გალერეა

რა ფორმის საგანი გამოიყენეს იესოს გასაკრავად? ჯვარი თუ ძელი?

წამების ბოძი

ბერძ. σταυρός (სტავროს); ლათ. crux (კრუქს).
გამოთქმა „წამების ბოძი“, რომელიც მათეს 27:40-ში გვხვდება, გოლგოთაზე ანუ თხემის მთაზე იესო ქრისტეს სიკვდილით დასჯასთან დაკავშირებით იხმარება. იმის მტკიცება, რომ ბერძნული სიტყვა სტავროს გულისხმობს ჯვარს, რომლის მსგავსსაც წარმართები იესო ქრისტემდე საუკუნეებით ადრე რელიგიურ სიმბოლოდ იყენებდნენ, არსად მოიპოვება.
კლასიკურ ბერძნულ ენაზე სიტყვა სტავროს ნიშნავდა ვერტიკალურ ბოძს ან ძელს, რომელიც, ჩვეულებრივ, საყრდენად გამოიყენება. ზმნა სტავროო კი ნიშნავდა სარებით შემოღობვას, მესრის ან ზღუდის შემოვლებას. ღვთისგან შთაგონებულმა დამწერებმა, რომლებმაც ქრისტიანულ-ბერძნული წერილები საერთო ბერძნულზე (კოინე) დაწერეს, სიტყვა სტავროს იმავე მნიშვნელობით გამოიყენეს, რა მნიშვნელობითაც კლასიკურ ბერძნულში გამოიყენებოდა, კერძოდ, ჩვეულებრივი ბოძის ან ძელის აღსანიშნავად, რომელსაც არავითარი განივი ძელი არ ჰქონდა მიმაგრებული არანაირი დახრილობით. საპირისპიროს დასაბუთება შეუძლებელია. იმ საწამებელ საგანზე მისანიშნებლად, რომელზეც იესო ლურსმნებით გააკრეს, მოციქულებმა პეტრემ და პავლემ გამოიყენეს სიტყვა ქსილონ, რაც კონკრეტულად ვერტიკალურ ბოძს ნიშნავს ყოველგვარი განივი ძელის გარეშე (სქ. 5:30; 10:39; 13:29; გლ. 3:13; 1პტ. 2:24). სიტყვა ქსილონ LXX-შიც გვხვდება, კერძოდ, ეზრ. 6:11-ში (2 ეზრ. 6:11), სადაც ნახსენებია ძელი, რომელზეც კანონის დამრღვევი უნდა გაეკრათ. ასეთივე ძელზეა საუბარი სქ. 5:30-სა და 10:39-ში.

სტავროსის მნიშვნელობის შესახებ ბერძნული ენის სპეციალისტი უ. ი. ვაინი თავის „ახალი აღთქმის სიტყვების განმარტებით ლექსიკონში“ წერს: „სტავროს (σταυρός), უმთავრესად, სწორ ძელზე ან ბოძზე მიუთითებს. ბოროტმოქმედებს მასზე აკრავდნენ ლურსმნებით, რომ სიკვდილით დაესაჯათ. თუ გავითვალისწინებთ მათ თავდაპირველ მნიშვნელობას, არსებითი სახელი და ზმნა სტავროო, რაც ბოძზე ან ძელზე გაკვრას ნიშნავს, არ უნდა გავაიგივოთ ორი ძელისგან გაკეთებულ ეკლესიურ ჯვართან. ჯვრის ფორმა უძველესი ქალდეიდან მოდის. მას ღვთაება თამუზის სიმბოლოდ (მისტიკური თაუ-ს პირველი ასო T-ს ფორმის იყო) იყენებდნენ როგორც ქალდეაში, ისე მის მეზობელ ქვეყნებში, მათ შორის ეგვიპტეში. ახ. წ. III საუკუნის შუახანებში ეკლესიებმა ქრისტიანულ რწმენაზე დაფუძნებული ზოგიერთი სწავლება ან მიატოვეს ან დაამახინჯეს. განდგომილები, საეკლესიო გავლენა რომ გაემყარებინათ, წარმართებს რწმენის ჩაუნერგავად იღებდნენ ეკლესიებში და უმრავლესობას ნებას რთავდნენ, რომ შეენარჩუნებინათ თავიანთი წარმართული ნიშნები და სიმბოლოები. ამრიგად, თაუ ანუ თ (T), რომელსაც უმეტესწილად ზედა ჰორიზონტალური ნაწილი ქვემოთ ჰქონდა ჩამოწეული, ქრისტეს ჯვრის აღსანიშნავად იქნა გადმოღებული“ (An Expository Dictionary of New Testament Words, განახლებული გამოცემა, 1966 წ., ტ. I, გვ. 256).

