გალერეა

„სიტყვა [ლოგოსი] იყო ღმერთთან“— (ნაწილი მესამე)

1 დასაწყისში იყო სიტყვა [ლოგოსი], სიტყვა იყო ღმერთთან და სიტყვა იყო ღმერთი. 2 ის დასაწყისში ღმერთთან იყო. 3 ყველაფერი მისი მონაწილეობით გაჩნდა, მის გარეშე არაფერი გაჩენილა.“ იოანეს სახარება 1:1—3.

ეს გახლავთ, აქ განთავსებული სტატიების მესამე ნაწილი, რომელიც იოანეს სახარების პროლოგში ჩაწერილი სიტყვების ფართე სპექტრში განხილვას ემსახურება. პირველ და მეორე ნაწილში განხილული იყო საკითხები, რაც მკითხველს დაეხმარება იმის გაგებაში, თუ რას გულისხმობდა მოციქული იოანე თავისი სახარების შესავალში ჩაწერილ სიტყვებში:  „დასაწყისში იყო სიტყვა, სიტყვა იყო ღმერთთან“.

ამ ნაწილშკი კი განხილული იქნება შემდეგი საკითხები: რატომ ეწოდება ღვთის ძეს, იესო ქრისტეს  1) „ძე“, „ღვთის ძე“, 2) „სიტყვა“ (ბერძ. „ლოგოს“-ი), 3) „ღმერთი“, 4) „მხოლოდშობილი ღმერთი“; „მხოლოდშობილი ძე“; „შობა“ 5) „პირმშო“, 6) „უფალი“ და 7) „ამინი“, რომელსაც ფონად დაერთვება ნომინალური ქრისტიანული ეკლესიის და მათი „მამების“ შესახებ მცირე ისტორიული ექსკურსი თუ საიდან წარმოიშვა მათი რელიგიური იდეები და სწავლებები.

ვიდრე ბიბლიაში ჩაწერილი სიტყვების, გამოთქმებისა თუ ტერმინების გაგებას შეეცდება ადმაიანი, კარგად უნდა ახსოვდეს, რომ ბიბლიის დამწერები ღვთის შთაგონებული მწერლები იყვნენ და რასაც წერდნენ, ღვთის შთაგონებით  წერდნენ.

ამასთან დაკავშირებით ბიბლიაში ვკითხულობთ: მთელი წმინდა წერილი ღვთისგან არის შთაგონებული და სასარგებლოა სასწავლებლად, შესაგონებლად, გამოსასწორებლად და სიმართლეში აღსაზრდელად, რათა ღვთის კაცი ყველაფერში ჩახედული და ყოველმხრივ მომზადებული იყოს“. 2 ტიმოთე 3:16,17.

ბიბლიაში აგრეთვე  ქრისტიანობის დამფუძნებლის, იესო ქრისტეს სიტყვებს ვკითხულობთ, რომელმაც თქვა: დამხმარე, წმინდა სული, რომელსაც მამა გამოგზავნის  ჩემი სახელით, ყველაფერს გასწავლით და ყველაფერს გაგახსენებთ, რაც კი თქვენთვის მითქვამს. იოანე 14:26.

და ბიბლიის ერთ-ერთი მწერალი, მოციქული პეტრე კი წერს: წინასწარმეტყველება არასოდეს წარმოთქმულა ადამიანის ნებით, არამედ ადამიანებს, წმინდა სულით აღძრულებს, ღმერთი ალაპარაკებდა.2 პეტრე 1:21. ამგვარად, ბიბლია ნათლად წარმოგვიდგენს, რომ ის რაც მასშია ჩაწერილი, ღვთისგან არის შთაგონებული;  სიტყვები, რომელიც ბიბლიაში ჩაიწერა, ადამიანისგან კი არა, ღვთისგანაა, და ბიბლიის მწერლებს თავისი ნების შესაბამისად ალაპარაკებდა და აწერინებდა, ანუ სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ღმერთმა თავისი  სიტყვა წერილობითი სახით ადამიანის ხელით დაწერა. ამიტომ ბიბლიის დამწერთა მიერ  ღვთის პიროვნების აღწერილობა სინამდვილეში, თავად ღვთის მიერვე მოცემული აღწერილობაა. ამასთან ერთად, უნდა გვახსოვდეს, რომ თვითონ ღვთის მიერ შთაგონებული და აღძრული ბიბლიის მწერლები  ღვთის ვინაობისა და რაობის, მისი თვისებებისა და სურვილების, მისი შეხედულებებისა თუ განზრახვების წერილობითი სახით გადმოცემისას, ისეთ სიტყვებს იყენებდნენ, რომლებიც ადამიანებთან ყოველდღიურ მიმართებაში გამოიყენება და რაც  ადამიანებისთვის სრულიად გასაგები იყო, რათა ადამიანისთვის დამახასიათებელი თავისებურებებით, ადამიანისთვის გასაგებ ენაზე ყოფილიყო გადმოცემული ღვთისგან მომდინარე ცნობები; და ცნობათა ამგვარი გადმოცემა დაწერილის მიზანს აღწევდა და ადმიანისთვის გასაგები ხდებოდა, რისი თქმაც თვითონ ღმერთს სურდა.

ამიტომ, ბიბლიაში ჩაწერილია არა ის, რასაც ადამიანები მიაწერენ ხოლმე ღმერთს (თავიანთი ცოდნით, განათლებულობით, შეხედულებებით,  ფილოსოფიური ტერმინოლოგიებით, მჭერმეტყველობითა თუ ადამიანური სიბრძნით), არამედ ის, რასაც უშუალოდ ღმერთი აღწერს ადამიანისთვის გასაგებ ენაზე ისეთი სიტყვების გამოყენებით, რომლებიც ადამიანების მიერვე ყოველდღიურ ცხოვრებაში გამოიყენება და რომელი სიტყვებიც იმ დატვირთვას ატარებენ, რა დატვირთვაც მათ ჩვეულებრივ, ყოველდღიური  გამოყენებისას აქვთ. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ბიბლიაში ისეთივე მნიშვნელობით გამოიყენება სიტყვები, რა მნიშვნელობითაც ადამიანები იყენებენ მათ. ბიბლიაში არცერთ სიტყვას არ აქვს მიწერილი ისეთი ზემნიშვნელობები“, რაც ადამიანებისთვის უცხო ან ახალი იქნებოდა და რომელსაცეკლესიის მამებიმიაწერენ ხოლმე თავიანთ სწავლებებში, რომლის შესახებაც ქვემოთ ვისაუბრებ.

ღვთის სიტყვაში მოცემული ძირითადი ჭეშმარიტება რთული არაა. ლოცვაში იესომ ასეთი რამ თქვა: „გადიდებ, შენ მამაო … რადგან დაუფარე ეს ბრძენთა და გონიერთ და განუცხადე ჩვილებს“ (მათე 11:25). ღმერთმა თავისი განზრახვები „ჩვილებს“ ანუ გულწრფელ და თავმდაბალ ადამიანებს გაუცხადა. (1 კორინთელთა 1:26—28).   ამგვარად, ბიბლიური ჭეშმარიტების ძირითადი თავისებურება უბრალოებაა.

იესო თავის მსმენელებს, რომელთა უმეტესობაც „უსწავლელი და უბრალო“ ადამიანი იყო [საქმეები 4:13], მაღალფარდოვანი სიტყვებითა და ფილოსოფიური ტერმინოლოგიით კი არ ესაუბრებოდა, არამედ  გასაგები, უბრალო ენით ესაუბრებოდა, რათა ნათქვამი ბოლომდე გაეგოთ მსმენელებს, ანუ ნათქვამს მიზნისთვის მიეღწია.  მოკლედ რომ ვთქვათ, იესოც და ბიბლიის დამწერებიც,  მარტივი სიტყვებით ღრმა ჭეშმარიტებას გადმოსცემდნენ.

1)  „ძე“, „ღვთის ძე

ბიბლიაში „ღვთის ძეები“ ღვთის მიერ შექმნილ მოაზროვნე სულიერ ქმნილებებს, ანგელოზებს ეწოდებათ (იობ. 1:7; 2:1,2; 38:4—7) და იმ ადამიანებსაც, რომელიც ღმერთმა გამოარჩია ხალხებიდან და ერებიდან და რომლებთანაც გარკვეული სახის შეთანხმება დადო. (გამოსვ. 4:22, 23; 34:8-28; ფს. 2:1,2,7—12). ბიბლია იესო ქრისტეს ვინაობას და მდგომარეობას მრავალი სიტყვით აღგვიწერს და მათ შორის ერთ-ერთია „ღვთის ძე“.

ღმერთი თავის ქმნილებებს, პირმშო ძესა და სხვა ძეებს, იმიტომ უწოდებს თავის ‘ძეებს’ და იმიტომ აღწერს თავის თავს მათ მამად, რომ ყოველივე ცოცხალი არსების სიცოცხლის წყარო,  ფუძემდებელი და წარმომშობი თავადაა და ყველა არსება, მათ შორის პირმშო ძეც, მისით ცოცხლობს. (წაიკითხეთ იოანე 6:57; ფსალმუნები 36:9; იობი 33:4; იერემია 2:13; მოციქულთა საქმეები 17:28). ბიბლიაში საკუთარი თავის  „მამად“ აღწერისას, ღმერთს არ მიუნიჭებია ამ სიტყვისათვის რაიმე ახალი, არაჩვეულებრივი „ზე-მნიშვნელობა“, რაც განსხვავებული მნიშვნელობის მატარებელი იქნებოდა ამ სიტყვის ნამდვილი  მნიშვნელობისგან.

ნომინალური ქრისტიანული სამყაროს ეკლესიების წარმომადგენლები კი ბიბლიაში ჩაწერილ სიტყვებს არაბიბლიურ მნიშვნელობას ანიჭებენ, ანუ ისეთ მნიშვნელობებს მიაწერენ მათ, რომლებსაც ბიბლიური საფუძველი არ მოეძებნება, და ასე იმიტომ იქცევიან, რომ სწავლებას „სამების“ შესახებ, როგორმე მოუძებნონ ბიბლიური საფუძველი.

იმისათვის, რომ ბიბლიაში ჩაწერილი ცნობები ზუსტად ისე აღვიქვათ, როგორც თვითონ ბიბლია წარმოგვიდგენს მათ, აუცილებელია ყველა ბიბლიური გამოთქმა, სიტყვა (თუ ტერმინი) ისე გავიგოთ, რა მნიშვნელობებსაც ისინი ატარებენ სინამდვილეში და შესაბამისად, რა მნიშვნელობითაც ბიბლიაშია წარმოდგენილი და არა ე.წ. „ზემოსაზრებებით“, ბიბლიური სიტყვებისთვის ახალი მნიშვნელობების მიწერით თუ ფილოსოფიური ტერმინოლოგიებით, რომლებიც „ეკლესიის მამების“ სუბიექტურ მოსაზრებებს წარმოადგენენ და იმას ემსახურება, რომ ბიბლიაში ჩაწერილი სიტყვები და აზრები საკუთარ რელიგიურ  შეხედულებებს მოარგონ.

