვეყნიერებაში ვითარება არ შეცვლილა და ისევე როგორც ქვეყნიერებაში მცხოვრებთა უმრავლესობამ, ისე ქრისტიანული სამყაროს ეკლესიებმა, უარყო იესო ქრისტე და მისი სწავლებები. დღეს, მსოფლიოში ერთადერთი რელიგიური ორგანიზაციაა, რომელიც ამის შესახებ ყველგან დაუღალავად ქადაგებს. ამასთან ერთად, ალბათ ყველას ხშირად გვსმენია ნომინალური ქრისტიანული ეკლესიის წარმომადგენლებისგან სრულიად საპირისპირო მოსაზრება, რომლებიც კითხვის სახით აცხადებენ ხოლმე:

„ნუთუ საუკუნეების მანძილზე სიბნელეში ვიყავით და ჩარლზ რასელი და იეჰოვას მოწმეები მოგვევლინენ იმად, რომლებმაც ჩვენში არსებული რელიგიური სიბნელე დაინახეს და გამოააშკარავეს და მოწმეებამდე არავინ იყო, ვინც ამ ყველაფერს დაგვანახვებდა და მიგვითითებდა“-ო?

6 ფაქტია, რომ არც ჩარლზ ტეიზ რასელი და არც იეჰოვას მოწმეები, არ ყოფილან პირველები, რომლებმაც ეს ყოველივე კვლევის საფუძველზე დაინახეს და გამოააშკარავეს. ადამიანი, რომელიც ქრისტიანული სამყაროს ისტორიას კარგად იცნობს, ზემოთ დასმული კითხვა აზრადაც კი არ მოუვა. მიზეზი ისაა, რომ სანამ ჩარლზ ტეიზ რასელი დაიბადებოდა და სანამ იეჰოვას მოწმეების თანამედროვე საქმიანობა დაიწყებოდა, გაცილებით ადრე ცხოვრობდნენ ისეთი ადამიანები, რომლებიც დაუფარავად აცხადებდნენ იმ ფაქტის შესახებ, რასაც ეს თემა მივუძღვენი.

7 ისტორია გვამცნობს იმ უამრავი ადამიანის შესახებ, რომლებსაც სიცოცხლის ფასად უჯდებოდათ ქრისტიანული სამყაროს ეკლესიების მხილება. ასეთ ადამიანებს ეკლესია არ ინდობდა და დაუფარავ ბრძოლას უცხადებდა. ახალი წელთაღრიცხვით პირველ ათასწლეულში, სწორედ ამის გამო, უამრავი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა ეკლესიამ. (იხილეთ თემა: „და აი, მე ყოველდღე თქვენთან ვარ ქვეყნიერების აღსასრულამდე“. – მათე 28:20.)

8 ახლა კი მინდა გავიხსენო მხოლოდ რამოდენიმე მათგანი მაინც, რომლებიც ახალი წელთაღრიცხვის მეორე ათასწლეულში ცხოვრობდნენ და რომლებიც ჩარლზ ტეიზ რასელის მსგავსად, კვლევის საფუძველზე იმ დასკვნამდე მიდიოდნენ, რომ ქრისტიანული სამყაროს ეკლესიებმა თავიანთი სწავლებითა და მოღვაწეობით, მკვეთრად გადაუხვიეს ქრისტეს გზიდან. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყნიერება, ანუ ხალხის უმრავლესობა მოწყვეტილი იყო სულიერ სინათლეს, მოაზროვნე და განათლებულ ადამიანებს შორის ისეთებიც იყვნენ, რომლებიც დროსა და ენერგიას არ ზოგავდნენ, რათა გულწრფელად და საგულდაგულოდ გამოეკვლიათ რელიგიური საკითხები და სულიერი სიბნელიდან გამოსულიყვნენ და სულიერი სინათლეში ყოფილიყვნენ. ასეთებს შორის იყვნენ:

9 არქიდიაკვანი ბერენგარ ტურელი (საფრანგეთი). ბერენგარი მოღვაწეობდა მე-11 საუკუნის დასაწყისში. არქიდიაკვანი ბერენგარ ტურელი ეკლესიიდან მოკვეთეს, რადგან მტკიცედ უარყოფდა ეკლესიის სწავლებას ტრანსუბსტანციის შესახებ და ბიბლიას ეკლესიურ ტრადიციებზე მაღლა აყენებდა.

10 პიტერ ბრუიელი და ჰენრი ლოზანელი. მე-12 საუკუნეში ცხოვრობდა ბიბლიური ჭეშმარიტების მოყვარული ორი ადამიანი — პიტერ ბრუიელი და ჰენრი ლოზანელი. პიტერმა უარი თქვა მღვდლობაზე, ვინაიდან ბიბლიას ვერ შეუსაბამა ჩვილების ნათლობა, ტრანსუბსტანციის, მკვდრებისთვის ლოცვებისა და ჯვრის თაყვანისმცემლობის ეკლესიური სწავლებები. 1040 წელს, პიტერს თავისი შეხედულებები სიცოცხლის ფასად დაუჯინეს; პიტერ ბრუიელი ცოცხლად დაწვეს. ბერი ჰენრი საჯაროდ ამხელდა ყოველივე იმ სიბინძურეს, რასაც ეკლესიაში ხედავდა და აკრიტიკებდა ეკლესიის ლიტურგიის არაბიბლიურ მხარეებს. ბერი ჰენრი 1148 წელს სატუსაღოში ჩააგდეს, სადაც სიცოცხლის ბოლომდე ამყოფეს.

11 ჯონ უიკლიფი. უიკლიფი დაიბადა დაახლ. 1320-1330 წლებში და გარდაიცვალა 1384 წელს. ჯონ უიკლიფი ხედავდა, რომ ეკლესიამ ქრისტიანულ კურსს გადაუხვია. ამიტომ ის ეკლესიაში არსებული არაბიბლიური ადათ-წესების, ძლიერი მამხილებელი გახდა. მაშინ როცა ბიბლიის ხალხისთვის გასაგებ ენაზე გადათარგმნას კრძალავდა ეკლესია, უიკლიფმა და მისმა პატარა ჯგუფმა ახალი, გასაგებ ენაზე თარგმნილი ბიბლია გამოსცეს და ბიბლიით ხელში, კარდაკარ ქადაგებდნენ!

12 მარტინ ლუთერი. ლუთერი დაიბადა 1483 წელს. იგი ღიად ამხელდა ეკლესიას გახრწნილებისა და არაბიბლიური სწავლებების გამო. ცნობილია, რომ 1517 წელს მან ვიტენბერგის ტაძრის კარებზე გააკრა თავისი 95 თეზისი ანუ პროტესტი, რითაც ეკლესიას რეფორმისკენ მოუწოდა. მიუხედავად იმისა, რომ ლუთერი და მისი თანამოაზრენი სრულად ვერც თვითონ წვდებოდნენ ჭეშმარიტ ქრისტიანულ სწავლებებს, ეკლესიაში არსებულ თვალთმაქცობაზე და უღვთო საქმეებზე დაუღალავად საუბრობდნენ და გულხელდაკრეფილნი არ მჯდარან.

13 უილიამ ტინდალი. ტინდალი დაიბადა დაახლოებით  1494  წელს და გარდაიცვალა 1536  წელს. ის არ ეპუებოდა ეკლესიისა და მთავრობის მხრიდან წინააღმდეგობას, და იმისათვის, რომ ბიბლია უბრალო ხალხისთვის, გასაგებ ენაზე ეთარგმნა, საკუთარ სიცოცხლეს საფრთხეშიც კი იგდება. ტინდალი გაბედული ადამიანი იყო; იგი ხედავდა, რომ ეკლესია უბრალო ხალხის სულიერ განათლებაზე არ ზრუნავდა, რაც იმაშიც გამოიხატებოდა რომ ეკლესიას არ სურდა უბრალო ადამიანებს ბიბლიის წაკითხვის შესაძლებლობა მისცემოდა. ბრისტოლში მცხოვრები ახალგაზრდა მქადაგებელი ტინდალი, რომელმაც განათლება  ოქსფორდის უნივერსიტეტში მიიღო და ბრწყინვალედ ფლობდა ებრაულ და ბერძულ ენებსაც, ეკლესიის პოზიცია მიუღებელი იყო. ის აშკარად ხედავდა, რომ ცოტას თუ შეეძლო ბიბლიის გაგება, რადგან ებრაული და ბერძნული ენები, იშვიათმა იცოდა და ბიბლია ჯერ არ იყო გადათარგმნილი ინგლისურ ენაზე; ეკლესიას ბიბლიის ინგლისურ ენაზე გადათარგმნის სურვილიც კი არ გააჩნდა. უფრო მეტიც, ეკლესია ყველაფერს აკეთებდა იმისთის, რომ ხალხისთვის გასაგებ ენაზე არ გათარგმნილიყო ბიბლია. ერთხელ მან გაიგონა განათლებული ხალხის ლაპარაკი, რომლებიც ამბობდნენ, რომ პაპის მიერ გამოცემული კანონების გარეშე ცხოვრებას ღვთის კანონების გარეშე ცხოვრება ერჩიათ.

