გალერეა

ბიბლიის რომელ თარგმანს მივანიჭოთ უპირატესობა?

ბიბლიის რომელ თარგმანს მივანიჭოთ უპირატესობა?

ბევრისთვის კარგადაა ცნობილი, რომ ბიბლია ძველ ებრაულ, არამეულ და ბერძნულ ენებზე დაიწერა. ვინაიდან დღეს ბიბლიურ ენებს ადამიანთა უმრავლესობა ვერ ფლობს, ბიბლიის წასაკითხად თარგმანებს მიმართავს.
დღეს ბიბლია მსოფლიოში ყველაზე მეტ ენაზე ნათარგმნი წიგნია. ბიბლიის ზოგიერთი ნაწილის წაკითხვა 2 500-მდე ენაზეა შესაძლებელი. ზოგ ენაზე ბიბლიის არაერთი თარგმანიც კი არსებობს. ქართულ ენაზეც არსებობს  რამდენიმე თარგმანი და ალბათ ხშირად გიფიქრიათ რომელი მათგანია საუკეთესო.
გონივრული გადაწყვეტილება რომ მიიღოთ, საჭიროა, გაიგოთ პასუხები შემდეგ კითხვებზე: ბიბლიის როგორი თარგმანები არსებობს? რით უპირატესობს ერთი თარგმანი მეორეზე? და რატომ გმართებთ სიფრთხილე, როცა ბიბლიის ზოგ თარგმანს კითხულობთ?

რადიკალურად განსხვავებული თარგმანები

  1. სტრიქონობრივი თარგმანი. სტილისტიკური თვალსაზრისით ბიბლიის მრავალი თარგმანი არსებობს, მაგრამ ისინი შეიძლება სამ ძირითად კატეგორიად დაიყოს. ამ კატეგორიებიდან ერთ-ერთს მიეკუთვნება სტრიქონობრივი თარგმანი. ეს ნიშნავს, რომ ასეთ თარგმანებში დედნისეულ ტექსტთან ერთად მოცემულია სიტყვა-სიტყვითი თარგმანი. სტრიქონობრივი თარგმანი მკითხველს საშუალებას აძლევს, დედნისეულ ტექსტთან ერთად ნახოს თითოეული სიტყვის ზუსტი თარგმანი. (ბიბლიის სიტყვა-სიტყვითი (სტრიქონობრივი) თარგმანი ქართულ ენაზე ჯერ-ჯერობით არცერთ რელიგიურ მიმდინარეობას არ გამოუცია).
  2. თავისუფალი თარგმანი. სიტყვა-სიტყვითი თარგმანისგან რადიკალურად განსხვავებულია თავისუფალი თარგმანი. მთარგმნელები, რომლებიც ბიბლიის ასეთ თარგმანზე მუშაობენ, ძალიან თავისუფლად უდგებიან ბიბლიის ცნობას და მას ისეთი სახით გადმოსცემენ, როგორც თავად ესმით, რადგან ფიქრობენ, რომ ასეთი თარგმანი უფრო დააინტერესებს მკითხველს. თავისუფალი თარგმანი ზოგისთვის შეიძლება მიმზიდველი იყოს, რადგან ის ადვილი წასაკითხია. მაგრამ, მთარგმნელების ასეთი თავისუფალი მიდგომა ზოგჯერ ბუნდოვანს ხდის ან ცვლის დედნისეული ტექსტის მნიშვნელობას.
  3. შუალედური. მესამე კატეგორიას მიეკუთვნება ისეთი თარგმანები, რომლებსაც ამ ორ, ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებულ, თარგმანებს შორის შუალედური ადგილი უკავია. ბიბლიის ასეთი თარგმანის მიზანი ისაა, რომ გადმოსცეს ის სული, რა სულშიც დაიწერა ესა თუ ის ტექსტი, და ამავე დროს იყოს აზრობრივად ზუსტი და ადვილად წასაკითხი.

ზოგი ფიქრობს რომ სიტყვა-სიტყვითი თარგმანი, საუკეთესოა. თუმცა, ასეთებისთვის ალბათ უცნობია, რომ მკაცრი სიზუსტით შესრულებული სიტყვასიტყვითი თარგმანი ხშირად საუკეთესოდ ვერ გადმოსცემს თითოეული ბიბლიური მუხლის აზრს. რატომ? ამის რამდენიმე მიზეზი არსებობს.