სამების მომხრეები, სიტყვებს: „ღვთის ძე“, „პირშო“ და  „მხოლოდშობილი“, ისეთ ინტერპრეტაციებს უკეთებენ, თითქოსდა ამ სიტყვებს თავიანთი ნამდვილი მნიშვნელობების ნაცვლად, რაღაც გასაიდუმლოებული, ზეადამიანური, არაჩვეულებრივი მნიშვნელობები ჰქონდეთ; ისეთი მნიშვნელობები, რომლებიც არსად არ გამოიყენება და თითქოსდა მათი მნიშვნელობების ცოდნა, ნომინალური ქრისტიანული ეკლესიის „წმინდა მამების“ განმარტებით შეიძლება მხოლოდ.  საკითხისადმი ამგვარი მიდგომა და დამოკიდებულება დასაწყისშივე ძალადობრივია, რადგან „ეკლესიის მამები“ თვითნებურად ისაკუთრებენ ბიბლიაში ჩაწერილი ცნობების ახსნა-განმარტების უფლებამოსილებას და ამგვარი სტატუსით, ბიბლიაში გამოყენებულ სიტყვებს დამატებით მნიშვნელობებს აძლევენ და ამ სახით ადამიანებს შთააგონებენ იმისკენ, რომ გაბატონებული, ნომინალური ქრისტიანული ეკლესიების წამრომადგენელთა [პირად მოსაზრებებზე შექმნილი ეკლესიის დოგმატური სწავლებები და] ინტერპრეტაციები, ბიბლიის სწორუპოვარ განმარტებად და სწავლებად მიიჩნიოს ხალხმა და სწორედ ამ სტატუსში საკუთარი თავის წარდგენით, მრავალი ადმაიანი შეყავთ შეცდომაში.

ვინც დაიჯერა, რომ იესო ღმერთია, ძნელია იმის გაგება, თუ რატომ ეწოდება მას ღვთის ძე. იმის ნაცვლად, რომ პასუხი ბიბლიაში მოიძიონ, ზოგი სამების მომხრეთა მიერ ღმერთზე და მის ძეებზე, „ეკლესიის მამების“ მიერ შექმნილ შეხედულებებს იზიარებენ, რომელი შეხედულებებიც ბიბლიაში ჩაწერილი სიტყვებისთვის ყალბი მნიშვნელობების მიწერის საფუძველზეა ჩამოყალიბებული და არა იმაზე, რასაც თავად ბიბლია ასწავლის. სამების მომხრეების აზრით, იესო ქრისტე იმ გაგებითაა ღვთის ძე, რომ ის როგორღაც (რასაც ადმაიანი ვერასდროს ჩასწვდება და თურმე ადამიანმა უბრალოდ უნდა დაიჯეროს რომ ასეა) ‘მარად იშობება’, ‘შობის მუდმივ პროცესშია’, ‘ღვთის გონიდან გამომავალი სიტყვაა’, რომელიც „მარად ღვთაებრივი დაუსრულებელი ცხოვრების პროცესში იშვება წიაღთა ღვთისა მამისაგან“.

ამგვარი მოსაზრება არაბიბლიურია, რომელიც უმთავრესად სათავეს იღებს იესო ქრისტეს მოციქულების სიკვდილის შემდეგ ახ. წ. II საუკუნის დასაწყისიდან დაწყებული, პირველი ე.წ. „ეკლესიის მამების“ ურთიერთ გამომრიცხავი შეხედულებებიდან; რომელთა რელიგიურ შეხედულებები ნეოპლატონური იდეებით იყო გამსჭვალული, რაც მათ აზროვნებაზე ძალიან დიდ ზეგავლენას ახდენდა, და რაც „ეკლესიის მამების“ შეხედულებებს აყალიბებდა. გადიოდა დრო და „ეკლესიის მამები“ სულ უფრო და უფრო ექცეოდნენ ნეოპლატონიზმის გავლენის ქვეშ, რაც სამების მომხრეებს ნოყიერ ნიადაგს უქმნიდა რათა მოგვიანებით ეკლესიურ კრებებზე („მფოფლიო საეკლესიო კრებებზე“) სამების დოგმატი შეემუშავებინათ, ჩამოეყალიბებინათ და საბოლოო დოგმატად გამოეცხადებინათ. წიგნი პირველი სამი საუკუნის ეკლესია  განმარტავს:სამების შესახებ დოგმატი . . . სათავეს ებრაული [ძვ. აღთქმიდან] და ქრისტიანული წერილებიდან [ახ. აღთქმიდან] კი არ იღებს, არამედ მათგან სრულიად განსხვავებული წყაროდან“.  საიტერესოა რა წყაროდან? იგივე წიგნი განმარტავს, რომ ამგვარი რელიგიური შეხედულებები და შესაბამისად სამების დოგმატი ქრისტიანობაში პლატონის მიმდევარი მამების მეშვეობით შემოვიდა და დამკვიდრდა“.

ამგავარად, ახ. წ. II საუკუნის შუა პერიოდში ყველა, ვინც საკუთარ თავს ქრისტიანად აცხადებდა, თავის რწმენას იცავდა იმ ქრისტიანებისგან, რომლებსაც განსხვავებული ქრისტიანული შეხედულებები ჰქონდა. იმ დროს მცხოვრები „ქრისტიანები“, ერთმანეთის „სამხელ“ ნაშრომებს ქმნიდნენ და მათში,  ერთმანეთს „მწვალებლებად“ მოიხსენიებდნენ. ასე იმიტომ იქცეოდნენ, რომ ერთმანეთისგან განსხვავებული ქრისტიანული მოსაზრებები ჰქონდათ. ერთი მეორეს უწოდებდა „მწვალებელს“ და „ერეტიკოსს“ , მეორე მესამეს და ა.შ. როგორც ისტორია გვამცნობს, ეს ძალიან ბევრი თეოლოგიური შეხედულების ხანა იყო. მაგალითად, იესოს „ღვთაებრიობის“ საკითხებზე, სულიწმიდის ბუნებისა თუ მოქმედების შესახებ რელიგიური დებატები მაშინ მხოლოდ ინტელექტუალურ დაყოფებს როდი იწვევდა. „ქრისტიანულ“ დოგმატებთან დაკავშირებით დიდი უთანხმოებები და განხეთქილებები პოლიტიკურ და კულტურულ სფეროებშიც გადავიდა და ზოგჯერ არეულობის, აჯანყების, მოქალაქეებს შორის კონფლიქტებისა და ომის მიზეზიც კი ხდებოდა. ისტორიკოსი პოლ ჯონსონი ამ „ქრისტიანებზე“ წერდა, რომარსებობა არეულობით, დაპირისპირებულობითა და განხეთქილებით დაიწყო და ასევე განაგრძო. . . ხმელთაშუა ზღვის ცენტრალურ და აღმოსავლეთ ნაწილისკენ ახ. I და II საუკუნეებში რელიგიური იდეების უწყვეტი ნაკადი მიედინებოდა და ყველა თავისი იდეის დასაცავად იბრძოდა. . . იმ დროს თავიდანვე არსებობდა მრავალგვარი ქრისტიანობა, რომლებსაც ერთმანეთთან ძალიან ცოტა რამ თუ ჰქონდათ საერთო“.

   იმ დროიდან (ანუ ახ.ით I საუკუნის მიწურულიდან და II საუკუნის დასაწყისიდან) აყვავება იწყო იმ მწერლებისა და მოაზროვნეების იდეებმა, რომლებიც ფიქრობდნენ, რომქრისტიანულისწავლებების ასახსნელად ფილოსოფიური ტერმინების გამოყენება იყო აუცილებელი.

დრო და დრო, „ქრისტიანულ“ თეოლოგიაში, თავი იჩინა ისეთმა არაბიბლიურმა ტერმინებმა თუ გამოთქმებმა,  როგორიცაა: „ჰიპოსტასი“, „ერთარსი“, „სამჰიპოსტასოვანი არსება“, „სამჰიპოსტასოვანი ერთღმრთეება“, „სამება ერთღმრთეება“, „ღმრთეების სამი ზეღმერთი გვამოვნება“, „მარადის შობილი“, „დაუსაბამოდ და უჟამოდ შობილი“, „შობილი და არა ქმნილი“, „დაუსრულებდლად შობა“, „ძე-ღმერთი“, ღმერთ-კაცი“ და სხვა, რომელი ტერმინებიც, როგორც უკვე აღვნიშნე, ბიბლიაში არ მოიძებნება და მსგავს გამოთქმებს, მოსაზრებებსა თუ სწავლებებს, ბიბლიური საფუძველი არ გააჩნია და არსობრივად შემუშავებული იქნა „ეკლესიის მამების“ მიერ. თუ როგორ, ქვემოთ ვისაუბრებ.

ქრისტიანულისამყაროს .. „ეკლესიის მამები

„ქრისტიანობაზე“ ახლად მოქცეული განათლებული წარმართების დასაკმაყოფილებლად „ეკლესიის მამებად“ ცნობილი რელიგიური მწერლები უმეტესწილად ადრეულ ბერძნულ ლიტერატურას ეყრდნობოდნენ და არა ბიბლიის უბრალო და გასაგები ენით გადმოცემულ  სწავლებას.

ისტორიულად, იუსტინე წამებულიდან მოყოლებული (დაახლ. ახ. წ. 100-165), რომელიც ბერძნულად წერდა, ე.წ. ქრისტიანობა ბერძნული კულტურის ფილოსოფიურ მემკვიდრეობას სულ უფრო და უფრო ისისხლხორცებდა.

ეს კარგი ნიადაგი აღმოჩნდა ორიგენეს (დაახლ. ახ. წ. 185-254), ალექსანდრიელი ბერძენი სწავლულის, ნაშრომებისთვის. ორიგენეს ტრაქტატი „ძირითად პრინციპებზე“ (On First Principles) იმის პირველი მცდელობა იყო, რომქრისტიანულითეოლოგიის ძირითადი დოგმატები ბერძნული ფილოსოფიის ტერმინებით ახსნილიყო.