14 ტინდალმა მათ უთხრა, რომ თუ ღვთის ნება იქნებოდა, მალე ყველაფერს გააკეთებდა, რომ გლეხის ბიჭსაც კი განათლებულებზე მეტი სცოდნოდა ბიბლიიდან.

15 ტინდალის წინამორბედმა უიკლიფმა ― თარგმანის თარგმანიდან, ანუ ლათინური „ვულგატიდან“ თარგმნა ბიბლია და ბიბლიური წიგნების ასლები ხელით გადაწერა. თუმცა ბრწყინვალე საქმე შეასრულა, 200 წლის შემდეგ აღარავინ ლაპარაკობდა იმ ინგლისურზე, რომელზეც უიკლიფმა ბიბლია დაწერა. იმისათვის რომ ხალხამდე ღვთის სიტყვა მიეტანა და დევნას ხელი არ შეეშალა, 1524 წელს ტინდალი ინგლისიდან გერმანიაში გაემგზავრა, სადაც ბიბლიის თარგმნა ებრაული და ბერძნული ორიგინალებიდან დაიწყო. მან გაკეთებული თარგმანები ქალაქ კელნის სტამბაში მიიტანა დასაბეჭდად. მალე ტინდალის რელიგიურმა მტრებმა შეიტყვეს მისი თარგმანის შესახებ და კელნის სენატი დაარწმუნეს, რომ ასლების კონფისკაციის ბრძანება გაეცათ. წამოწყებული საქმე დასასრულებლად, ტინდალი ვორმსში (გერმანია) გაიქცა. მოკლე  ხანში ტინდალის მიერ ინგლისურ ენაზე შესრულებული ბერძნული წერილების ასლები ფარულად ჩაიტანეს გემით ინგლისში. ექვს თვეში იმდენად ბევრი ბიბლია გაიყიდა, რომ ეპისკოპოსებმა სასწრაფოდ მოიწვიეს კრება და ტინდალის ბიბლიების დაწვის ბრძანება გასცეს. ეკლესიის წარმომადგენლებმა ბიბლიის წინააღმდეგ ბრძოლის დამატებითი ხერხებიც გამოიყენეს. მაგალითად, ლონდონის ეპისკოპოსმა სერ ტომას მორს დაავალა, გაეკრიტიკებინა ტინდალის ნამუშევრები, რათა მას ბიბლიის თარგმნა შეეწყვიტა და ხალხს ბიბლია აღარ წაეკითხა.

16 ტინდალმა ბერძნული ახალი აღთქმის ზუსტი შესატყვისი ინგლისური სიტყვები შეარჩია რათა ხალხისთვის გასაგები ყოფილიყო რა აზრი იდო ახალი აღთქმის ტექსტში. მაგალითად მან ბიბლიაში „ეკლესიის“ ნაცვლად „კრება“ გამოიყენა, ხოლო „მღვდლის“ ნაცვლად, „ზედამხედველი“ ან „უხუცესი“. ამ სიტყვებმა ეჭვქვეშ დააყენა და გამოააშკარავა ჩვეულებრივი ხალხისადმი სამღვდელოების დამოკიდებულება. ეკლესიის დაკვეთით მომუშავე სერ ტომას მორმა ტინდალი იმის გამოც გააკრიტიკა, რომ მან ბერძნული სიტყვა „აგაპე“ „სიყვარულად“ თარგმნა და არა „მოწყალებად“. „ეს მიუღებელი იყო ეკლესიისთვის, რადგან ამ კონტექსტიდან თუ მოწყალება ამოვარდებოდა, ხალხი აღარ გაიღებდა გულუხვ შესაწირავებს, აღარ იყიდიდა ინდულგენციებს და თავიანთ ქონებას აღარ დაუტოვებდა ეკლესიას, რის სანაცვლოდაც სამღვდელოება ერთგულ მორწმუნეებს ზეცაში ცხოვრებას ჰპირდებოდა“, — ნათქვამია წიგნში (If God Spare My Life). მოკლედ რომ ვთქვათ, იმ დროის ავტორიტეტულმა პირმა, ტომას მორმა მხარი დაუჭირა „ერეტიკოსების“ დაწვას. ამან განაპირობა ის, რომ 1536 წლის ოქტომბერში  ტინდალი ჩამოახრჩვეს და მისი ცხედარი ძელზე მიამაგრეს და დაწვეს. ეკლესიის დაკვეთით მომუშავე სერ ტომას მორმა, მალე მეფის კეთილგანწყობა დაკარგა და მას თავი მოჰკვეთეს.  ეკლესიის დაკვეთით მომუშავე ტომას მორის „საქმე“ რომ დაფასებულიყო, 1935 წელს რომის კათოლიკურმა ეკლესიამ ტომას მორი წმინდანად აღიარა. არც თუ ისე დიდი ხნის წინ, 2000 წელს, პაპმა იოანე პავლე II-მ ის პოლიტიკოსების მფარველ წმინდანად შერაცხა.

17 ტინდალს ასეთი აღიარება არ მიუღია. მაგრამ ჯერ კიდევ მის სიკვდილამდე მისმა მეგობარმა მაილზ კოვერდალმა ერთ წიგნად აკინძა ტინდალის თარგმანი და გამოსცა პირველი ინგლისური ბიბლიის სრული ვერსია, რომელიც დედნისეული ენებიდან იყო ნათარგმნი. ტინდალი იყო ის ადამიანი, რომელმაც პირველმა თარგმნა ბიბლიის წიგნები ებრაული ორიგინალიდან ინგლისურ ენაზე, მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ ძლიერ წინააღმდეგობას ხვდებოდა ეკლესიის მხრიდან. ტინდალმა აგრეთვე პირველმა გამოიყენა ღვთის სახელი იეჰოვა თავის თარგმანში. ტინდალის მცდელობა, უბრალო ხალხისთვის გასაგებ ენაზე გადაეთარგმნა ბიბლია, აკურთხა ღმერთმა. ახლა უკვე გლეხის ბიჭებსაც შეეძლოთ ღვთის სიტყვის წაკითხვა!