მოვიყვანოთ ორი მიზეზი:

1. არ არსებობს ერთნაირი გრამატიკის, ლექსიკისა და წინადადების წყობის მქონე ორი ენა. ებრაული ენის სპეციალისტი, პროფესორი ს. რ. დრაივერი ამბობს, რომ ენები „ერთმანეთისგან განსხვავდება არა მხოლოდ გრამატიკისა და ეტიმოლოგიის თვალსაზრისით, არამედ . . . აზრების ერთ წინადადებად შერწყმის მანერითაც“. სხვადასხვა ენაზე მოლაპარაკე ადამიანები სხვადასხვანაირად აზროვნებენ. „ამის შედეგად, — განაგრძობს პროფესორი დრაივერი, — წინადადებების წყობა ყველა ენაში სხვადასხვაგვარია“.
რადგანაც არც ერთი ენის ლექსიკა და გრამატიკა არა ჰგავს იმ ებრაული და ბერძნული ენების ლექსიკასა და გრამატიკას, რომლებზეც ბიბლია დაიწერა, ბიბლიის სიტყვასიტყვითი თარგმანი გაუგებარი ან არასწორი აზრის მატარებელიც კი იქნებოდა. მოდით გადავხედოთ რამდენიმე მაგალითს.
ეფესოელების მიმართ მიწერილ წერილში პავლე მოციქულმა გამოიყენა გამოთქმა κυβείᾳ τῶν ἀνθρώπων, რომელიც სიტყვასიტყვით ითარგმნება როგორც „ადამიანთა კამათლები“ (ეფესოელები 4:14). ამ გამოთქმაში იგულისხმება კამათლებით ადამიანების მოტყუება. მაგრამ მრავალ ენაში ამ ალუზიის სიტყვასიტყვით გადმოტანა აზრს მოკლებულია. ამ გამოთქმის თარგმნა როგორც „ადამიანთა მზაკვრობა“ უფრო გამართლებულია, რადგან ეს ფრაზა უფრო გასაგებად გადმოსცემს აზრს.
სხვა მაგალითი გახლავთ რომაელებისადმი მიწერილ წერილში პავლეს მიერ გამოყენებული ბერძნული გამოთქმა πνεύματι ζέοντες, რომელიც სიტყვასიტყვით ნიშნავს „სულით ადუღებას“ (რომაელები 12:11). პავლეს მიერ გამოყენებული გამოთქმის (სულით ადუღდით) სიტყვა-სიტყვით გადმოტანა ქართულ ენაში გაუგებარი იქნებოდა.  სინამდვილეში ეს გამოთქმა გულისხმობს „სულით ანთებას“.
ერთ-ერთი თავისი ყველაზე ცნობილი ქადაგებისას იესომ გამოიყენა გამოთქმა, რომელსაც ხშირად შემდეგნაირად თარგმნიან: „ნეტარ არიან სულით ღარიბნი“ (მათე 5:3).  ისევე როგორც ქართულ ენაში, მრავალ ენაზე ამ გამოთქმის სიტყვა-სიტყვითი თარგმანი გაუგებარია. მაგალითად, ზოგ შემთხვევაში გამოთქმა „სულით ღარიბნი“ („გლახაკნი სულითა“ – გ.მთაწმინდელის თარგმანი) ისეთ აზრსაც კი ტოვებს, რომ მუხლში საუბარია ფსიქიკურად გაუწონასწორებელ ან დასუსტებულ და გაუბედავ ადამიანებზე. მაგრამ ამ შემთხვევაში იესო ასწავლიდა ხალხს იმას, რომ მათი ბედნიერება დამოკიდებული იყო არა მათი ფიზიკური მოთხოვნილებების დაკმაყოფილებაზე, არამედ იმის გაცნობიერებაზე, რომ მათ ესაჭიროებოდათ ღვთის ხელმძღვანელობა (ლუკა 6:20). ამგვარად, ამ გამოთქმის გადმოცემა როგორც „სულიერს მოწყურებულნი“ ან „ისინი, ვისაც ესმით, რომ სჭირდებათ ღმერთთან ურთიერთობა“ („ახალი აღთქმა თანამედროვე ინგლისურ ენაზე“), უფრო ზუსტად გადმოსცემს იესოს სიტყვების მნიშვნელობას (მათე 5:3).
2.  სიტყვის ან გამოთქმის მნიშვნელობა შეიძლება იცვლებოდეს იმისდა მიხედვით, თუ რა კონტექსტში გამოიყენება. მაგალითად, ებრაული გამოთქმა, რომელიც ჩვეულებრივ ადამიანის ხელზე მიუთითებს, შეიძლება ფართო მნიშვნელობით გამოიყენებოდეს. კონტექსტიდან გამომდინარე ეს სიტყვა, მაგალითად, შეიძლება ითარგმნოს როგორც „ბატონობა“, „ხელგაშლილობა“ ან „ძალა“ (2 სამუელი 8:3; 1 მეფეები 10:13; ფსალმუნი 63:10). ფაქტობრივად, ეს ერთი სიტყვა „ბიბლიის — ახალი ქვეყნიერების თარგმანის“ ინგლისურ  გამოცემაში 40-ზე მეტი სხვადასხვა სახით არის გადმოტანილი.
რამდენადაც კონტექსტმა შეიძლება გავლენა მოახდინოს ამა თუ იმ სიტყვისა და გამოთქმის თარგმნაზე, ინგლისურ ენაზე გამოცემული ბიბლიის „ახალი ქვეყნიერების თარგმანი“ დაახლოებით 5 500 ბერძნულ ტერმინს თითქმის 16 000 ტერმინით თარგმნის, ხოლო დაახლოებით 8 500 ებრაულ ტერმინს — 27 000-ზე მეტი ტერმინით. (აღსანიშნავია, რომ ბიბლიის ზოგი ინგლისური თარგმანი გაცილებით მეტი სიტყვითა თუ ფრაზით თარგმნის ებრაულ და ბერძნულ სიტყვებს, და აქედან გამომდინარე, ნაკლებად თანმიმდევრულია). შეიძლება იკითხოთ, რატომ გახდა საჭირო თარგმნის დროს ამდენი სიტყვის გამოყენება? მთარგმნელობითმა კომიტეტმა დაასკვნა, რომ უფრო მნიშვნელოვანი იყო, სიტყვები აზრობრივად გადმოცემულიყო კონტექსტის მიხედვით, ვიდრე შესრულებულიყო სიტყვასიტყვითი თარგმანი. და მაინც, „ახალი ქვეყნიერების თარგმანი“ შეძლებისდაგვარად თანმიმდევრულად თარგმნის ებრაულ და ბერძნულ სიტყვებს.
ცხადია, ბიბლიის თარგმანი უფრო მეტ რამეს მოიცავს, ვიდრე დედნის ენიდან სიტყვების ყოველთვის ერთნაირად გადმოტანას. მთარგმნელებისგან გამჭრიახობა მოითხოვება, რათა სათანადო სიტყვები შეარჩიონ და დედნისეული ენიდან აზრები ზუსტად და გასაგებად გადმოიტანონ. ამასთანავე, მათ სიტყვები და წინადადებები თავიანთი ენის გრამატიკის წესების დაცვით უნდა შეაჯგუფონ.