ნიკეის კრება, (ახ. წ. 325) რომელზეც შეეცადნენ ქრისტეს „ღვთაებრიობის“ ახსნასა და დადგენას, ის ნიშანსვეტი იყო, რომელმაც „ქრისტიანული“ დოგმატის ინტერპრეტაციას ახალი იმპულსი შესძინა. აღნიშნული (ნიკეის) კრებით დაიწყო ხანა, რომლის განმავლობაშიც საყოველთაო საეკლესიო კრებები დოგმატების სულ უფრო კონკრეტულად განსაზღვრას ცდილობდა.

ევსები კესარიელს, რომელიც ნიკეის პირველი კრების დროს აქტიურად წერდა, ახლო ურთიერთობა ჰქონდა ფაქტიურად წარმართ (თუ არ ჩავთვლით სიკვდილის წინ მის მონათვლას) იმპერატორ კონსტანტინესთან. ნიკეის კრებიდან ას წელზე ცოტა მეტი ხნის შემდეგ თეოლოგები, რომელთაგან უმრავლესობა ბერძნულად წერდა, ხანგრძლივ და ცხარე კამათში ჩაებნენ სამების დოგმატთან დაკავშირებით, რაც ქრისტიანული სამყაროს განმასხვავებელი დოქტრინა უნდა ყოფილიყო. მათ შორის მთავარი ფიგურები იყვნენ ათანასე, ალექსანდრიის თავდაჯერებული ეპისკოპოსი, და სამი კაბადოკიელი (მცირე აზია) ეკლესიის წინამძღოლი — ბასილი დიდი, მისი ძმა გრიგოლ ნოსელი და მათი ახლო მეგობარი გრიგოლ ნაზიანზელი.

იმ ეპოქის ქრისტიანმა მწერლებმა და მქადაგებლებმა მჭევრმეტყველებაში დიდ წარმატებებს მიაღწიეს. გრიგოლ ნაზიანზელი და იოანე ქრისოსტომი (ოქროპირი) ბერძნულ ენაზე, აგრეთვე ამბროსი მედიოლანელი და ჰიპონის ეპისკოპოსი ავგუსტინე ლათინურზე შესანიშნავი ორატორები — თავიანთი დროის ყველაზე პატივსაცემი და პოპულარული ხელოვნების დარგის ოსტატები — იყვნენ. ესენი ისინი იყვნენ, რომლებიც ძალ-ღონეს არ იშურებდნენ და მაქსიმალურად ცდილობდნენ, რომ ქრისტიანულითეოლოგიის ძირითადი დოგმატები ბერძნული ფილოსოფიის ტერმინებით აეხსნათ, რომელიმჭერმეტყველებიცბიბლიაში ჩაწერილ სიტყვებს, რაღაც სხვა, ახალ მნიშვნელობაბს ანიჭებდნენ, რომლითაც ცდილობდნენ თავიანთი რელიგიური ხედვისთვის ბიბლიური საფუძველი შეექმნათ; და რაც ყველაზე საყურადღებოა, ბიბლიაში უბრალო ენით გადმოცემულ სწავლებებზე დაყრდნობის ნაცვლად, ისინი ბერძნული ფილოსოფიის საფუძვლებზე დაყრდნობით ცდილობდნენ ქრისტიანული სწავლებებისგაშიფვრას“ .

არც ისე დიდი ხნის წინათ, ერთ-ერთმა მართლმადიდებელმა მიტროპოლიტმა (კერძოდ კი მეთოდიუს პისიდიელმა) დაწერა წიგნი „ქრისტიანობის ელინისტური საფუძვლები“ (The Hellenic Pedestal of Christianity), რათა ცხადი გაეხადა, რომ ბერძნულმა კულტურამ და ფილოსოფიამ განაპირობა თანამედროვე „ქრისტიანული“ აზროვნების ინფრასტრუქტურის ჩამოყალიბება. მართლმადიდებელი მიტროპოლიტი თავის წიგნში ყოველგვარი ყოყმანის გარეშე აღიარებს:

ეკლესიის თითქმის ყველა გამოჩენილი მამა ბერძნულ ელემენტებს ყველაზე სასარგებლოდ მიიჩნევდა და სესხულობდა კიდეც მათ კლასიკური ბერძნულიდან იმ მიზნით, რომ მათი საშუალებით ქრისტიანული ჭეშმარიტებანი გაეგოთ და სწორად გადმოეცათ“.

ყურადღება მიაქციეთ მიტროპოლიტის მიერ აღნიშნულ ფაქტს, რომ ეკლესიის მამები, ‘ბერძნულ ელემენტებს ყველაზე სასარგებლოდ მიიჩნევდნენ და სესხულობდდნენ მათ“.   რა მიზნით? მიტროპოლიტმა თვითონვე აღნიშნა: „იმ მიზნით, რომ მათი საშუალებით ქრისტიანული ჭეშმარიტებანი გაეგოთ“.  

ამგვარად, „ეკლესიის მამების“ სტრატეგიის ამოსავალი წერტილი გახდა ის, რომ ქრისტიანული აზრები და სწავლებები ბერძნული ფილოსოფიის ფონზე გაეშიფრათ. ცხადია მათ მცდელობას უშედეგოდ არ ჩაუვლია და სათანადო ნაყოფიც გამოიღო. ამ ახალი სტრადეგიის შედეგი ის იყო, რომ ქრისტიანობა და წარმართული ფილოსოფია ერთმანეთში აირია. როგორ შეიძლებოდა ასეთი რამ  მომხდარიყო? ეს მოხდა შემდეგნაირად:

  1. „ეკლესიის მამები“ ერთმანეთს ადარებდნენ და პარალელებს ავლენდნენ ბიბლიაში გამოყენებული სიტყვების მნიშვნელობას ბერძნულ ფილოსოფიაში გამოყენებული სიტყვების მნიშვნელობებს; პარალელებს ავლებდნენ ბერძნულ ღვთაებებსა და ბიბლიურ პერსონაჟებს შორის.
  2. ბერძნულ ფილოსოფიურ ტერმინოლოგიებს და მათ მნიშვნელობებს სესხულობდნენ, და ბიბლიაში ჩაწერილი სიტყვების მნიშვნელობათა ახსნას, ბერძნული ფილოსოფიური ენითა და ფილოსოფიური ტერმინების გამოყენებით ცდილობდნენ.

სწავლულის, ჯონ მაკენზის  „ბიბლიის ლექსიკონი“ განმარტავს: «სამების ერთბუნებოვნების განსამარტავად იყენებენ ისეთ ტერმინებს, როგორიცააპირი“ [იპოსტასი] დაარსი“. ეს არის ბერძენ ფილოსოფოსთა ტერმინები, რომლებიც ბიბლიაში არ გვხვდება [ღმერთთან დაკავშირებით]. „სამებისფორმულირებას წინ უძღოდა ხანგრძლივი დაპირისპირებები, რომელთა დროსაც [ამ და სხვა ტერმინებს] ზოგი თეოლოგი უმართებულოდ მიაკუთვნებდა ღმერთს».

მაგალითად: წოდება „ლოგოსი“, რაც ქართულ ენაზე „სიტყვას“ ნიშნავს (იოანე 1:1), ბიბლიაში განკაცებამდელ იესოზეა გამოყენებული  და ბიბლია თვითონვე აღგვიწერს მას იმ არსებად, ვინც ღვთის ნაცვლად ლაპარაკობს — იოანე 1:1-3;14-18; გამოცხადების 19:11-13 და ამ მნიშვნელობით უწოდებს მას ღვთის „სიტყვას“. ბიბლია სხვა „ლოგოსის“ შესახებ, არ ასწავლის. „ეკლესიის მამებმა“ კი, ბიბლიის სწავლება ბერძნულ ფილოსოფიაში არსებული იდეებით გაჟღენთეს, რის შედეგადაც „ლოგოსთან“ დაკავშირებული ბიბლიის ნათელი თვალსაზრისი დაამახინჯეს. მაგალითად, კათოლიკური ეკლესიის მიერ წმინდანად შეირაცხული იუსტინე წამებული ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც დაამახინჯა ბიბლიური სწავლება ‘ლოგოსის’ შესახებ. იუსტინე ფილოსოფოსივით მანიპულირებდა ამ ბერძნული სიტყვის „ლოგოსის“ ორი შესაძლო მნიშვნელობით: „სიტყვა“ და „გონება“. ის ამბობდა, რომ ქრისტიანებმა „სიტყვა“ (ლოგოსი) ქრისტეს  სახით მიიღეს და ამასთან  ერთად, იმასაც ამბობდა რომ „სიტყვა“ (ლოგოსი), როგორც „გონება“, თითოეულ ადამიანს აქვს, მათ შორის წარმართებსაც. ამიტომ, იუსტინემ დაასკვნა, რომ ყველა, ვინ გონებით ხელმძღვანელობს  ქრისტიანია, ისინიც კი ვინც თავს ათეისტად მიიჩნევდა ან ვისზეც ფიქრობდნენ რომ ათეისტი იყო, მაგალითად სოკრატე და სხვები. უფრო მეტიც, ტერტულიანემ, ეგნატემ, თეოფილე ანტიოქიელმა  და სხვებმა,  ბიბლიური „ლოგოსი“ („სიტყვა“) და ბერძნული ფილოსოფიის „ლოგოსი“ ერთმანეთს დაუკავშირეს, ბიბლიურ ‘ლოგოსს’ არაბიბლიური მნიშვნელობები მიაწერეს რითაც საფუძველი ჩაუყარეს ბიბლიური ‘ლოგოსის’ მცდარ გაგებას.

მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ „წმინდანად“ შერაცხულმა იოანე ოქროპირმა (იგივე ქრისოსტომი) [დაახლ. IV საუკუნე], „წმინდა“ კირილე ალექსანდრიელმა [დაახლ. IV საუკუნე] რომელსაც საეკლესიო ისტორიკოსი ჰანს ფონ კამპენჰაუზენი „დოგმატურ, მძვინვარე და გაქნილ ადამიანად“ აღწერს, „წმინდა“ იოანე დამასკელმა [დაახლ. VII საუკუნე], „წმინდა“ გიორგი მთაწმინდელმა [დაახლ. XI საუკუნე] და სხვებმა, მოგვიანებით კი მიქაელ პომაზანსკიმ [დაახლ. XIX საუკუნე] იუსტინესეული ხედვა შეისისხლხორცეს, მას თავისი საკუთარი მოსაზრებები დაამატეს და სამების მხარდასაჭერი ინტერპრეტაციები შეიმუშავეს. ამ სახით,  ეგრეთ წოდებულმა „წმინდა“ „ეკლესიის მამებმა“, დაივიწყეს ბიბლიური „ლოგოსი“ და ბერძნული ფილოსოფიით გაჟღენთილი თავიანთი იდეებით ე.წ. „ქრისტიანული“ „ლოგოსი“ გამოძერწეს (შეთხზეს). კონკრეტულად?