18 ერთ-ერთი უდიდესი მოაზროვნე, ცნობილი თეოლოგი, ფიზიკოსი, გეოგრაფი, ეთნოგრაფი, ექიმი და ჰუმანისტი — მიგელ სერვეტი. მიგელ სერვეტი დაიბადა 1511 წელს ესპანეთში. იგი ნიჭიერი და განათლებული ადამიანი იყო. ჯერ კიდევ 14 წლის ასაკში ფლობდა ბერძნულ, ლათინურ და ებრაულ ენებს და საკმაოდ კარგად ერკვეოდა ფილოსოფიაში, მათემატიკასა და თეოლოგიაში. 16 წლის მიგელ სერვეტმა ტულუზას უნივერსიტეტში (საფრანგეთი) სამართლისმცოდნეობის შესწავლა დაიწყო. იქ მან პირველად ნახა სრული ბიბლია. მიუხედავად იმისა, რომ ბიბლიის კითხვა მკაცრად იყო აკრძალული, იგი მას მალულად კითხულობდა. ბოლომდე წაკითხვის შემდეგ სერვეტმა დაიფიცა, რომ ბიბლიას „კიდევ ათასჯერ“ წაიკითხავდა. იგი წმინდა წერილებს ორიგინალის (ებრაულ და ბერძნულ) ენებზე კითხულობდა ლათინურ თარგმანთან ერთად. ბიბლიის გამოკვლევამ სერვეტს ბევრ რამეზე აუხილა თვალი. მას მიაჩნდა რომ სამღვდელოება ზნეუბრივად დაკნინდა. ერთხელ სერვეტმა დაწერა: „საკუთარი თვალით ვნახე, როგორი პომპეზურობით გაატარეს მხრებზე შედგმულ სავარძელზე მჯდომი პაპი და როგორ აღმერთებდა მას ქუჩაში გამოსული უამრავი ადამიანი“. ასეთ პომპეზურობასა და ექსტრავაგანტურობას სერვეტი ვერაფრით ვერ უთავსებდა სახარებების უბრალოებას. მიგელ სერვეტი დარწმუნებული იყო, რომ ქრისტეს მოძღვრება განკუთვნილი იყო არა თეოლოგებისთვის ან ფილოსოფოსებისთვის, არამედ უბრალო ადამიანებისთვის, რომლებიც ჩასწვდებოდნენ მას და გამოიყენებდნენ ცხოვრებაში. მან გადაწყვიტა, გამოეკვლია ბიბლიის ტექსტი ორიგინალის ენებზე და უარეყო ყველაფერი, რაც არ შეესაბამებოდა წმინდა წერილებს.

19 ისტორიისა და ბიბლიური ტექსტების გამოკვლევამ სერვეტი იმ დასკვნამდე მიიყვანა, რომ პირველი სამი საუკუნის განმავლობაში ქრისტიანობამ თავისი სახე დაკარგა. მან დაინახა, რომ კონსტანტინემ და მისმა მემკვიდრეებმა ქრისტიანობაში შეიტანეს ცრუსწავლებები, რამაც თანდათანობით ხელი შეუწყო სამების სწავლების ოფიციალურ დოგმატად ჩამოყალიბებას. ჯერ კიდევ ახალგაზრდამ, როცა 20 წლის ასაკში იყო, გამოაქვეყნა წიგნი „სამების შეცდომების კვალდაკვალ“. ის წერდა: „ბიბლიაში სამება საერთოდ არ არის მოხსენიებული. . . ჩვენ ღმერთს ფილოსოფიური იდეებით კი არ ვეცნობით, არამედ ქრისტეს მეშვეობით“. მას აგრეთვე სწამდა, რომ წმინდა სული ღვთის მოქმედი ძალა იყო და არა პიროვნება. ბიბლიის გამოკვლევის შედეგად სერვეტმა ეკლესიის სხვა სწავლებებიც უარყო. ის მიიჩნევდა, რომ ხატების გამოყენება არაბიბლიური იყო. ბიბლიის კვლევამ და ჭეშმარიტების ძიებამ სერვეტი დაარწმუნა, რომ საჭირო იყო ღვთის სახელის, იეჰოვას, გამოყენება. თავის წიგნში „სამების შეცდომების კვალდაკვალ“, სერვეტმა ღვთის სახელი „იეჰოვა“ ხშირად გამოიყენა. ამ ნაშრომში ის განმარტავდა: «უწმინდესი სახელი יהוה (ჲჰვჰ) შეიძლება განიმარტოს როგორც „აქცევინებს“, „ის, ვისაც არსებობაში მოჰყავს“, „არსებობის საწყისი“». იგი აგრეთვე აღნიშნავდა: «სახელი „იეჰოვა“ მხოლოდ მამასთან მიმართებაში გამოიყენება». 1542 წელს სერვეტმა სანტეს პანინოს მიერ ლათინურ ენაზე ნათარგმნი ბიბლიის გადამუშავებული ვარიანტიც კი გამოსცა, რომელშიც ღვთის სახელი ვრცელ მარგინალურ შენიშვნებშიც მოიხსენია. მაგალითად, მან სახელი „იეჰოვა“ დაურთო ისეთ ძირითად მუხლებს, როგორიცაა ფსალმუნების 82:19, სადაც ძირითად ტექსტში „უფალი“ ეწერა. თავის უკანასკნელ ნაშრომში „ქრისტიანობის დაბრუნება“, ღვთის სახელთან, იეჰოვასთან დაკავშირებით სერვეტმა დაწერა: „აშკარაა, რომ . . . ძველ დროში ბევრი წარმოთქვამდა ამ სახელს“. მალე სერვეტი დევნის სამიზნე გახდა. მდევნელებისგან შევიწროებული მიგელ სერვეტი, იძულებული გახდა სახელიც შეეცვალა და საცხოვრებელიც. განსხვავებული რელიგიური შეხედულებების გამო, სერვეტი ვერ გადაურჩა სამების მომხრეთა რისხვას. ეკლესიის წარმომადგენელთა გარკვეულმა ნაწილმა მისი პორტრეტები ცეცხლს მისცეს, ხოლო სხვებმა კი იგი ცოცხლად დაწვეს. ერთხელ სერვეტმა თქვა: „სერიოზულ ცოდვად მიმაჩნია ადამიანის მოკვლა იმის გამო, რომ მას არასწორად ესმის რომელიმე ბიბლიური საკითხი. თვით რჩეულნიც კი შეიძლება ასცდნენ სწორ გზას“. სამწუხაროდ, განსხვავებული რელიგიური შეხედულებების გამო, სერვეტი გაასამართლეს და სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს. 1553 წლის 27 ოქტომბერს მიგელ სერვეტი ჟენევაში (შვეიცარია) კოცონზე დაწვეს.

20 ცნობილი რელიგიური მოღვაწე, თეოლოგი და მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი, კირილოს (კირილე) ლუკარისი. კირილოს ლუკარისი დაიბადა 1572 წელს. მან განათლება ვენეციასა და პადუაში (იტალია) მიიღო. 1602 წელს ლუკარისმა ალექსანდრიის პატრიარქ მელეტიოსის ადგილი დაიმკვიდრა, ხოლო 1620 წელს კი კონსტანტინოპოლის პატრიაქრი გახდა. ეს ის ადამიანი გახლდათ, რომლის აუხდენელ ოცნებას „ახალი აღთქმის“ სასაუბრო ენაზე გამოცემა წარმოადგენდა და რომელსაც მართლმადიდებელი ეკლესიის „სახარებისეულ უბრალოებასთან“ დაბრუნების ხილვა სწყუროდა.

21 როგორც მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი, მას კარგად ჰქონდა შესწავლილი ეკლესიის ისტორია, მსოფლიო საეკლესიო კრებების დადგენილებები, ეკლესიის მამათა სწავლებები და საერთოდ, მართლმადიდებელი და კათოლიკური ეკლესიის თეოლოგია. ამ ყველაფერთან ერთად, ბრწყინვალედ იცოდა ბიბლიაც. აქედან გამომდინარე, იგი ნათლად ხედავდა როგორც მართლმადიდებელი ეკლესიის, ისე კათოლიკური ეკლესიის მრწამსისა და მოღვაწეობის ბიბლიასთან შეუსაბამობას. მას აღიზიანებდა ეკლესიის შიგნით დაჯგუფებებს შორის არსებული ბრძოლა და ყველაზე მეტად კი ის, რომ ეკლესიამ გადაუხვია პირველი ქრისტიანების სწავლებებს.