რა შეიძლება ითქვას თავისუფალ თარგმანებზე?

მთარგმნელები, რომლებიც ბიბლიის თავისუფალ თარგმანებზე მუშაობენ, დედნისეულ ენაზე წარმოდგენილ ტექსტს საკმაოდ თავისუფლად უდგებიან. როგორ? ისინი საკუთარ აზრს უმატებენ იმას, რაც დედნის ტექსტშია ნათქვამი, ან ამ ტექსტიდან რაღაც ინფორმაციას იღებენ. თავისუფალი თარგმანი ზოგისთვის შეიძლება მიმზიდველი იყოს, რადგან ის ადვილი წასაკითხია. მაგრამ, მთარგმნელების ასეთი თავისუფალი მიდგომა ზოგჯერ ბუნდოვანს ხდის ან ცვლის დედნისეული ტექსტის მნიშვნელობას.

მოდით ვნახოთ, როგორ არის ნათარგმნი ბიბლიის ერთ-ერთ თავისუფალ თარგმანში იესოს ლოცვა: „ჩვენო ზეციერო მამა, გაგვიმჟღავნე ვინა ხარ“ (მათე 6:9, „ცნობა: ბიბლია თანამედროვე ენაზე“; ინგლ.). იესოს ამ სიტყვების უფრო ზუსტი თარგმანი შემდეგნაირად ჟღერს: „ჩვენო ზეციერო მამა, განიწმინდოს შენი სახელი“. ყურადღება მიაქციეთ აგრეთვე, როგორ არის ნათარგმნი ზოგიერთ ბიბლიაში იოანეს 17:26. ერთი ასეთი თავისუფალი თარგმანის თანახმად იესომ დაპატიმრების ღამეს მამას ლოცვაში უთხრა: „ვამცნე მათ შენ შესახებ“ („თანამედროვე ინგლისური თარგმანი“;ინგლ.). მაგრამ, იესოს ლოცვის უფრო ზუსტი თარგმანი ამ სიტყვებს შემდეგნაირად გადმოსცემს: „ვამცნე მათ შენი სახელი“. ხედავთ, ფაქტობრივად, როგორ მალავს ზოგი მთარგმნელი იმ ფაქტს, რომ ღმერთს აქვს სახელი, რომელიც უნდა გამოვიყენოთ და რომელსაც პატივი უნდა მივაგოთ?