„ლოგოსი“, რომელიც ბიბლიის თანახმად ღვთის წამრომადგენლად მსახურობდა და ღვთის ნაცვლად ლაპარაობდა, და რომელიც ერთ დროს ბიბლიის წმინდა სწავლებას წარმოადგენდა, ქრისტიანული სამყაროს ეკლესიებისთვის ახლა უკვე სხვას, ფილოსოფიურ „ლოგოსს“  წარმოადგენს;

„ეკლესიის მამებმა“ ბიბლიური ლოგოსიღვთისშიგნითმდებარე“ „თანამოთათბირედ“, ღვთის გონებად (ნუს) და აზრად (ფრონესის) აქციეს;  [გაიხსენეთ იუსტინეს აზრები რომელიც ზემოთ მოვიხსენიე] და მას, მამის გონიდან  გამოვლენილ მუდმივი შობადობის პროცესში  მყოფ  ჰიპოსტასად წარმოისახავენ, თითქოსდაშვა მან ეს სიტყვა გამოვლენილი („ჰო ლოგოს პროფორიკოს“) — ასე გადმოსცემს მაგალითად მართლმადიდებელი ეკლესიის „წმინდანი“ თეოფილე ანტიოქიელი; რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ამგვარ არაბიბლიურ მოსაზრებებს, მართლმადიდებელი ეკლესიის  მორწმუნეები უტყუარ აქსიომად მიიჩნევენ.

ბერძნული ფილოსოფიური იდეებით გაჟღენთილი ამგვარი რელიგიური აზრები, ქრისტეს მოციქულთა აზრებს არ ეკუთვნის; და ამას უშუალოდ მოციქულთა დაწერილი წერილები ააშკარავებს. ის ეკუთვნის „ეკლესიის მამებს“, რომლებმაც „ლოგოსის“ შესახებ ბიბლიის ნათელი სწავლება წარმართული ფილოსოფიური აზრებით გააბუნდოვნეს და პირველი ქრისტიანებისთვის სრულიად უცხო, არაბიბლიური „ლოგოსი“ გამოძერწეს.

„ეკლესიის მამების“ შესახებ ამ მცირე ისტორიული ექსკურსისა და მათი სწავლებების წარმოშობის გაგების შემდეგ გონივრულია დაისვას მნიშვნელოვანი კითხვები, რაც ლოგიკურ პასუხებს საჭიროებს: რაზე უნდა დაამყარონ ქრისტეს მიმდევრებმა თავიანთი რწმენა, „ეკლესიის მამების“ სწავლებებზე თუ იმაზე, რასაც უშუალოდ ბიბლია ასწავლის? ქრისტეს მოციქულთა სწავლებებზე, რომელიც ღვთის შთაგონებით დაიწერა და ბიბლიაშია ჩაწერილი თუ „ეკლესიის მამების“ მიერ შექმნილ სხვა სწავლებებზე, რომელიც თავიანთივე ნაშრომებშია ჩაწერილი? (წაიკითხეთ  პავლე მოციქულის გაფრთხილება, რომელიც ჩაწერილია  გალატელები 1:8,9-ში.

2)  ბიბლიურილოგოსი“ (‘სიტყვა’)

   იოანეს 1:1-ში განკაცებამდელ იესო ქრისტეს, „ლოგოსი“, (ქართ: „სიტყვა“; ბერძ. „λόγος“) ეწოდება. ამ სახელწოდების ღვთის ძეზე გამოყენებით ბიბლია წარმოგვიდგენს, თუ რა როლს ასრულებდა განკაცებამდელი იესო ქრისტე მოაზროვნე ქმნილებების შექმნის შემდეგ. ბიბლია ნათლად გვიჩვენებს, რომ ღმერთი, თავის შექმნილ სხვა სულიერ ძეებს, პირველად შექმნილი ძის მეშვეობით გადასცემდა ინფორმაციასა და მითითებებს. მან ადამიანებსაც თავისი ძის პირით გადასცა სათქმელი. იესო რომ ღვთის წარმომადგენელია, იუდეველებისთვის ნათქვამი სიტყვებიდანაც გამოჩნდა: „რასაც ვასწავლი, ჩემი კი არ არის, არამედ ჩემი გამომგზავნელისაა. ვისაც მისი ნების შესრულება უნდა, გაიგებს, ღვთისგან არის ეს სწავლება თუ ჩემით ვლაპარაკობ“ —იოანე  7:16, 17). იესოს ზეცაში დაბრუნების შემდეგაც „სიტყვა“ ეწოდება (გამოცხ. 19:11, 13, 16).

ბიბლიის თანახმად, წოდება „სიტყვა“ (ლოგოსი), რომელზეც მოციქული იოანე წერს თავის სახარებაში, მიუთითებს იმაზე, რომ „ლოგოსი“ იმას ლაპარაკობს, რასაც მამა ეუბნება და ისე ლაპარაკობს, როგორც მამამ უთხრა რომ ილაპარაკოს. წაიკითხეთ იოან. 12:50. ეს არის ბიბლიური ‘ლოგოსი’.

3) „ღმერთი

   იოანეს 1:1-ში, განკაცებამდელ იესოს „სიტყვის“ (‘ლოგოსის’) გარდა,  „ღმერთიც“ ეწოდება. საყურადღებოა, რომ ბიბლიის სხვა მონაკვეთებში „ღმერთი“ სხვა ცოცხალ არსებებსაც ეწოდებათ და არა მხოლოდ ღვთის ძეს. მაგალითად, მოსეს (გამოსვლა 7:1; 4:16.), ებრაელ მსაჯულებს (ფსალმუნები 82:6; იოანე 10:34)  და ღვთის ერთგულ ანგელოზებს (ფსალმუნები 82:1; იხილეთ ეს მუხლი სირიულ  ფეშიტაშიც „SY“).

წოდება „ღმერთი“ ნიშნავს „ძლიერს“, „ძალაუფლების მქონეს“ და ამიტომ ის გამოიყენება იმ არსებებზე, რომლებიც სხვა ცოცხალ არსებებთან შედარებით, გარკვეული სახის ძალაუფლებას ფლობენ. ვინაიდან სატანა გარკვეულ ძალაუფლებას ფლობს, პავლე მოციქული „ამ ქვეყნიერების ღმერთს“ უწოდებს. (2 კორინთ. 4:4). ბიბლიიდან ნათლად ჩანს რომ წოდება „ღმერთის“ გამოყენება მართებულია ძალაუფლების მქონე ცოცხალი არსებებისადმი და სინამდვილეში ამ წოდების გამოყენებით ხაზი ესმება მათ განსაკუთრებულ მდგომარეობას სხვა ქმნილებებისგან განსხვავებით. რადგან ღვთის ქმნილებათა შორის ეს წოდება (ღმერთი) განკაცებამდელ იესოზეც გამოიყენება, სამების მომხრეები მანიპულირებენ ამით და თავიანთ ინტერპრეტაციებში, ღვთის ძეს სამყაროს შემოქმედს უტოლებენ და ამ სახით სამყაროს ყოვლისშემძლე ღმერთის მდგომარეობას აკნინებენ. იოანეს სახარების 1:1-ში ლოგოსის ‘ღმერთად’ მოხსენიება არ ხდის „ლოგოს“ ღვთის თანასწორად ისევე, როგორც ადამიანებს და ანგელოზებს, რომლებიც ასევე ღმერთად მოიხსნიეებიან ბიბლიაში. ბიბლიის თანახმად, ღმერთი — ამ სიტყვის აფსოლუტური გაგებით, მხოლოდ მამა ღერთია, ყოველივეს შემოქმედი, რომელსაც ღვთის ძემ „ერთადერთი ჭეშმარიტი ღმერთი“ უწოდა. (იოანე 17:1-3).

   უფრო მეტიც, იოანეს სახარების პროლოგში, სადაც „ლოგოსი“  ‘ღმერთად’ იწოდება, ახალი აღთქმის დედნისეულ ტექსტში იმ სახითაა დაწერილი, რაც მხოლოდ ლოგოსის ღვთაებრიობას უსვამს ხაზს და არა პირდაპირი გაგებით ღმერთობას. როგორ?

ლოგოსი ღმერთი თუ ღვთის მსგავსი?

   ეს კითხვა, ქართულ ენაზე თარგმნილი იოანეს სახარების პირველივე მუხლის კითხვისას, ბევრს გაუჩნდა. ბიბლიის ზოგ თარგმანში, მათ შორის ქართულ თარგმანებშიც, იოანეს პირველი თავის პირველი მუხლის ბოლო ნაწილში წერია, რომ „სიტყვა იყო ღმერთი“. ხოლო ზოგ თარგმანში კი ვკითხულობთ: «სიტყვა იყო ღვთის მსგავსი», (მაგალითის სახით შეგიძლიათ იხილოთ „A New Translation of the Bible“, ჯეიმზ მოფატი) ან «ღვთაებრივი».  („The New English Bible“). ეს და ზოგიერთი სხვა თარგმანი იოანეს 1:1-ში ჩაწერილს იმიტომ გადმოსცემს ამგვარად, რომ ბერძნული ენის გრამატიკა, სტრუქტურა და მუხლის კონტექსტი მხოლოდ იმის თქმის საფუძველს იძლევა, რომ ‘ლოგოსში’ პირდაპირი გაგებით ღმერთი ანუ ყოვლისშემძლე ღმერთი არ იგულისხმება. ეს რომ ასეა, ამას ბევრი ფაქტი ადასტურებს, მაგრამ აქ მხოლოდ ბერძნულ ენაზე დაწერილი ახალი აღთქმის უძველეს თარგმანზე — კოპტური ენის საჰიდურ დიალექტზე შესრულებულ ხელნაწერზე გავამახვილებ ყურადღებას.

    ნაშრომში „The Anchor Bible Dictionary“, ბიბლიის ადრინდელ კოპტურ თარგმანებზე ნათქვამია: „კოპტურ ენაზე [LXX, სეპტუაგინტა] და [ქრისტიანულ-ბერძნული წერილები, ანუ ახალი აღთქმა] მე-3 საუკუნეში ითარგმნა, შესაბამისად, კოპტური თარგმანი [ბერძნულ ხელნაწერებზეა] დაფუძნებული, რომლებიც გაცილებით ძველია, ვიდრე ბევრი დღეს ჩვენს ხელთარსებული სხვა ხელნაწერი“.