22 ერთ-ერთ თავის წერილში ის შენიშნავდა, რომ მართლმადიდებელი ეკლესია ბევრ მცდარ ჩვეულებას უჭერდა მხარს. თავის სხვა წერილებში ის ხაზს უსვამდა იმის აუცილებლობას, რომ ეკლესიას „სახარებისეული უბრალოებით“ უნდა შეეცვალა ცრურწმენა და მხოლოდ საღვთო წერილის ავტორიტეტს დაყრდნობოდა. ლუკარისი შეშფოთებული იყო იმ ფაქტითაც, რომ ეკლესიის მამების სულიერ უფლებამოსილებას იმავე პატივისცემით ეპყრობოდნენ ადამიანები, როგორც იესოსა და მოციქულების სიტყვებს. „ვეღარ ვისმენ იმას, რომ ადამიანთა ტრადიციას საღვთო წერილის ტოლფასი წონა აქვს“, — წერდა ის (წაიკითხეთ მათე 15:6). ის აგრეთვე ამბობდა, რომ თავისი აზრით, გამოსახულებების თაყვანისცემა დამღუპველი იყო. აგრეთვე აღნიშნა, რომ „წმინდანების“ მოხმობა შუამავალს, იესოს, შეურაცხყოფდა (1 ტიმოთე 2:5). ლუკარისის ამ შეხედულებამ, რომელიც ბიბლიასთან სრულ შესაბამისობაში იყო, მისადმი სიძულვილი და შევიწროება გამოიწვია როგორც მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენელთა მხრიდან ისე კათოლიკების მხრიდანაც. ამ წინააღმდეგობის მიუხედავად, 1620 წელს ლუკარისი კონსტანტინოპოლის პატრიარქად იქნა არჩეული. პატრიარქად ყოფნის რთულ პერიოდში, ლუკარისმა გადაწყვიტა, შესაძლებლობა გამოეყენებინა იმისათვის, რომ მართლმადიდებელი სამღვდელოება და ერისკაცები ბიბლიის თარგმანისა და თეოლოგიური პუბლიკაციების გამოცემით გაენათლებინა. მას ესმოდა, რომ დედანში, შთაგონებულ ბერძნულ ბიბლიურ ხელნაწერებში, გამოყენებული ენა უბრალო ადამიანისთვის აღარ იყო გასაგები. ასე რომ, პირველი წიგნი, რომლის თავისი დროის ბერძნულზე გადასათარგმნად იზრუნა, იყო „ახალი აღთქმა“. 1629 წელს, სწავლულმა ბერმა, მაქსიმუს კალიპოლიტისმა დაიწყო მასზე მუშაობა. ბევრი მართლმადიდებელი თვლიდა, რომ რაც უნდა გაუგებარი ყოფილიყო მკითხველისთვის საღვთო წერილის ტექსტი, მისი თარგმნა აღმაშფოთებელი რამ იყო. მათ დასამშვიდებლად კი ლუკარისმა გადაწყვიტა, რომ დედნის ტექსტი და ახალი აღთქმის ახალი თარგმანი პარალელურ სვეტებად დაბეჭდილიყო. წინააღმდეგობების მიუხედავად, ეს თარგმანი ლუკარისის სიკვდილიდან ცოტა ხნის შემდეგ, 1638 წელს, მაინც გამოიცა.

23 ლუკარისის სიფრთხილის მიუხედავად, ახალი აღთქმის უბრალო ადამიანებისთვის გასაგებ ენაზე გამოცემამ, ბევრი ეპისკოპოსის დიდი უკმაყოფილება გამოიწვია. ლუკარისი მკაცრად კიცხავდა მათ, ვინც კრძალავდა ბიბლიის შესწავლას, ასევე მათაც, ვინც უარყოფდა დედნის ტექსტის თარგმანს: „თუკი ვლაპარაკობთ ან ვკითხულობთ გაგების გარეშე, ეს იმის მსგავსია, რომ სიტყვები ქარს გავატანოთ“ – წერდა ის.

24 ბიბლიის თარგმნის წამოწყების შემდეგ ლუკარისმა მეორე გაბედული, ვაჟკაცური ნაბიჯი გადადგა. 1629 წელს ჟენევაში მან „სარწმუნოების აღსარება“ გამოაქვეყნა. ეს იყო პირადი შეხედულების განაცხადი, რომელზეც იმედოვნებდა, რომ მართლმადიდებელი ეკლესია მიიღებდა. წიგნ „მართლმადიდებელი ეკლესიის“ თანახმად, ეს „აღსარება“ „ნათელს ჰფენს მართლმადიდებლურ სწავლებას სამღვდელოებისა და ყველანაირი წმინდა საკრებულოს შესახებ და კიცხავს ხატების თაყვანისცემასა და წმინდანების მოხმობას, როგორც კერპთაყვანისმცემლობის ფორმებს“.

25 პატრიარქი ლუკარისის ნაშრომი, „აღსარება“, შედგება 18 ნაწილისგან. მისი მეორე ნაწილი აცხადებს, რომ საღვთო წერილი ღვთისგან არის შთაგონებული და რომ მისი ავტორიტეტი ეკლესიისას აღემატება. ის ამბობს: „გვწამს, რომ საღვთო წერილი ღმერთმა გვიბოძა. . . გვწამს, რომ საღვთო წერილის ავტორიტეტი ეკლესიის ავტორიტეტზე მაღლა დგას. სულიწმიდით განსწავლა ადამიანის მიერ განსწავლისგან დიდად განსხვავდება“ (2 ტიმოთე 3:16).

26 „აღსარების“ მერვე და მეათე ნაწილები ამტკიცებს იმას, რომ იესო ქრისტე არის ერთადერთი შუამავალი, მღვდელმთავარი და კრების თავი. ლუკარისი წერდა: „გვწამს, რომ ჩვენი უფალი იესო ქრისტე თავისი მამის მარჯვნივ ზის და შუამავლობას გვიწევს. მხოლოდ ის ასრულებს ჭეშმარიტი და კანონიერი მღვდელმთავრისა და შუამავლის მოვალეობას“ (მათე 23:10). მეთორმეტე ნაწილი კი აცხადებს, რომ ეკლესია გზასაცდენილი იქნება, თუკი ცრუსა და ჭეშმარიტს ერთმანეთისგან ვერ გაარჩევს.

27 „აღსარების“ დანართი ბევრ კითხვა-პასუხს შეიცავს. ერთერთი საყურადღებო კითხვა კი იყო შემდეგი: „რას უნდა ვფიქრობდეთ ხატების შესახებ?“ ლუკარისი პასუხობს: «ჩვენ განსწავლული ვართ ღვთაებრივი და წმინდა წერილით, რომელიც გარკვევით ამბობს, „არ გაიკეთო კერპები, არც რამე ხატი იმისა, რაც არის მაღლა ცაში, დაბლა მიწაზე; არ სცე თაყვანი მათ, არც ემსახურო“ [გამოსვლა 20:4, 5]; ამიტომ ჩვენ თაყვანი უნდა ვცეთ არა ქმნილებას, არამედ მხოლოდ ცისა და დედამიწის შემოქმედს, და მხოლოდ მას უნდა ვემსახუროთ. . . [ხატების] თაყვანისცემა და მათდამი მსახურება, რის გაკეთებაც აკრძალულია . . . საღვთო წერილში და რის გათვალისწინებაც ჩვენ არ უნდა დაგვევიწყებინა, უარვყავით და შემოქმედის ნაცვლად თაყვანს ვცემთ საღებავებს, ხელოვნებასა და ქმნილებებს».

28 თუმცა ლუკარისს არ შეეძლო ყველა მცდარი საკითხის სრულად გაგება სულიერი წყვდიადის ეპოქაში, რომელშიც ცხოვრობდა, მან საქებარი ძალისხმევა მოახმარა იმას, რომ საეკლესიო მოძღვრება ბიბლიაზე ყოფილიყო დაფუძნებული და ბიბლიური მოძღვრებით გაენათლებინა ხალხი.

29 თავისი მიზნის მიღწევაში ლუკარისს უამრავი დაბრკოლება უშლიდა ხელს. ის ხუთჯერ გადააყენეს პატრიარქობიდან. მისი სიკვდილიდან ოცდათოთხმეტი წლის შემდეგ იერუსალიმის სინოდმა მისი შეხედულებები მწვალებლობად შერაცხა და ანათემას გადასცა. ისინი აცხადებდნენ, რომ საღვთო წერილი „უნდა წაიკითხოს არა ნებისმიერმა, არამედ მხოლოდ მან, ვინც სულის სიღრმეებს სწვდება, სათანადო კვლევა-ძიების შემდეგ“, — ესე იგი, მხოლოდ სავარაუდოდ განათლებულმა მღვდლებმა. 1638 წელს იეზუიტებმა და მათმა მართლმადიდებელმა მხარდამჭერებმა ლუკარისს ოსმალეთის იმპერიის წინააღმდეგ სახელმწიფოს ღალატი დააბრალეს. ამჯერად სულთანმა მისი სიკვდილით დასჯის განკარგულება გასცა. ლუკარისი დააპატიმრეს და 1638 წლის 27 ივლისს, ვითომ გადასასახლებლად, პატარა ხომალდზე აიყვანეს. როგორც კი ხომალდმა ზღვაში შეცურა, ის დაახრჩვეს. მისი სხეული ნაპირთან ახლოს ჩაფლეს, მოგვიანებით კი ამოთხარეს და ზღვაში გადააგდეს. გვამი მეთევზეებმა იპოვეს და მოგვიანებით მეგობრებმა დაკრძალეს.