რატომ გვმართებს სიფრთხილე?

ზოგი თავისუფალი და არაზუსტი თარგმანი აბუნდოვნებს დედნის ტექსტში ჩაწერილ აზრს. მაგალითად, მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ გამოცემულ „გ.მთაწმინდელის თარგმანში“ იოანეს 19:36-ში ვკითხულობთ: „ძუალი მისი არა შეიმუსროს“. მაშინ როცა ბერძნულ ენაზე დაწერილ ახალ აღთქმაში წერია: „მისი ძვალი არ გადატყდება“.
მთარგმნელის ნამუშევარზე გავლენა შეიძლება გარკვეულ მოძღვრებებზე წინასწარ შექმნილმა აზრმაც მოახდინოს. მაგალითად, „გ.მთაწმინდელის თარგმანში“ ბერძნული სიტყვა „ᾅδης“ (ჰადეს) „ჯოჯოხეთადაა“ გადათარგმნილი, მაშინ როცა სიტყვა „ᾅδης“ (ჰადეს) ნიშნავს „სამარეს“. ჰადესის შესატყვისი ლათინური სიტყვა ინფერნუს (ზოგჯერ ინფერუს) ქვემოთ მდებარეს, ქვედა სფეროს ნიშნავს და ზუსტად შეესატყვისება სიტყვა „სამარე“.

ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ გამოცემულ ბიბლიებში, სიტყვა „ჯოჯოხეთი“ გადათარგმნილია ებრაული სიტყვიდან „შეოლ“ და ბერძნული სიტყვიდან „ჰადეს“; ორივე „სამარეს“ ნიშნავს. ბიბლიის საქართველოს საპატრიარქოს გამოცემაში სიტყვა შეოლი (რომელიც ბერძნული სიტყვის „ჰადეს“-ის ექვივალენტია ებრაულ ბიბლიაში) 30-ჯერ ‘შავეთად’, 17-ჯერ ‘ქვესკნელად’, 17-ჯერ ‘ჯოჯოხეთად’, ერთხელ ‘სულეთად’ და ერთხელაც ‘საფლავად’ არის ნათარგმნი. ეს ცხადყოფს, რომ მოცემული სიტყვა აქ მოხსენიებულ ეკლესიურ თარგმანებში არათანმიმდევრულად და არაზუსტადაა გადმოცემული.

სინამდვილეში ეს სიტყვა [„ᾅδης“ (ჰადეს)] არ გულისხმობს არც სიამოვნებას და არც ტანჯვას და მათზე გადაკვრითაც კი არ მიუთითებს. ამგვარად,  მთარგმნელებმა სიტყვა „სამარე“ სიტყვა „ჯოჯოხეთით“ შეცვალა.  რატომ მოიქცა მთარგმნელი ასე? როგორც ჩანს, იმიტომ, რომ გაემართლებინა ის აზრი, თითქოს ბოროტები კი არ ნადგურდებიან, არამედ მარადიულად იტანჯებიან. ბიბლიის თანახმად, სიკვდილის დროს ადამიანი მტვერს უბრუნდება, სული კვდება და ადამიანი მეტად ვეღარ აზროვნებს და ვეღარაფერს გრძნობს (დაბადება 3:19; ეკლესიასტე 9:5, 6; ეზეკიელი 18:4). ბიბლიაში არსად არ წერია, რომ ბოროტ ადამიანთა სულები მარადიულად იტანჯებიან ცეცხლოვან ჯოჯოხეთში.