   საჰიდური თარგმანი ორი განსაკუთრებული მიზეზის გამოა საინტერესო:

  1. პირველი, ის ადასტურებს, თუ როგორ ესმოდათ ქრისტიანებს ბიბლია ახ. წ. მეოთხე საუკუნემდე, ანუ მანამ, სანამ ქრისტიანულ სამყაროში სამების სწავლება დამკვიდრდებოდა.
  2.  მეორე, კოპტური ენის გრამატიკა ერთ საინტერესო ასპექტში ჰგავს ინგლისურისა და სხვა რამდენიმე ენის გრამატიკას. ბერძნულ ენაზე დაწერილი ახალი აღთქმა თავიდან სირიულ, ლათინურ და კოპტურ ენებზე ითარგმნა. მაშინდელი ბერძნულის მსგავსად, სირიულსა და ლათინურში არ იყო განუსაზღვრელი არტიკლი, მაგრამ კოპტური ენისთვის ის უცხო არ ყოფილა. რაც იმას ნიშნავს, რომ სირიულ და ლათინურ ენაზე შესრულებული ბიბლიის თარგმანები, ისევე როგორც ქართული თარგმანები, განუსაზღვრელი არტიკლის არ ქონის გამო, ზუსტად ვერ გადმოსცემდნენ ბერძნულ ენაზე  დაწერილი ახალი აღთქმის ტექსტს.

მეცნიერმა ტომას ლამდინმა ნაშრომში „Introduction to Sahidic Coptic“ აღნიშნა: „კოპტურ ენაში განსაზღვრულ და განუსაზღვრელ არტიკლებს ძალიან ჰგავს ინგლისური ენისთვის დამახასიათებელი არტიკლები“.

კოპტური თარგმანი ნათლად გამოხატავს, როგორ ესმოდათ ძველად იოანეს 1:1-ში ჩაწერილი სიტყვები. საჰიდურ თარგმანში იოანეს 1:1-ის ბოლოს სიტყვას „ღმერთი“ განუსაზღვრელი არტიკლი უძღვის წინ, რაც ლოგოსს არ წარმოგვიდგენს პირდაპირი გაგებით ღმერთად.

ინგლისურ ენაზე, იოანეს 1:1-თის ზუსტი თარგმანი შემდეგნაირია:

«In the beginning existed the Word and the Word existed with the God and a god was the Word». («დასაწყისში იყო სიტყვა და სიტყვა იყო   ღმერთთან [განსაზღვრული არტიკლითაა]  და  „ღმერთი“ [განუსაზღვრელი არტიკლითაა] იყო  სიტყვა».)

Vodpod videos no longer available.

პროფესორ ჯონ მორტენ კრიდის ნაშრომში „იესო ქრისტეს ღვთაება“, ნათქვამია:

როცა ახალი აღთქმის მწერლები ღმერთზე საუბრობენ, ისინი გულისხმობენ ჩვენი უფლის, იესო ქრისტეს ღმერთსა და მამას. როცა საუბრობენ იესო ქრისტეზე, ისინი არ საუბრობენ და არ ფიქრობენ მასზე, როგორც ღმერთზე. ის არის ღმერთის ქრისტე, ღმერთის ძე, ღმერთის სიბრძნე, ღმერთის სიტყვა. თვით წმინდა იოანეს სახარების პროლოგი, რომელიც ნიკეის დოქტრინასთან ყველაზე ახლოს არის, უნდა იკითხებოდეს მამის მიმართ ქრისტეს მორჩილების შესახებ სახარების ნათელი სწავლების შუქში; და რადგანაც ბერძნულ ენაში სიტყვა [თე·ოს΄] არტიკლის გარეშე გამოიყენება, პროლოგი ნაკლებად ზუსტია, ვიდრე ინგლისურ ენაზე“.

    ბერძნულ ენაზე დაწერილი იოანეს სახარების ხელნაწერის კითხვისას, ძველი მთარგმნელები ხედავდნენ, რომ იოანეს 1:1-ში ჩაწერილ სიტყვებში მოციქული იოანე იესოს ყოვლისშემძლე ღმერთად არ მიიჩნევდა. იოანემ თავისი სახარების პროლოგში ‘ლოგოსის’ „ღმერთად“ მოხსენიებისას არ გამოიყენა განსაზღვრული არტიკლი, რითაც ხაზი გაუსვა იმას, რომ ‘ლოგოსი’ ღვთის მსგავსი იყო, რადგან სხვა ქმნიელებებს შორის განსაკუთრებული ძალაუფლების მქონე იყო და მასზე წოდება ‘ღმერთის’ გამოყენება ისევე მართებული იყო, როგორც იმ შემთხვევებში, როცა ბიბლია ‘ღმერთს’ უწოდებს  ძალაუფლების მქონდე ადამიანებს და ანგელოზებს. (მოსეს გამოსვლა 7:1; 4:16-ში), ებრაელ მსაჯულებს (ფსალმუნები 82:6; იოანე 10:34-ში)  და  ანგელოზებს (ფსალმუნები 82:1-ში; იხილეთ ეს მუხლი SY-ში, ანუ სირიულ  ფეშიტაში).

4)  „მხოლოდშობილი ძე, მხოლოდშობილი ღმერთი“? როგორ?

   ბიბლიის თანახმად, იესო უბრალოდ „ღვთის ძე“ არ არის — ის ღვთის ‘მხოლოდშობილი ძეა’ (იოან. 3:16, 18). ბერძნული სიტყვა „მო·ნო·გე·ნეს΄“,  „მხოლოდშობილად“ ითარგმნება და ნიშნავს „ერთადერთს“, „გვარის ან ოჯახის ერთადერთ წარმომადგენელს“. ბიბლიის თანახმად, ღმერთს მილიარდობით სულიერი ძე ჰყავს. ამიტომ იბადება კითხვა, რა გაგებით არის იესო „გვარის ან ოჯახის ერთადერთი წარმომადგენელი“? ანუ „მო·ნო·გე·ნეს΄“?

იესო განსაკუთრებულია იმ მხრივ, რომ ის უშუალოდ მამამ შექმნა. ის არის მისი პირმშო ანუ „პირმშო ყველა ქმნილებას შორის“ (კოლოსელები. 1:15). ის არის „ღვთის შემოქმედების დასაწყისი“ (გამოცხადება 3:14). მხოლოდშობილმა ძემ განსაკუთრებული როლი შეასრულა შემოქმედებაში. მართალია, ის არ ყოფილა შემოქმედი, მაგრამ ღმერთმა სწორედ მისი მეშვეობით შექმნა სამყაროში სხვა ყველაფერი (წაიკითხეთ იოანეს 1:3). მოციქული პავლე წერდა: „ჩვენთვის ერთია ღმერთი, მამა, ვისგანაც არის ყოველივე და ჩვენც მისთვის ვართ, და ერთია უფალი, იესო ქრისტე, ვისი მეშვეობითაც არის ყოველივე და ჩვენც მისი მეშვეობით ვართ“ (1 კორ. 8:6).

იესო მრავალმხრივ არის გამორჩეული. ბიბლიაში ის მოიხსენიება სხვადასხვა სახელითა და წოდებით, რაც ღვთის განზრახვაში მის განსაკუთრებულ როლზე  ნათელ წარმოდგენას გვიქმნის. ბიბლია იესოს ‘მხოლოდშობილ ძეს’ უწოდებს (იოანე 1:14; 3:16, 18; 1 იოანე 4:9).

„ეკლესიის მამები“ და ისინი, ვინც სამების შესახებ „ეკლესიის მამების“ შეხედულებებს ემხრობიან აცხადებენ, რომ იესოს შემთხვევაში „მხოლოდ შობილი‘‘ არ არის „შობის‘‘ მსგავსი, რასაც ეს სიტყვა ნიშნავს და როგორც ეს ბიბლიაშია ნაჩვენები, რომელიც განსაზღვრის თანახმად ის ნიშნავს, „შობო, როგორც მამამ“ (Webster’s Ninth New Collegiate Dictionary). „ეკლესიის მამები“  ამბობენ, რომ იესოს შემთხვევაში ეს ნიშნავს „დაუსაბამო ურთიერთობას“, ერთადერთი ძის ურთიერთობას, რომელიც თითქოსდა შობის გარეშე მოხდა. („ძველი და ახალი აღთქმის სიტყვების ვაინის განმარტებითი ლექსიკონი‘‘ [Vine’s Expository Dictionary of Old and New Testament Words]). „ეკლესიის მამების“ მოსაზრებით სიტყვა „შობა“, შობას კი არ ნიშნავს მისი ჩვეულებრივი გაგებით, არამედ მას მიაწერეს ახალი მნიშვნელობა, ისეთი როგორიც ბიბლიაში არავის მიმართ არ გამოყენებულა არასდროს. „ეკლესიის მამები“ სიტყვა „შობის“ იესოსთან გამოყენებასთან დაკავშირებით ამბობენ, რომ ის ‘შობილს’ კი არ ნიშნავს, არამედ იმას რომ „მარადის იშობება“, „მარადიულად იშობება“, „დაუსაბამოდ და უჟამოდ იშობება“, „დაუსრულებლად იშობება“.  ანუ, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მათი თქმით, შობა შობას კი არ ნიშნავს, არამედ  ‘დაუსაბამოდ შობის პროცესში მყოფობას’. ალბათ დაგაინტერესებთ თუ რას გულისხმობენ ამ ფრაზებში „ეკლესიის მამები“.  ღვთის ძის ‘დაუსაბამოდ შობის პროცესში მყოფობას’, თან დაურთეს თავიანთივე შემუშავებული ‘დროის თეორია’, რომელიც მთლიანად არაბიბლიურია და რომლის თანახმადაც,  ღთის ძე დროის სპექტრიდანაა გაყვანილი და მას მოიაზრებენ დროში არ მყოფ არსებად, რომელიც თითქოსდა დროის მიღმა არსებობს. ამ არაბიბლიური თეორიიდან გამომდინარე, ღვთის ძე დაუსაბამოდ მყოფ არსებად მიიჩნევა „ეკლესიის მამების“ სწავლების თანახმად. „ეკლესიის მამების“ მიერ შემუშავებული დროის ეს თეორია და ღვთის ძის წარმოშობის შესახებ სიტყვა ‘შობისთვის’ ახალი მნიშვნელობების შეთხზვა-მიწერა, ღვთის სიტყვაზე და ქრისტეს მოციქულთა სწავლებებზე თავდასხმაა და ქრისტეს მოციქულების დატოვებული სწავლებების უარყოფა. ამგვარი მოქმედებით, „ეკლესიის მამები“ წინ გაიჭრნენ, ბიბლიაში ჩაწერილს გადააბიჯეს და ქრისტეს სწავლებაში არ დარჩნენ. ასეთებზე კი, მოციქულმა იოანემ დიდი ხნის წინ დაწერა, რომ „მას, ვინც ცდილობს, წინ გაიჭრას და ქრისტეს სწავლებაში არ რჩება, არა ჰყავს ღმერთი. მას კი, ვინც ამ სწავლებაში რჩება, მამაც ჰყავს და ძეც“. (2 იოანე 9) თუმცა ერთი შეხედვით მარტივი სიტყვებითაა ნათქვამი, მასში ღრმა ჭეშმარიტებაა გადმოცემული!