30 ფაქტიურად, მმართველმა საეკლესიო კლასმა ჩაახშო იმის მცდელობა, რომ ღვთის სიტყვა მრევლისთვის მისაწვდომი გამხდარიყო. მათ ულმობლად დაადუმეს ხმა, რომელიც მათი არაბიბლიური მოძღვრების ზოგ შეცდომაზე მიუთითებდა, და დაამტკიცეს, რომ რელიგიური თავისუფლებისა და ჭეშმარიტების დაუძინებელ მტერთა შორის იყვნენ.

31 ოდნავ მოგვიანებით, კაცობრიობის ისტორიაში განათლებულ და მოაზროვნე ადამიანებს შორის ისეთებიც გამოჩნდნენ, რომლებმაც ეკლესიაში არსებული თვალთმაქცობის გარდა, უფრო მეტი რამ გააცნობიერეს. ისინი თეოლოგიურ საკითხებს იკვლევდნენ და რწმუნდებოდნენ, რომ ეკლესიის დოგმატები არაბიბლიური წარმომავლობის იყო. კვლევის საფუველზე ისინი დარწმუნდნენ, რომ მაგალითად ‘სამების, სულის უკვდავებისა და ჯოჯოხეთის მარადიული ტანჯვა-წამების’ შესახებ ეკლესიის მიერ შეთხზული დოგმატები, არაბიბლიური წარმოშობის იყო.

ასეთ ადამიანებს შორის იყვნენ:

32 პოეტი, მწერალი, პოლემიკოსი და სამოქალაქო მოღვაწე, ჯონ მილტონი. ჯონ მილტონი დაიბადა 1608 წელს. იშვიათია მწერალი, რომელმაც ისეთი დიდი გავლენა მოახდინა მსოფლიოზე, როგორიც ჯონ მილტონმა. მის კალამს ეკუთვნის ინგლისურ ენაზე შესრულებული სახელგანთქმული ეპიკური პოემა „დაკარგული სამოთხე“. ინგლისური ლიტერატურა და კულტურა დღემდე უმადლის მილტონს მისი ნაშრომებისთვის. მაგრამ საინტერესოა, კიდევ რით გაითქვა მილტონმა სახელი? იცით, რომელი იყო მისი ბოლო ტრაქტატი რომელიც 150 წლის მანძილზე არ გამოაქვეყნეს? ეს იყო: „ტრაქტატი ქრისტიანობის დოქტრინის შესახებ მხოლოდ და მხოლოდ წმინდა წერილებზე დაფუძნებით“. მილტონმა რელიგიური საკითხებისადმი თავისი ინტერესის შესახებ დაწერა: „ჯერ კიდევ პატარა ვიყავი, როცა გულმოდგინედ დავიწყე ძველი და ახალი აღთქმის დედნისეულ ენებზე გამოკვლევა“. მილტონი თეოლოგიურ ნაშრომებს საფუძვლიანად ეცნობოდა, თუმცა, ამ ნაშრომების შესწავლამ იგი გულგატეხილობამდე მიიყვანა რადგან ხედავდა, რომ ქრისტიანული სამყაროს ეკლესიების თეოლოგები ეკლესიის მიერ შექმნილ არაბიბლიურ გადმოცემებსა და სწავლებებს ბიბლიაზე მაღლა აყენებდნენ. ისევე როგორც მოგვიანებით ჩარლზ ტეიზ რასელი მოიქცა, მილტონმაც თავის თანამედროვეთა შორის განსხვავებული გადაწყვიტილება მიიღო; მან გადაწყვიტა, რომ თავისი მრწამსის შესაფასებლად „მხოლოდ ბიბლია გამოეყენებინა ეტალონად“. ტრაქტატში „ქრისტიანობის დოქტრინის შესახებ“ მილტონმა აღნიშნა, რომ ეკლესიის სწავლებების მსგავსად, არც მრავალი პროტესტანტული სწავლება და ჩვეულება ეთანხმებოდა წმინდა წერილებს. ბიბლიის საფუძველზე მან აღიარა რომ სამყაროს შემოქმედი მხოლოდ მამა ღმერთი იყო და არა „სამება“. მოკლედ რომ ვთქვათ, მილტონი უარყოფდა ეკლესიის დოგმატურ სწავლებას სამების, სულის უკვდავებისა და ჯოჯოხეთის შესახებ და წმინდა წერილების საფუძველზე ამტკიცებდა, რომ ეკლესიის ეს დოგმატები არაბიბლიური წარმომავლობის იყო. ის აგრეთვე სავალდებულოდ თვლიდა ღვთის სახელის პატივისცემით გამოყენებას და ხშირად მოიხსენიებდა ღვთის სახელს „იეჰოვას“ თავის ნაშრომებში. მილტონი გულმოდგინე მკვლევარი იყო და მისი ნაშრომი დღესაც კი უბიძგებს ბევრს, თავიანთი რწმენის შეუმცდარ ეტალონად ბიბლია გამოიყენონ.

33 მეცნიერი, ფიზიკოსი, მათემათიკოსი, ასტრონომი, ალქიმიკოსი და ფილოსოფოსი სერ ისააკ ნიუტონი, რომელმაც უმნიშვნელოვანესი გავლენა მოახდინა სამეცნიერო ისტორიაში. ისააკ ნიუტონი დაიბადა 1643 წელს. ნიუტონი, რომელიც ყველა დროის მეცნიერების უდიდესი გენიაა, კვლევის საფუველზე დარწმუნდა, რომ ეკლესიის სწავლებები, როგორიცაა მაგალითად: სამება, სულის უკვდავება, ჯოჯოხეთი და სხვა ბევრი რამ, არ წარმოადგენდა ქრისტიანულ სწავლებებს. ნიუტონი ერთადერთ ჭეშმარიტ ღმერთად მამა ღმერთს აღიარებდა და არ იზიარებდა ეკლესიის მიერ შექმნილ „სამების დოგმატს“. ამასთან ერთად, მას მხოლოდ ბიბლია მიაჩნდა ქრისტიანული სწავლებების შესამოწმებელ ქვაკუთხედად და არა მსოფლიო საეკლესიო კრებების მიერ მიღებული დადგენილებები. ნიუტონი სამების დოგმატს უარყოფდა, ვინაიდან საეკლესიო კრებების დადგენილებებსა და ეკლესიის მრწამსში ნათქვამის გადამოწმებისას დარწმუნდა, რომ წმინდა წერილი არ უჭერდა მხარს „სამების დოგმატს“.

34 ნიუტონმა კაცობრიობას არაერთი ფასეული ნაშრომი დაუტოვა და მათ შორის ისეთი ნაშრომიც, რომელშიც ხსნიდა, თუ რატომ სწამდა რომ ბიბლია ღვთის გამოცხადებაა; რომ ეკლესიის სწავლება „სამების“ დოგმატის შესახებ არაბიბლიური სწავლებაა; რომ ეკლესიის მიერ გამოცემულ ზოგიერთ ბიბლიაში „სამების“ მხარდასაჭერად მუხლები (1 იოანე 57) და (1 ტიმოთეს 3:16) დამახინჯებული სახითაა გადმოცემული და ბერძნულ ენაზე დაწერილი ახალი აღთქმის დედნისეულ ტექსტი მხარს არ უჭერს ამ ორი მუხლის იმ სახით გადმოცემას, როგორც ისინი ეკლესიის მიერ გამოცემული ბიბლიების უმრავლესობაშია მოცემული. ამასთან დაკავშირებით შეგიძლიათ იხილოთ ნიუტონის სადისერტაციო ნაშრომი, რომელიც პირველად მისი გარდაცვალებიდა 27 წლის შემდეგ გამოიცა: („An Historical Account of Two Notable Corruptions of Scripture, by Sir Isaac Newton“, 1830 წ, ლონდონი, გვ. 60.) .