სხვა მაგალითს წარმოადგენს მოციქულ პავლეს მიერ რომაელებისადმი მიწერილი წერილის 14:10-ის მეორე ნაწილი, რომელიც ბერძნული ახალი აღთქმის დედნისეულ ტექსტში შემდეგნაირადაა მოცემული: „πάντες γὰρ παραστησόμεθα τῷ βήματι τοῦ θεοῦ“, რომლის ქართული თარგმანია:  „ყველანი წარვდგებით ღვთის სასამართლო ტახტის წინაშე“; ხოლო  ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ გამოცემულ გ.მთაწმინდელის ახალ აღთქმაში“, რომელიც ფართოდ გამოიყენება მართლმადიდებელი ეკლესიის მრევლის მიერ,  ვკითხულობთ: „რამეთუ ყოველნივე წარდგომად ვართ წინაშე საყდართა ქრისტესთა“. სამწუხაროდ, ზოგიერთი მთარგმნელი, იმისათვის, რომ ბიბლია თავის რელიგიურ შეხედულებებს მოარგოს,  ბიბლიის ტექსტის ქართულ ენაზე თარგმნისას, თვითნებურ ცვლილებებს ახორციელებს და ამგვარი ტენდენციური მოქმედებით,  შეცდომაში შეჰყავს მკითხველი.

რომელია საუკეთესო თარგმანი?

ბიბლია იმ ენებზე დაიწერა, რომლებზეც ჩვეულებრივი ადამიანები — მიწათმოქმედები, მწყემსები და მეთევზეები — ყოველდღე ლაპარაკობდნენ (ნეემია 8:8, 12; საქმეები 4:13). ამიტომ, ბიბლიის კარგი თარგმანი ის არის, რომელიც მასში მოცემულ ცნობას ნებისმიერი წარმოშობის მქონე ადამიანებს ზუსტად და გასაგებად გადასცემს.

კარგი თარგმანი შემდეგ მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს:

  • სიტყვასიტყვით უნდა იყოს ნათარგმნი, თუ დედნისეული ტექსტის სიტყვები და სტრუქტურა იძლევა ამის საშუალებას.
  • სწორად უნდა გადმოსცემდეს სიტყვებსა თუ ფრაზებში ჩადებულ აზრს იმ შემთხვევაში, როცა სიტყვასიტყვითი თარგმანი აზრს ბუნდოვანს ხდის ან მას მნიშვნელობას უცვლის.
  • დაწერილი უნდა იყოს ბუნებრივი და ადვილად გასაგები ენით, რათა მკითხველს სიამოვნებდეს მისი წაკითხვა.

ალბათ იკითხავთ, არსებობს თუ არა ასეთი თარგმანი? დღეს მილიონობით მკითხველი სიამოვნებით იყენებს ბიბლიის „ახალი ქვეყნიერების თარგმანს“. რატომ? იმიტომ, რომ ისინი ეთანხმებიან იმ მეთოდებს, რომელთა გამოყენებითაც მთარგმნელობითმა კომიტეტმა შეასრულა ბიბლიის ეს თარგმანი. მათი მიდგომის შესახებ ამ თარგმანის გამოცემის წინასიტყვაობაში ვკითხულობთ: „ჩვენ ბიბლიის თავისუფალ და ტენდენციურ თარგმანს არ გთავაზობთ. ჩვენ ყველგან ვეცადეთ, შეძლებისდაგვარად გაგვეკეთებინა სიტყვა-სიტყვითი თარგმანი, სადაც კი თანამედროვე ენა გვაძლევდა ამის საშუალებას და სადაც სიტყვა-სიტყვითი თარგმანი დედნისეულ აზრს არ კარგავდა და არ აბუნდოვნებდა“.

ბიბლიის „ახალი ქვეყნიერების თარგმანი“ მთლიანად თუ ნაწილობრივ 60-ზე მეტ ენაზეა გამოცემული. ამ თარგმანის საერთო ტირაჟი 145 000 000-ს აღემატება! ეს თარგმანი ქართულ ენაზეც არის ხელმისაწვდომი:    — „ახალი ქვეყნიერების თარგმანი“, და ნახეთ, რამდენად სასარგებლოა ბიბლიის ამ ზუსტი თარგმანის გამოყენება!

Advertisements

2 responses to “ბიბლიის რომელ თარგმანს მივანიჭოთ უპირატესობა?

  1. გამარჯობა. ერთი შეკითხვა მაქვს, რა თქმა უნდა თუ გაქვს ინფორმაცია. მაინტერესებს საქართველოს საპატრიარქოს თარგმანი რომელი წყაროდანაა ნათარგმნი? დიდი მადლობა წინასწარ!

    • იმედა ჩოხელი

      როგორც მახსოვს, სსგ (საქართველოს საპატრიარქოს გამოცემა) ეყრდნობა სეპტუაგინტას და ძველ ქართულ თარგმანებს.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s