ამგვარად, ბიბლიის გულწრფელი და ობიექტურად განწყობილი  მკითხველისთვის ნათელია, რომ ყველა ვინც შობილია, საწყისი აქვს. ბიბლია არცერთ არსებაზე არ საუბრობს, რომელიც შობილი იქნებოდა და არ ექნებოდა საწყისი; შობილი იქნებოდა და არ ეყოლებოდა მამა, ანუ შემქნელი და წარმომშობი.

რამდენად სოწრ ქმედებად მიგაჩნიათ „ეკლესიის მამების“ მხრიდან ბიბლიაში ჩაწერილი სიტყვა ‘შობისთვის’ ახალი  მნიშვნელობის მიწერა, რათა ბიბლია თავიანთი რელიგიური შეხედულებებისთვის მოერგოთ? და თან ეს გაეკეთებინათ ყოველგვარი ბიბლიური საფუძველის გარეშე. რამდენად სწორ ქმედებად მიგაჩნიათ „ეკლესიის მამების“ მხრიდან დროის თეორიის შემუშავება იმისთვის, რათა ღვთის ძე არაქმნილ არსებად გამოეცხადებინათ?

მოდით, იმ უამრავი მაგალითიდან რომელიც ბიბლიაშია მოცემული, მხოლოდ ერთი გავიხსენოთ, რაც ნათლად გვიჩვენებს თუ როგორ განიხილავს ბიბლია სიტყვასშობა’:

იმავე ბერძნულ სიტყვას რასაც ბიბლია განკაცებამდელი იესოს შემთხვევაში იყენებს, გამოყენებულია ისააკზეც, რომელიც ნიშნავს „მხოლოდშობილს‘‘ (რასაც ბერძნული ენის სპეციალისტები ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე ეთანხმებიან). ებრაელთა 11:17 ლაპარაკობს ისაკზე, როგორც აბრაამის ‘მხოლოდშობილ’ ძეზე. ისაკის შემთხვევაში არ შეიძლებოდა რამე ყოფილიყო საკამათო; ბერძნული ენის სპეციალისტები ერთხმად ეთანხმებიან, რომ ის იყო მხოლოდშობილი ამ სიტყვის ჩვეულებრივი გაგებით, მამასთან მიმართებაში არათანასწორი დროსა და მდგომარეობაში და რომ ისააკი შობილი ანუ აბრაამისგან წარმოიშვა და აქვს საწყისი.

როგორც აღვნიშნეთ, ბიბლია ისააკის და იესოს შემთხვევაში, ორივეგან ერთი და იგივე სიტყვას იყენებს: „μονογενὴς“  („მონო·გენეს“). ეს სიტყვა ნაწარმოებია სიტყვებისგან „მო΄·ნოს“, რაც ნიშნავს „მხოლოდ‘‘ (ერთადერთი) და „გი΄ნო·მაი“, რომლის ძირეული სიტყვის მნიშვნელობაა „წარმოშობა‘‘, „გახდომა“ (არსებობაში მოსვლა), — იუწყება სტრონგის „ამომწურავი სიმფონია“ (Strong’s Exhaustive Concordance).

მაშასადამე, სიტყვა „მო·ნო·გე·ნეს΄“ ბერძნული ენის სპეციალისტების მიერ ასე განიმარტება: „მხოლოდშობილი, ანუ ერთადერთი შვილი‘‘ („ახალი აღთქმის ბერძნული და ინგლისური ლექსიკონი“, ე. რობინსონის გამოცემა [A Greek and English Lexicon of the New Testament]).

გერჰარდ კიტელის გამოცემული „ახალი აღთქმის თეოლოგიური ლექსიკონი“ (The Theological Dictionary of the New Testament) ამბობს: «[„მო·ნო·გე·ნეს΄“] ნიშნავს ‘ერთადერთ შთამომავალს’, ესე იგი დებისა და ძმების გარეშე». ეს წიგნი ასევე იუწყება, რომ იოანეს 1:18-ში; 3:16-სა და 18-ში და 1-ლი იოანეს 4:9-ში „იესოს ურთიერთობა არ არის უბრალოდ მამასთან ერთადერთი შვილის ურთიერთობასთან შედარებული. ეს არის მხოლოდშობილის ურთიერთობა მამასთან‘‘. როგორც ხედავთ, ბერძნული ენის სპეციალისტები ბერძნულ სიტყვას ‘შობა’ და ‘მხოლოდშობილი’, განიხილავენ იმ მნიშვნელობით, რა მნიშვნელობაც მათ ჩვეულებრივ გააჩნიათ და „ეკლესიის მამებისგან“ განსხვავებით არ აწერენ მათ ახალ მნიშვნელობებს.

ამგვარად, იესოს, მხოლოდშობილი ძის სიცოცხლეს ჰქონდა დასაწყისი. ყოვლისშემძლე ღმერთს შეიძლება სამართლიანად ეწოდოს მისი მშობელი, ანუ მამა, იმავე გაგებით, როგორც მიწიერ მამას, მაგალითად, აბრაამის მსგავსად, რომელმაც შვა ძე (ებრაელთა 11:17). მაშასადამე, როდესაც ბიბლია ამბობს, რომ ღმერთი არის იესოს „მამა“, ეს ნიშნავს, რომ აქ ლაპარაკია ორ ცალკეულ პიროვნებაზე. ღმერთი არის უფროსი. იესო კი მის შემდეგ მეორეა ასაკით, მდგომარეობით, სიძლიერითა და შემეცნებით.

როდესაც პიროვნება მხედველობაში ღებულობს, რომ იესო ღვთის მიერ ზეცაში შექმნილი ერთადერთი სულიერი ძე არ იყო, მისთვის ცხადი გახდება, თუ რატომ გამოიყენება იესოს შემთხვევაში ტერმინი „მხოლოდშობილი ძე“. უამრავ სხვა სულიერ ქმნილებებსაც, ანგელოზებსაც ეწოდებათ ‘ღვთის შვილები’ და ‘ღვთის ძეები’ იმავე გაგებით, როგორც ღვთის ძეს და ადამს, ვინაიდან მათი სიცოცხლე და მათი წარმოშობა  მომდინარეობდა ღმერთისგან, რომელიც სიცოცხლის საწყისი ანუ წყაროა (იოანე 6:57; იობი 38:7; ფსალმუნი 35:10; ლუკა 3:38). ღვთის ძე უშუალოდ ღმერთის მიერ შეიქმნა, ხოლო დანარჩენი ქმნილებები შეიქმნა „მხოლოდშობილი ძის‘‘ მეშვეობით (კოლასელთა 1:15—17), იმის მეშვეობით, რომელიც ერთადერთი იყო ვინც უშუალოდ ღვთის მიერ იშვა.

 ამიტომ, ღვთის მიერ შობილ ძეებს შორის, იესო  მხოლოდშობილი ძეა, რომელიც უშუალოდ მამა ღმერთმა შექმნა, ხოლოდ სხვა ძეები, იესო ქრისტეს მეშვეობით არიან შობილნი და არ არიან ღვთის მხოლოდშობილი ძეები.

5)  „პირმშო

    განკაცებამდე იესო იყო „პირმშო ყველა ქმნილებას შორის‘‘ (კოლასელთა 1:15). ის იყო „დასაბამი [არ·ხე΄] ღვთის ქმნილებისა‘‘ (გამოცხადება 3:14). არასწორი იქნება, რომ „დასაბამი‘‘ (ბერძნულად „არ·ხე΄‘‘) განიმარტოს ისეთი მნიშვნელობით, როგორ მნიშვნელობასაც „ეკლესიის მამები“ მიაწერენ მას, რომ თითქოსდა იესო იყო ღვთის ქმნილებათა ‘დასაბამის მიმცემი’. თავის ბიბლიურ წერილებში იოანე ოცზე მეტჯერ იყენებს ბერძნული სიტყვის „არ·ხე΄‘‘-ს სხვადასხვა ფორმას: და მათ ყოველთვის „დასაბამის‘‘ ჩვეულებრივი  მნიშვნელობა აქვს და არა ისეთი, როგორსაც  „ეკლესიის მამები“ მიაწერენ მას. ბიბლია ნათლად გვიჩვენებს, რომ იესო შექმნილი იყო ღვთის მიერ, როგორც ღვთის უხილავი ქმნილებების დასაბამი.

ყურადღება მიაქციეთ ქვემოთ მოცემულ მუხლებს, თუ როგორ მჭიდრო ურთიერთდამოკიდებულებაშია იესოს წარმოშობასთან დაკავშირებული ეს მითითებები ბიბლიურ წიგნ „იგავებში“ ფიგურალური „სიბრძნის“ მიერ წარმოთქმულ გამონათქვამებთან. საპატრიარქოს გამოცემულ ბიბლიაში ვკითხულობთ: „უფალმა შემიძინა [„აღმაგო“, „ძველი აღთქმის ორტომეული“, 1884 წლის გამოცემა; „უფალმა შემქმნა“, სეპტუაგინტა, ბიბლიის პირველი თარგმანი ბერძნულ ენაზე;] თავისი გზის დასაწყისში, თავის ქმნილებებამდე დასაბამით; მე გავჩნდი, ვიდრე მთები დამყარდებოდნენ, ბორცვებზე უწინარეს; როცა ჯერ არც ქვეყანა იყო შექმნილი, არც მინდორ-ველები და არც სამყაროს პირველი მტვერი“ (იგავნი 8:12, 22, 25, 26). რადგან გამოთქმა „სიბრძნე‘‘ გამოიყენება ღვთის მიერ შექმნილი ერთ-ერთი პიროვნების განსასახიერებლად (1 კორინთ. 2:8), სწავლულთა უმეტესობა, ისევე როგორც „ეკლესიის მამების“ უპეტესობა იმ აზრისაა, რომ სინამდვილეში იგავების 8:22-ში გამოყენებული ფიგურალური გამოთქმა იესოს ეხება, როგორც სულიერ არსებას, როგორიც ის იყო განკაცებამდე.

როგორც „სიბრძნე‘‘, თავის განკაცებამდე არსებობის დროს, იესო განაგრძობს თხრობას: „მაშინ [ღმერთს] მე გვერდით ვყავდი, როგორც ოსტატი‘‘ (იგავნი 8:30). თავისი როლის, როგორც შესანიშნავი ოსტატის, შესაბამისად კოლასელთა 1:16 იესოს შესახებ ამბობს, რომ [ღმერთმა] „მისი მეშვეობით შეიქმნა ყოველი, რაც ცაში და დედამიწაზეა“.