35 ნიუტონი თავის ერთ-ერთ ნაშრომში აგრეთვე წერდა: „განკითხვის დღის შემდეგ მოკვდავი [ადამიანები] არა მხოლოდ 1 000 წლის განმავლობაში იცხოვრებენ დედამიწაზე, არამედ მარადიულად“. ნიუტონს მიაჩნდა, რომ ქრისტე საუკუნეების შემდეგ მოვიდოდა. ტექნოლოგიისა და სამეცნიერო ისტორიის პროფესორი სტეფან სნობელენის აზრით, ერთ-ერთი მიზეზი, თუ რატომ ფიქრობდა ნიუტონი, რომ ღვთის სამეფო დიდი ხნის შემდეგ დამყარდებოდა, ის გახლდათ, რომ მისთვის მიუღებელი სამების დოგმატი ხალხში კვლავაც ღრმად იყო გამჯდარი. ნიუტონი ხედავდა, რომ მისი დროის არც ერთი ქრისტიანული რელიგია არ ქადაგებდა ამ ცნობას. მან დაწერა: „დანიელის წიგნში და იოანეს [გამოცხადებაში] ჩაწერილი წინასწარმეტყველებები გასაგები არ უნდა იყოს უკანასკნელ დრომდე . . . შემდეგ, როგორც დანიელი ამბობს, ‘მრავალი დაიწყებს ძიებას და მოიმატებს ცოდნა’, რადგან დიდი გასაჭირისა და წუთისოფლის აღსასრულის დადგომამდე სახარება უნდა ექადაგოს ყველა ერს. სახარების ქადაგების გარეშე შეუძლებელია, შეიკრიბოს უთვალავი ხალხი, პალმის ტოტებით ხელში, რომლებიც დიდ გასაჭირს გადაიტანენ“. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მილტონისა და ნიუტონის დროს ისეთი იდეების გავრცელება, რომლებიც ეკლესიის სწავლებებს ეწინააღმდეგებოდა, საკმაოდ საშიში იყო. სწორედ ამიტომ მათ მიერ დაწერილი ბიბლიური ნაშრომების უმეტესობა მხოლოდ მათი სიკვდილის შემდეგ გამოქვეყნდა.

36 მეცნიერი, ისტორიკოსი, მათემატიკის პროფესორი, ენათმეცნიერი, ბიბლიის უძველესი ხელნაწერების მთარგმნელი და თეოლოგი — უილიამ უისტონი. იუსტონი დაიბადა 1667 წელს. იგი იყი მისი წინამორბედი ბიბლიის მკვლევარის, ისააკ ნიუტონის კოლეგა კემბრიჯის უნივერსიტეტში. 1701 წელს უისტონმა კემბრიჯის უნივერსიტეტში ლუკასიელი პროფესორის ადგილი დაიკავა. უინსტონი ის ადამიანი გახლდათ, რომელიც ბიბლიისადმი სიყვარულმა იმისკენ აღძრა, რომ ბაზეს კოდექსიდან ოთხი სახარება და მოციქულთა საქმეები ინგლისურ ენაზე ეთარგმნა; მას ეკუთვნის აგრეთვე „ახალი აღთქმის“ ინგლისური თარგმანი „Primitive New Testament“ („უბრალო ახალი აღთქმა“); მოციქულ პავლეს წერილები „Clermont Codex“-იდან; აგრეთვე „გამოცხადების“ წიგნი და სხვა დანარჩენი ნაწილები „Alexandrine Manuscript“-იდან. მისი მთარგმნელობითი ნაშრომებიდან ყველაზე ცნობილი ნაშრომი გახლავთ ებრაელი ისტორიკოსის იოსებ ფლავიუსის „იუდეველთა სიძველენი“.

37 იუსტონი იყო ბიბლიის მკვლევარი და ეკლესიის ძლიერი მამხილებელი. 1708 წელს, ინგლისის ეკლესიის ოფიციალურ პირებს (კენტერბერისა და იორკის მთავარეპისკოპოსებს) წერილები გაუგზავნა, რომელშიც „სამების დოგმატის“ არაბიბლიურ წარმოშობაზე მიუთითებდა. საპასუხოდ კი ურჩიეს, რომ ცოტა ფრთხილად ყოფილიყო…. მიუხედავად ამისა, უისტონს არ შეშინებია და დაწერა: “ეს საკითხები თავიდან ბოლომდე საფუძვლიანად შევისწავლე“; და დაამატა: „დავრწმუნდი, რომ ქრისტიანული ეკლესია შეცდომაშია შესული და თუ ღმერთი ინებებს, ჩემს თვალსაზრისს გაგაცნობთ, რათა აღარ იმყოფებოდეთ შეცდომაში“. ამიშ შემდეგ, იუსტონმა პამფლეტი მოამზადა, რომელშიც სამების უარსაყოფი არგუმენტების მოყვანით, საკუთარი თვალსაზრისი ვაჟკაცურად და უშიშრად გამოხატა. მიუხედავად იმისა, რომ პატივდებულ ფიგურასა და იმ დროის ერთ-ერთ წამყვან მეცნიერს წარმოადგენდა, როდესაც პამფლეტის დაბეჭდვა და გამოცემა ითხოვა, კემბრიჯის უნივერსიტეტმა აცნობა, რომ მისი ნაშრომი არ დაიბეჭდებოდა, რადგან არამართლმადიდებლური იყო. ისტორია გვამცნობს, რომ უისტონი რთულ დროში ცხოვრობდა, რადგან იმ დროს, დიდი სიმამაცე იყო საჭირო ისეთი თვალსაზრისი გამოგეხატა, რომელსაც ეკლესია არ ასწავლიდა. მაგალითად, 1693 წელს, 18 წლის ინგლისელი სტუდენტი, „სამების ეკლესიური დოგმატის“ უარყოფის გამო ჩამოახრჩვეს. მიუხედავად იმისა, რომ „სამების დოგმატის“ უარმყოფელ ადამიანებს ავიწროებდნენ და სასტიკად დევნიდნენ, იუსტონი არ დანებებულა და მაინც აგრძელებდა ეკლესიის მხილებას. უისტონმა 1747 წელს ეკლესია თავისი პიროვნულობისთვის დამახასიათებელი მანერით, პირდაპირი გაგებით დატოვა. ეკლესიის შენობა მან ზუსტად იმ დროს დატოვა, როცა მღვდელმა ათანასეს რწმენის სომბოლოს კითხვა დაიწყო. „რელიგიის ენციკლოპედიაში“ (ინგლ.) უისტონის შესახებ ნათქვამია: „რთულია არ აღფრთოვანდე მისი გულახდილობით, გულწრფელობითა და პირდაპირულობით, რომელსაც ის ცხოვრებაში ავლენდა“. ბიბლიის კვლევის საფუძველზე მიღებულ ცოდნას და რწმუნებულობას, უისტონი არასოდეს თმობდა. ის მისთვის აპლოდისმენტებზე და სხვებისგან მიღებულ ქება-დიდებაზე გაცილებით მნიშვნელოვანი იყო, რამაც კარგი მაგალითი დაუტოვა ბიბლიის გულწრფელ მკვლევარებს, რომლებიც მომდევნო წლებში ცხოვრობდნენ.

38 ცნობილი ქიმიკოსი, თეოლოგი და ფილოსოფოსი ჯოზეფ პრისტლი. ჟოზეფ პრისტელი დაიბადა 1733 წელს. ამ მეცნიერის სახელი შევიდა ქიმიის ისტორიაში ძირითადად ჟანგბადის აღმოჩენისა და შესწავლის გამო. მან ანესთეზიური საშუალება აზოტის ქვეჟანგი, ანუ მალხენი აირი, პირველად 1772 წელს მიიღო. თუმცა პრისტლის ყურადღებას მარტო ქიმია როდი იქცევდა. ჟოზეფ პრისტლი ბიბლიის კვლევის საფუძველზე არა მხოლოდ იმაში დარწმუნდა, რომ ღმერთი სამება არაა, არამედ იმაშიც რომ ადმაიანს უკვდავი სული არ გააჩნია. იგი მიხვდა რომ ჭეშმარიტი ქრისტიანული რწმენა პირველი საუკუნის ქრისტიანებში იყო და ამას, ხმამაღლა აცხადებდა. მას მიაჩნდა, რომ ქრისტიანული სამყაროს ეკლესიების მიერ პირველი საუკუნის ქრისტიანული მრწამსში ცვლილებების შეტანით, ნამდვილი ქრისტიანობიდან გადახვევა მოხდა. მის ამგვარ შეხედულებას კი, ვერ შეეგუა ვერც ეკლესია და ვერც ეკლესიის მრევლი. 1791 წელს, ბრბომ მისი ლაბორატორიაც გაანადგურა და მისი სახლიც. მას დევნიდნენ და ავიწროებდნენ, რის გამოც, იძულებული გახდა უცხო ქვეყანაში გადახვეწილიყო.

39 ქრისტიანი მწერალი ჰენრი გრიუ. ჰენრი გრიუ დაიბადა 1781 წელს. ჰენრი ის პიროვნებაა, რომელიც წინამორბედი მკვლევარების მსგავსად, ბიბლიის კვლევის საფუძველზე იმ დასკვნამდე მივიდა, რომ ტრადიციული ეკლესიების რელიგიური დოქტრინები ნამდვილ ქრისტიანულ სწავლებებს გასცდა და რომ ეკლესიის სწავლებების ამების, სულის უკვდავებისა და ჯოჯოხეთში მარადიული ტანჯვა-წამების შესახებ, სინამდვილეში არ წარმოადგენდა ქრისტიანულ სწავლებებს. სხვათაშორის ჰენრის ძალიან საინტერესო ფილოსოფია ჰქონდა ბიბლიასთან მიმართებაში. იგი ამბობდა: „დაე თვითინ განმარტოს ბიბლიამ ბიბლია“. ანუ მისი თვალსაზრისით, ბიბლია თვითონ წარმოადგენდა ბიბლიის საუკეთესო განმმარტებელს; სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ყველაზე საუკეთესო განმმარტებლად, ჰენრი თავად ბიბლიას მიიჩნევდა.

40 მეთოდისტურ ეპისკოპალური ეკლესიის წარმომადგენელი ჯორჯ სტორსი. ჯორჯ სტორსი დაიბადა 1796 წელს. ეს ის პიროვნება იყო, რომელიც ჰენრი გრიუს კვლევებს გაეცნო და დაეთანხმა, რადგან თვითონაც დაუთმო არაერთი წელი რელიგიური საკითხების საგულდაგულო კვლევას და დარწმუნდა, რომ ბიბლია და ეკლესიის დოგმატური სწავლებები სულის უკვდავებისა და ჯოჯოხეთის შესახებ, არაბიბლიურ სწავლებას წარმოადგენდა. იგი ხედავდა რომ ბიბლია და მეთოდისტურ ეპისკოპალური ეკლესიის მრწამსი, ერთმანეთთან აშკარა წინააღმდეგობაში მოდიოდა. როგორც ეკლესიის მსახურს, მას ევალებოდა იმ მრწამსის სწავლება, რომელიც ეკლესიის იყო და სინამდვილეში ბიბლიას არ ეთანხმებოდა. ეს კი მის სინდისს მოსვენებას არ აძლევდა. ამიტომ, მიუხედავად იმისა რომ 15 წელი ეკლესიის მსახური იყო და საკმაოდ ზეგავლენიანი და პატივცემული პირიც, 1840 წელს გადაწყვიტა ეპისკოპალურ მეთოდისტური ეკლესიის მიტოვება. მან მთელი თავისი ყურადღება ბიბლიის დამატებით და ღრმა კვლევისაკენ მიმართა. 1842 წელს, ჯორჯ სტორსმა ყოველთვიური ჟურნალის „ბიბლიის მკვლევარის“ გამოცემა დაიწყო. ბიბლიის კვლევის საფუძველზე, სტორსი მალევე მიხვდა, რომ საჭირო იყო ქრისტეს დაბრუნების მოახლოებასთან და ამ პერიოდიში მცხოვრები ხალხის ხსნასთან დაკავშირებული საკითხების შესახებ, მსოფლიო მასშტაბით ქადაგება; თუმცა წარმოდგენა არ ჰქონდა სტორსს, მქადაგებელთა რომელი ჯგუფი გამოჩნდებოდა და ვინ შეძლებდა მსოფლიო მასშტაბიანი სამქადაგებლო საქმიანობის განხორციელებას. მიუხედავად ამისა, მას მტკიცედ სწამდა რომ ამ სამქადაგებლო საქმიანობას მსოფლიო მასშტაბით, აუცილებლად განახორციელებდა ღმერთი ახლო მომავალში. ჯორჯ სტორსს მკტიცედ სწამდა, რომ მსოფლიო სამქადაგებლო საქმიანობა აუცილებლად დაიწყებოდა. 1879 წელს ჯორჯ სტორსი გარდაიცვალა. ეს კი სწორედ ის წელი იყო, როცა ერთმა ძალიან მნიშვნელოივანმა რელიგიურმა ჟურნალმა დაიწყო გამოსვლა, რომელიც იმ დროიდან მოყოლებული, დღემდე უწყვეტად გამოიცემა, მსოფლიოში ყველაზე გავრცელებად და წაკითხვად ჟურნალს წარმოადგენს და რომლის საშუალებითაც მსოფლიო სამქადაგებლო საქმიანობა ხორციელდება – სწორედ ის, რასაც ჯორჯ სტორსი ელოდებოდა. ამ ჟურნალს და მის გამომცემელს მომდევნო აბზაცში მოვიხსენიებ.

41 ბიბლიის გულმოდგინე მკვლევარი ჩარლზ ტეიზ რასელი. ჩარლზ ტ. რასელი დაიბადა 1852 წელს. ეს ის ადამიანი იყო, რომელმაც მთელი თავისი ცხოვრება ღვთის საქმეს მიუძღვნა. ახალგაზრდობიდანვე, ჩარლზ ტ. რასელი ბიბლიის გულმოდგინე მკვლევარი იყო. ბიბლიის კვლევის საფუძველზე ის (ისევე როგორც მის დაბადებამდე მცხოვრები ზემოთ ჩამოთვლილი  სხვა მკვლევარები) იმ დასკვნამდე მივიდა, რომ ქრისტიანული სამყაროს ეკლესიების დოგმატური სწავლებები (როგორიცაა სამება, სულის უკვდავება და ჯოჯოხეთის ტანჯვა-წამება), იმ ცრუ რელიგიურ სწავლებათა ჯგუფს მიეკუთვნებოდა, რომლებიც არაბიბლიური წარმოშობის იყო. იმისათვის რომ ბიბლიის კვლევის საფუძველზე მიღებული ცოდნა ქადაგების საშუალებით სხვებისთვისაც გაეზიარებინა და ღვთის მსახურებისთვის მეტი დრო ჰქონოდა, ჩარლზ ტ. რასელმა გადაწყვიტა, რომ ისეთი წარმატებული ბიზნესიც კი დაეთმო, რომელმაც ჯერ კიდევ 25 წლის ასაკში, მას სამასი ათასი დოლარის მოგება მუტანა, (რაც დღეისთვის შვიდი მილიონი დოლარის ეკვივალენტია). მისთვის ბიბლიის კვლევა და რელიგიური ჭეშმარიტება უფრო მნიშვნელოვანი იყო, ვიდრე ქონება და კარიერა.