ბიბლიის სწავლების თამახმად, ამ ოსტატის, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, უმცროსი თანამონაწილის მეშვეობით ყოვლისშემძლე ღმერთმა შექმნა ყველაფერი. ამ ფაქტს მოციქული პავლე, შემდეგნაირად აჯამებს: „ჩვენთვის ერთია ღმერთი, მამა, ვისგანაც არის ყოველივე . . . და ერთია უფალი, იესო ქრისტე, ვისი მეშვეობითაც არის ყოველივე“. (1 კორინთელთა 8:6).

ბიბლიაში ჩაწერილის მხედველობაში მიღების საფუძველზე, ნათლად დასტურდება, რომ ღმერთმა ამ ოსტატს უთხრა ვისი მეშვეობითაც არის ყოველივე შექმნილი: „გავაჩინოთ კაცი ჩვენს ხატად‘‘ (დაბადება 1:26). „ეკლესიის მამები“ ბიბლიის ამ ცნობებს უარყოფენ, და კონტესტიდან გლეჯენ სიტყვებს და ამბობენ, რომ სიტყვები: „გავაჩინოთ‘‘ და „ჩვენს‘‘ მაინც და მაინც მიუთითებს სამებაზე. მაგრამ თუ იტყოდი: „მოდი, გავაკეთოთ რამე ჩვენთვის“, ჩვეულებრივ, არავინ იგულისხმებდა, რომ თითქოს რამდენიმე პიროვნებაა შენში გაერთიანებული ან მაინც და მაინც სამ პიროვნებას გულისხმობ. უბრალოდ, შენ გულისხმობ, რომ ორმა ან ორზე მეტმა პიროვნებამ რაღაცის გასაკეთებლად ერთად იშრომოს. ასევე, როცა ღმერთმა გამოიყენა სიტყვები: „გავაჩინოთ‘‘ და „ჩვენს‘‘, ის, უბრალოდ, მიმართავდა თავის პირველ სულიერ ქმნილებას (კოლ.1:16), ოსტატს (იგ.8:30), განკაცებამდელ იესოს (იოანე 17:5) და არა „ეკლესიის მამების“ მიერ შემუშავებული  სამების ე.წ. მეორე ჰიპოსტასს, რომელიც თურმე კი არ იშვა მამისგან ჩვეულებრივი, ბიბლიური გაგებით, არამედ კვლავ ‘შობადობის პროცესში იმყოფება’ ანუ ‘მარად იშობება’ და დროის მიღმიერია. ბიბლიაში ჩაწერილზე ამგვარი ძალადობა, ამგვარი ინტერპრეტაცია და ამგვარი არაბიბლიური მოსაზრება, ქრისტეს არცერთი მოციქულის დაწერილში არ მოიპოვება და შესაბამისად არაბიბლიურია.

ახლა კი თავად დაფიქრდით,  სიტყვა ‘შობა’ რომ ახალი, არაჩვეულებრივი მნიშვნელობით გამოეყენებინათ მოციქულებს,  ანუ არა იმ მნიშვნელობით, რა მნიშვნელობითაც ის გამოიყენებოდა ძველ აღთქმაში, ნუთუ თავიანთ წერილებში არ აღნიშნავდნენ ამის შესახებ და თავიანთი დაწერილი წერილების მკითხველთ ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე დატოვებდნენ ? განა არ გაამახვილებდნენ ყურადღებას იმაზე, რომ ახალ აღთქმაში სიტყვა ‘შობას’ სხვა მნიშვნელობით იყენებენ  და არა იმ მნიშვნელობით როგორც ის ძველ აღთქმაში გამოიყენება? პასუხი მარტივია.

ფაქტია, რომ „ეკლესიის მამებმა“ გადაუხვიეს მოციქულთა სწავლებიდან და ახსნა-განმარტების სხვა გეზი აირჩიეს. ისეთი გეზი, რომელშიც ბერძნულ-ფილოსოფიური, ნეოპლატუნორი  იდეებია არეკლილი და მთლიანობაში თავიანთივე  სუბიექტურ მოსაზრებებს ეფუძნება ეკლესიის „მამათა“ სწავლებები,  და არა ბიბლიაში ჩაწერილ სწავლებებს.

 6)  „უფალი“— რა გაგებით და როდემდე?

   „ჰრქუა უფალმან უფალსა ჩემსა, დაჯედ მარჯუჱნით ჩემსა, ვიდრემდის დავსხნე მტერნი შენნი ქუჱშე ფერჴთა შენთა“. ეს სიტყვები მოცემულია ფსალმუნის 109:1-ში[ზოგ ბიბლიაში 110:1], რომლის თარგმანი აღებულია 1884 წელს გამოცემული „ძველი აღთქმის ორტომეული“-დან. ვინ არის აქ მოხსენიებული, როგორც ‘უფალი’და ვის ელაპარაკება ის?

ბიბლიაში ჩაწერილი ებრაული სიტყვების „נְאֻם יְהוָה, לַאדֹנִי“ უფრო ზუსტი თარგმანი დაუყოვნებლივ პასუხობს პირველ შეკითხვაზე. მასში ვკითხულობთ: „უთხრა იეჰოვამ (יְהוָה) ჩემს უფალს“. ამრიგად, „ჰრქუა უფალმან“ მიეკუთვნება ყოვლისშემძლე ღმერთს იეჰოვას (יְהוָה). ამას ადასტურებს კათოლიკური ბიბლიის [The New Jerusalem Bible (NJB)] თარგმანიც, რომელშიც ვკითხულობთ: “Yahwe declared to my Lord“.

1884 წელს ქართულ ენაზე გამოცემული „ძველი აღთქმის ორტომეული“ პირველი არ არის წოდებების არევაში, რადგან ებრაულიდან თარგმნილი ძველი ბერძნული „სეპტუაგინტის“ გვიან ხელნაწერებში, יהוה-ს (ანუ იეჰოვას) ნაცვლად, გამოყენებული იყო სიტყვა ‘უფალი’. რატომ? იმიტომ რომ, ღვთის სახელის, ანუ ტეტრაგრამატონის (יהוה) ნაცვლად, იყო ჩასმული წოდება ‘უფალი’. მეცნიერი ა. ი. გარვი ამბობს: „წოდება ‘უფალის’, [კი΄რი·ოს]-ის, გამოყენება უფრო იოლად, შესაძლოა, აიხსნება იმით, რომ ებრაულ სინაგოგაში წმინდა წერილების წაკითხვის დროს, ძველი აღთქმის სახელის, იაჰვეს [იეჰოვას], ნაცვლად ამ წოდებას იყენებდნენ“.

ბიბლიის დედნისეულ ხელნაწერებში ამ სახელით „יהוה“-თი წარმოდგენილია უზენაესი უფალი (დაბადება 15:2, 8). ასევე, მას ეწოდება „ჭეშმარიტი უფალი“ და ‘მთელი ქვეყნის უფალი’ (გამოსვლა 23:17; იესო ნავეს ძე 3:13; გამოცხადება 11:4). მაშასადამე, ვინ არის სხვა ‘უფალი’ ფსალმუნის 109:1-ში [110:1] და როგორ აღიარა ის უზენაესმა უფალმა, როგორც „უფალი“?

იესო ქრისტე როგორც უფალი

იესო, როგორც უფალი, ოთხ სახარებაშია მოხსენიებული, უფრო ხშირად კი, ლუკასა და იოანეს სახარებებში. ახალი წელთაღრიცხვით პირველ საუკუნეში პატივსაცემ და თავაზიან წოდებათაგან ერთ-ერთი, წოდება ‘უფალი’, ბატონის ტოლფასი იყო (იოანე 12:21; 20:15, იხილეთ ბერძნული ახალი აღთქმა). მარკოზის სახარებაში იესოს მიმართ, ხშირ შემთხვევაში, გამოყენებულია წოდება „მოძღვარო“ ანუ რაბ·ბო΄ნი (შეადარე მარკოზის 10:51 ლუკას 18:41-თან). დამასკოსკენ მიმავალ გზაზე, თვით სავლეს შეკითხვას: „ვინ ხარ შენ, უფალო?“ — იგივე, თავაზიანი მიმართვის საერთო გაგება ჰქონდა (საქმე 9:5). მაგრამ, რადგანაც იესოს მიმდევრებმა შეიცნეს თავიანთი მოძღვარი, უეჭველია, რომ წოდება ‘უფლის’ გამოყენება გამოხატავდა უფრო მეტს, ვიდრე მხოლოდ პატივისცემას.

თავისი სიკვდილისა და აღდგენის შემდეგ, მაგრამ ზეცაში ამაღლების წინ, იესო გამოეცხადა თავის მოწაფეებს და აუწყა განსაცვიფრებელი ამბავი: „მოცემული მაქვს მე მთელი ძალაუფლება ზეცაში და დედამიწაზე“ (მათე 28:18). ამ სიტყვების თქმიდან, არც თუ ისე დიდი ხნის შემდეგ, როდესაც წმინდა სული გადმოვიდა იესოს მოწაფეებზე, გადმოსული სულიწმიდის გავლენით, პეტრემ მოიხსენია ფსალმუნის 109:1 (საქმის 2:34—36-ში).

თუმცა ღმერთმა იესო ქრისტე უფლად აქცია (საქმეები 2:34,35), ბიბლია ასწავლის რომ დადგება დრო, როცა იესო „ბოლოს მოუღებს ყველა მმართველობას, ძალაუფლებასა და ძალას, და თავის ღმერთსა და მამას გადასცემს სამეფოს, რადგან მან უნდა იმეფოს, სანამ ღმერთი მის ფეხქვეშ არ მოაქცევს ყველა მტერს“. (1 კორინთ. 15:24,25). ზოგი კითხულობს, როგორ უნდა გავიგოთ საღვთო წერილის ის ადგილი, სადაც ლაპარაკია, რომ ქრისტე უფალია, თუკი ქრისტემ სამეფო ღმერთს უნდა გადასცეს? ქრისტესთვის მიცემული სამეფო, ღვთისაა და ამიტომ ის ღმერთს უბრუნდება და თვით იესოც კი, რომელიც ღმერთმა უფლად აქცია და ყველა სახელზე უმაღლესი სახელი მიანიჭა, ღვთის მორჩილი ხდება.  ის, რასაც იესოსთვის გადაცემული ეს სამეფო მიაღწევს, მარადიულად იარსებებს. ამგვარად, ბიბლია აჯამებს ამ ყველაფერს და იესოს უფლობისა და ბატონობის მდგომარეობას, შემდეგნაირად წარმოგვისახავს: «„ღმერთმა „ყოველივე დაუმორჩილა ფეხქვეშ“. მაგრამ როცა ამბობს, რომ „დაუმორჩილა ყოველივე“, ცხადია, მის გარდა, ვინც ყველაფერი მას დაუმორჩილა. და როცა ყოველივე მას დაემორჩილება, მაშინ თვით ძეც დაემორჩილება მას, რომელმაც ყველაფერი დაუმორჩილა, რათა ღმერთი იყოს ყველაფერი ყველასთვის». (1 კორინთ. 15:27,28).