42 XIX საუკუნის 70-იან წლებში ჩარლზ ტეიზ რასელმა ჩამოაყალიბა ბიბლიის მკვლევართა პატარა ჯგუფი, რომელშიც მისი მამა იოსებიც შედიოდა. ვინაიდან ამ ადამიანებს არ ჰქონიათ წინასწარ ჩამოყალიბებული რელიგიური შეხედულებები, მათი მიზანი ვერცერთ შემთხვევაში ვერ იქნებოდა ბიბლიაში ჩაწერილი სიტყვები, საკუთარი რელიგიური შეხედულებების შესაბამისად აეხსნათ. ნაცვლად ამისა, ისინი ბიბლიის გულწრფელი კვლევის ენთუზიამზით იყვნენ სავსე. უნდა აღინიშნოს, რომ ბიბლიის მკვლევართა ამ პატარა ჯგუფს, საკითხების გამოკვლევის და შესწავლის მეთოდი, ძალიან საინტერესო ჰქონდათ. დაახლოებით ასეთი: გამოსაკვლევად ირჩევდნენ რაიმე თემას. შემდეგ, არჩეული თემის შესახებ, ბიბლიის თვალსაზრისის გაგებას ცდილობდნენ. (ლუკა 11:5—10). ბიბლიის იმ მუხლებს, რომელიც პირდაპირ ან გადაკვრით გამოსაკვლევად არჩეულ საკითხს ეხებოდა, დეტალურად იკვლევდნენ და მუხლებში ჩადებულ აზრებს, ობიექტურ ანალიზს უკეთებდნენ. (საქმე 17:10,11). დასკვნებს ფურცელზე წერდნენ. ბოლოს კი ამბობდნენ, რომ თავიანთი რწმენა, ბიბლიის სწავლებაზე   დაეფუძნებინათ. ბიბლიის გამოკვლევისა და შესწავლის ამგვარი მეთოდით, ამ მკვლევარებმა მალევე დაინახეს, რომ ქრისტიანულ სამყაროს გადმოღებული ჰქონდა ისეთი წარმართული სწავლებები, როგორიცაა: სულის უკვდავება, ჯოჯოხეთის ცეცხლი, განსაწმენდელი, სამპიროვნული ღმერთი, ჩვილების მონათვლა, ხატთაყვანისცემა და სხვა და სხვა.. 1879 წელს რასელმა, რომელსაც სიყვარულით პასტორს [ნიშნავს ქრისტიან მსახურსა და მწყემსს] ეძახდნენ, ჭეშმარიტების დასაცავად და გასავრცელებლად დაიწყო დღეს „საგუშაგო კოშკად“ ცნობილი ჟურნალის ყოველთვიურად გამოშვება. ეს ქრისტიანული ჟურნალი, 188 ენაზე გამოიცემა დღეს, მსოფლიოში ყველაზე გავრცელებად და კითხვად ჟურნალს წარმოადგენს და მისი ყოველი გამოცემის საშუალო ტირაჟი 42 162 000-ია.

43 ჩარლზ ტეიზ რასელი არასოდეს უთქვამს ღვთისგან მოვლენილი წინასწარმეტყველი ვარო — რაშიც ხშირად სდებენ ხოლმე ბრალს გაბატონებული ქრისტიანული სამყაროს ეკლესიათა წარმომადგენლები. არც იმას ამბობდა ბიბლიის მწერლებივით, ღვთის სული წმინდა მალაპარაკებსო და არც იმას ამბობდა, ჩვენს კვლევებში შეუძლებელია შეცდომა გაიპაროსო. რასელი ამბობდა იმას, რაც სინამდვილეში იყო — ბიბლიის მკვლევარი! რასელი არც იმას ამბობდა, (რაშიც ცილს სწამებენ ხოლმე დღეს) პირველი მე ვარ ვინც ნომინალური ქრისტიანული ეკლესიების დოგმატური სწავლებების არაბიბლიური წარმოშობა აღმოაჩინა და გამოააშკარავაო. მსგავს რამეს რასელი ვერ იტყოდა, რადგან ზემოთ ჩამოთვლილი ცნობილი მკვლევარები ჩარლზ ტეიზ რასელისთვის უცხონი არ ყოფილან. ამასთან ერთად, ჩარლზ რასელს არ ეუხერხულებოდა იმის აღიარება, რომ მას მნიშვნელოვან დახმარებას უწევდნენ  თავისი წინამორბედო ჯონას ვენდელი, ჯორჯ სტორსი და ნელსონ ბარბერი და სხვები. როგორც ხედავთ, ისტორია ცხადყოფს, რომ არც რასელს და არც იეჰოვას მოწმეებს, არასოდეს უთქვამთ, მხოლოდ რასელი და იეჰოვას მოწმეები ვართ ერთადერთი და განუმეორებელნი, რომლებმაც ქრისტიანული სამყაროს ეკლესიების ცრუ სწავლებების არაბიბლიური წარმომავლობა დავინახეთ და გამოვააშკარავეთო. ეს რომ ასეა, ამას ზემოთ ჩამოთვლილი ადამიანების მოღვაწეობაც ადასტურებს და ისიც, რასაც ჩარლზ ტ. რასელი და იეჰოვას მოწმეები ასწავლიან. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ წარსულში მცხოვრებ მკვლევარებსა და რასელს შორის, მსგავსებაც ბევრი იყო და განსხვავებაც. მათ შორის არსებული მსგავსება იმაში მდგომარეობდა, რომ მიუხედავად იმისა შეცდომებიც მოსდიოდათ და რელიგიურ ჭეშმარიტებას ბოლომდე ვერ წვდებოდნენ, ჩარლზ რასელიც და მისი წინამორბედი მკვლევარებიც, ბიბლიის კვლევის საფუძველზე აშკარად ხედავდნენ, რომ ქრისტიანული სამყაროს ეკლესიები თავიანთი რელიგიური სწავლებებითა და მოღვაწეობით ცხადყოფდნენ, რომ სულიერ სიბნელეში იმყოფებოდნენ. განსხვავება კი იმაში მდგომარეობდა, რომ ჩარლზ ტეიზ რასელის მიერ ჩამოყალიბებული ბიბლიის მკვლევართა ჯგუფის საქმიანობა, ღმერთმა მოიწონა [საქმე 5:33-39] და აკურთხა, რასაც მათი მოღვაწეობის შედეგები და მას შემდეგ განვითარებული მოვლენები ადასტურებენ. აშკარაა, რომ ჩარლზ რასელი ღმერთმა ბევრი რამით დააჯილდოვა.

44 მისი მოღვაწეობის პერიოდი, ბნელით მოცულ ქვეყნერებაში სინათლის ხელახლა დადგომის დასაწყისი იყო. (მათ. 13:24—30, 36—40). ჩარლზ რასელს — ისევე როგორც ზემოთ მოხსენიებულ ბიბლიის გულმოდგინე მკვლევარებს — ზოგი ბიბლიური საკითხი სრულად არ ესმოდა და დამატებით კვლევას საჭიროებდა.

45 ჩარლზ ტეიზ რასელის მიერ ჩამოყალიბებულ ბიბლიის მკვლევართა პატარა ჯგუფს, ღმერთი დასაწყისიდანვე ეხმარებოდა რათა ისინი ბიბლიური ჭეშმარიტების თანდათანობით წვდომასთან ერთად (იგავნი 4:18; მარკოზი 4:26-29), მშვიდობისმოყვარე მსოფლიო ქრისტიანულ საძმოდ გამოძერწილიყვნენ (ესაია 60:22), ხოლო იმ დროიდან მოყოლებული, მსოფლიო სამქადაგებლო საქმიანობის მეშვეობით, ღმერთი ჭეშმარიტებას მოწყურებულ ადამიანებს სიბნელიდან სინათლისაკენ მოუხმობს. (მიქა 4:1).

Advertisements

3 responses to “სიბნელიდან სინათლისაკენ!

  1. SIBNELIDAN SINATLISKEN! RCMENA……BIBLIA HPENS NATELS

  2. გამარჯობათ!

    ხომ ვერ გამიზიარებდით, რატომ ხართ მასე აგრესიული? ამასთან ერთად, მაინტერესებს, რატომ გგონიათ მასე როგორც ამბობთ? რის საფუძველზე ფიქრობთ მასე? გთხოვთ თქვენი ვინაობაც გაამხილოთ პასუხში.
    მადლობთ

  3. “კაცს, რომელსაც სძულს სიმართლე სძულს ისიც ვინც ბედავს სიმართლის თქმას. …”
    -/?/
    “ჭეშმარიტება არ იჩაგრება იმით, რომ ვიღაცა მას არ იზიარებს”.
    -შილერი
    ……

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s