  7)   „ამინი

   წაიკითხეთ გამოცხადების 3:14. მასში ღვთის ძეს, რომელიც ღვთის შემოქმედების დასაწყისია „ამინი“ ეწოდება.  „ამინ“ ებრაული სიტყვის (ʼ·მან′-ის) ტრანსლიტერაციაა და ნიშნავს „დაე იყოს ასე, ჭეშმარიტად“. ამ ებრაული სიტყვის ფუძე ნიშნავს „ერთგულს ან სანდოს“. რა მხრივ არის იესო განსაკუთრებული, თუ გავითვალისწინებთ, რომ მას „ამინი“ ეწოდება? პასუხს 2 კორინთელების 1:19, 20-ში ვკითხულობთ: «ღვთის ძე, ქრისტე იესო, რომელიც . . . გიქადაგეთ, არ გამხდარა ერთდროულად „დიახიც“ და „არაც“, არამედ „დიახ“ გახდა „დიახ“ მის შემთხვევაში. რამდენი დანაპირებიც არ უნდა ჰქონდეს ღმერთს, ყველა მათგანი „დიახ“ ხდება მისი მეშვეობით. ამიტომ მისი მეშვეობით  ვეუბნებით ღმერთს სადიდებლად „ამინს“».

ეკლესიის მამებისმიერ გაკეთებული არასწორი არჩევანი

ძველი დროის აპოლოგეტებიდან ზოგიერთი მიხვდა, რომ ფილოსოფიას ქრისტიანული ხედვის დამახინჯება შეეძლო. მიუხედავად იმისა, რომ ეკლესიის მამები აკრიტიკებდნენ „წარმართ“ ფილოსოფოსებს, თვითონ ძალიან უყვარდათ ფილოსოფიური კუთხით მსჯელობა და ფილოსოფიისთვის დამახასიათებელი მიდგომა. მაგალითად ტერტულიანე დაუფარავად აცხადებდა რომ  წარმართული ფილოსოფია გავლენას ახდენდა ქრისტიანულ აზროვნებაზე. ამავე დროს ის ამბობდა, რომ სურდა, „ფილოსოფოსისა და წამებულის, იუსტინეს, ეკლესიის სოფისტის, მილტიადესა“ და სხვათა კვალს გაჰყოლოდა. ათენაგორა, რომელიც „ქრისტიანობაზე“ მოქცევამდე პლატონისტადაა ცნობილი, საკუთარ თავს „ათენელ ქრისტიან ფილოსოფოსს“ უწოდებდა. კლიმენტი კი, ფიქრობდა რომ ფილოსოფიის გამოყენებით რწმენის დაცვა იყო  შესაძლებელი.

აქ ჩამოთვლილი აპოლოგეტების მსგავსად, „ეკლესიის მამებმაც“ სერიოზული შეცდომა დაუშვეს, როცა ბერძნული ფილოსოფია  ქრისტიანულისწავლებების ახსნისა და გაეგების გასაღებად მიიჩნიესიმის ნაცვლად, რომ ღვთის სიტყვის გასაგებად,  კვლავ ღვთის სიტყვისთვის მიემართათ, წარმართულ ფილოსოფიას მიმართეს. მათ დაავიწყდათ რომ ადამიანის ძალაზე გაცილებით აღმატებული ძალის მიერ დაიწერა ბიბლია და ბერძნული ფილოსოფია არ გამოდგებოდა ქრისტიანული სწავლებების ჩასაწვდომად. მოციქული პავლე კი თავისი წერილების მეშვეობით,  ქრისტიანებს დასაწყისშივე შეახსენებდა, რომ სულიერი იარაღებიდან ყველაზე ეფექტური ღვთის სიტყვაა, რომელიც არის ცოცხალი და მოქმედი. როგორც პავლემ თქვა, ქრისტიანი ღვთის სიტყვის — ბიბლიის — მეშვეობით ‘ამხობს ნებისმიერ აზრს და ღვთის შესახებ ცოდნის წინააღმდეგ აღმართულ ყოველგვარ სიმაღლეს’. (ებრ. 4:12; 2 კორინთ. 10:4,5; ეფეს. 6:17).

მოდით ერთხელ კიდევ გავიხსენოთ მართლმადიდებელი მიტროპოლიტის სიტყვები, რომელიც ზემოთ იყო დაციტირებული:

ეკლესიის თითქმის ყველა გამოჩენილი მამა ბერძნულ ელემენტებს ყველაზე სასარგებლოდ მიიჩნევდა და სესხულობდა კიდეც მათ კლასიკური ბერძნულიდან იმ მიზნით, რომ მათი საშუალებით ქრისტიანული ჭეშმარიტებანი გაეგოთ და სწორად გადმოეცათ“.

აშარაა, რომ „ეკლესიის მამებმს“ სურდათ ქრისტიანულ სწავლებებს ჩასწვდომოდნენ, მაგრამ წარმართული ფილოსოფიური შეხედულებების გადმოღებით და ფილოსოფიური იდეების  შესისხლხორცებით, მცდარი არჩევანი გააკეთეს! ქრისტიანული ჭეშმარიტება ღვთის მიერ წერილობით მოცემულ სიტყვაში, ბიბლიაშია, მოცემული (იოანე 17:17; 2 ტიმოთე 3:16; 2 იოანე 1—4). მისი სწორად გაგება საერო ფილოსოფიაზე არ არის დამოკიდებული. იმ ადამიანების მიმართ, ვინც ღვთიური გამოცხადების ადამიანური სიბრძნით ახსნას ცდილობდა, მართებულია მოციქული პავლეს კითხვების გამეორება: „სად არის ბრძენი? სად არის მწიგნობარი? სად არის ამ წუთისოფლის მოკამათე? განა სისულელედ არ აქცია ღმერთმა ქვეყნიერების სიბრძნე?“ (1 კორინთელთა 1:20). ფაქტიურად, „ეკლესიის მამებს“ დაემართათ ის, რაც მათ წინამორბედ აპოლოგეტებს. ცდუნდნენ ფილოსოფიით და არაბიბლიურ აზრებს მისცეს იმის უფლება, დაეძლია ისინი და ის ქრისტიანობა, რომელზეც ისინი თავს დებდნენ.  ასე რომ, ჭეშმარიტი ქრისტიანული სწავლებების ჩაწვდომის, დაცვისა და გადმოცემის ნაცვლად, შესაძლოა უნებლიედ, სატანის მახეში გაებნენ, რომელიც „სინათლის ანგელოზის სახეს იღებს“ (2 კორინთ. 11:14).

დღევანდელი სამღვდელოება, უმთავრესად „ეკლესიის მამების“ კურსს მისდევს. ნაცვლად იმისა, ღვთის სიტყვით დაიცვას ჭეშმარიტი ქრისტიანული სწავლებები, „ეკლესიის მამების“ შეხედულებებსა და გადმოცემებს მიჰყვება და დამოძღვრისას მრევლის, ფართო საზოგადოებისა და მმართველი კლასის გულის მოსაგებად ქვეყნიურ ფილოსოფიას მიმართავენ.

„ეკლესიის მამების“ შექმნილი სწავლებებისა და გადმოცემების მიდევარი თანამედროვე სამღვდელოება, თავისი საეკლესიო დასითურთ, მრევლისთვისაც, მდიდრებისთვისაც და წუთისოფელში სახელგანთქმული ადამიანებისთვისაც, ჩვეულებრივ,  პატივსაცემ პიროვნებებს წარმოადგენენ,  რომელთა გამოც აღფრთოვანებულნიც კი არიან ხალხის დიდი უმრავლესობა. მატერიალური კეთილდღეობისა და საზოგადოებაში საპატიო ადგილის გამო, მათი ამა თუ იმ სახით მოქმედება ხალხისა განსაკუთრებით მრევლის თვალში სწორი ჩანს ხოლმე. მაგრამ, რის თქმა შეიძლება იმ საშუალებებზე, რომლებსაც მრავალი მათგანი სიმდიდრისა და სახელის მოსაპოვებლად იყენებს? მოქმედებენ ისინი ამ დროს სწორად და ზნეობრივად სუფთად? მათ ქმედებაზე, ხშირად თვალს ხუჭავს მრევლი. თავის დამშვიდებისა და სამღვდელოების ქმედების გამართლებისთვის, მრევლი სხვადასხვა გზებს ეძებს ხოლმე.  ისიც უნდა აღინიშნოს, რომ სამღვდელოებაშიც და მრევლშიც, ისეთი ადამიანებიც არსებობენ, რომლებიც დიდ გულმოდგინებას ავლენენ თავიანი რელიგიური მრწამსისადმი. მაგრამ ნიშნავს ამ ადამიანთა გულმოდგინება და მოშურნეობა იმას, რომ მათი მრწამსი სწორია? (რომ. 10:2, 3). ცხადია არა, რადგან თუ მრწამსი მცდარია,  მისადმი გულმოდგინება, ვერასოდეს გახდის მას სწორს. რამდენად მტკიცედაც არ უნდა გწამდეს გაყალბებული პასპორტის ორიგინალობის, შენი მტკიცე რწმენა, ვერ აქცევს ყალბ პასპორტს ნამდვილ პასპორტად.  მართალი რწმენა, ბიბლიის სწავლებაზეა დაშენებული და არა „ეკლესიის მამების“ მიერ შექმნილ „სწავლებებზე“ და „გადმოცემებზე“. მათთვის ვისთვისაც ბიბლიაა რწმენის საფუძველი და არა „ეკლესიის მამების“ შექმნილი სწავლებები და „გადმოცემები“, რომლითაც მრავალი ადამიანია შეცდენილი, ბიბლიის გაფრთხილებას არასოდეს უგულებელყოფს:

ფრთხილად იყავით: შეიძლება ვინმემ გაგიტაცოთ ფილოსოფიითა და ფუჭი ცდუნებით, რომლებიც ეთანხმება ადამიანთა ადათწესებსა და ქვეყნიერების პრინციპებს და არა ქრისტესკოლასელთა 2:8.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s