ლუისისა და შორტის ლათინურ ლექსიკონში კი განმარტებულია, რომ კრუქს, უმთავრესად, ნიშნავს „ხეს, სახრჩობელას ან სიკვდილით დასჯისთვის განკუთვნილ ხის საგანს, რომელზეც ბოროტმოქმედებს აკრავდნენ ან ჰკიდებდნენ“. კრუქსმა ჯვრის მნიშვნელობა მხოლოდ მოგვიანებით შეიძინა. ლათინურ ენაზე კრუქს სიმპლექსს უბრალოდ ბოძს უწოდებდნენ, რომელზეც ბოროტმოქმედს აკრავდნენ. აქვე წარმოგიდგენთ ერთ-ერთი ასეთი საწამებელი ბოძის სურათს, რომელიც იუსტუს ლიპსიუსმა (1547—1606) დაურთო თავის წიგნს „De cruce libri tres“ (ანტვერპენი, 1629 წ., გვ. 19). კრუქს სიმპლექსის ფოტოასლი, რომელიც აქ არის მოცემული, მისი წიგნიდან აღებულ რეპროდუქციას წარმოადგენს.
ჰერმან ფულდას ავტორობით გამოცემულ წიგნში „ჯვარი და ჯვარცმა“ აღნიშნულია: „ხეები ყველგან როდი იყო, სადაც სიკვდილით დასჯის აღსრულება საჯაროდ ხდებოდა. ჩვეულებრივ, მიწაში ბოძს არჭობდნენ, რაზეც ბოროტმოქმედებს მაღლა აწეული ხელებით აბამდნენ ან ლურსმნებით აკრავდნენ. ხშირად აბამდნენ ან აკრავდნენ ფეხებითაც“. საკმარისი არგუმენტების მოყვანის შემდეგ ფულდა ასეთ დასკვნას აკეთებს: „იესო ჩვეულებრივ ბოძზე მოკვდა, ამაზე მეტყველებს: ა) იმდროინდელ აღმოსავლეთში სიკვდილით დასჯის ასეთი მეთოდის არსებობა, ბ) გარკვეულწილად იესო ქრისტეს ტანჯვის ისტორია და გ) პირველი ეკლესიის მამების* არაერთი გამონათქვამი“ (Das Kreuz und die Kreuzigung, ბრესლაუ, 1878 წ., გვ. 109, 219, 220).

ბაზელის უნივერსიტეტის პროფესორმა პაულ ვილჰელმ შმიდტმა თავის ნაშრომში „იესოს ისტორია“ ბერძნული სიტყვა სტავროს დაწვრილებით გამოიკვლია. იგი წერს: „σταυρός [სტავროს] ვერტიკალურად მდგარ ძელს ან ხის ტანს ნიშნავს“. პ. ვ. შმიდტი იესოს სიკვდილით დასჯის საკითხსაც შეეხო და აღნიშნა: «სახარებების თანახმად, გაშოლტვის გარდა, იესოს დასჯის ერთადერთი საშუალება იყო წამების უბრალო რომაული მეთოდი, ანუ შიშველი სხეულის ჩამოკიდება ბოძზე, რომლის ტარება და თრევა წამების ადგილამდე, სხვათა შორის, თავად იესოს მოუწია, რათა ეს სამარცხვინო სასჯელი კიდევ უფრო აუტანელი გამხდარიყო. . . დასჯის სხვა ნებისმიერი მეთოდის გამოყენება თავისთავად უნდა გამოირიცხოს, ვინაიდან, უმთავრესად, ასეთ ჩამოკიდებას ჰქონდა მიცემული მასობრივი ხასიათი: სწორედ ასე დასაჯეს ერთდროულად 2 000 კაცი ვარუსმა (იოსებ ფლავიუსის „იუდეველთა სიძველენი“, XVII 10. 10), კვადრატუსმა („იუდეველთა ომები“, II 12. 6), პროკურატორმა ფელიქსმა („იუდეველთა ომები“, II 15. 2 [13.2]) და ტიტუსმა („იუდეველთა ომები“, VII. 1 [V 11. 1])» (Die Geschichte Jesu, ტ. II, ტიუბინგენი — ლაიფციგი, 1904 წ., გვ. 386—394).

ამრიგად, არავითარი მტკიცება არ მოიპოვება, რომ იესო ქრისტე ხის ორ გადაჯვარედინებულ ძელზე იქნა გაკრული. ამ და სხვა სარწმუნო ისტორიული და ლინგვისტური ფაქტებიდან გამომდინარე, ბიბლიის „ახალი ქვეყნიერების თარგმანის“  (რომელიც მილიონობით ადამიანისთვის ავტორიტეტულ თარგმანს წარმოადგენს) მთარგმნელობით კომიტეტს, არ სურდა წარმართული ჯვრის იდეა შეეტანა ღვთის შთაგონებით დაწერილ წმინდა წერილებში და, ამ სახით, რაიმე დაემატებინა ღვთის სიტყვისთვის. ამიტომ სიტყვები სტავროსი და ქსილონი იმ მნიშვნელობით თარგმნეს, რაც მათ სინამდვილეში აქვთ. ვინაიდან სიტყვაში სტავროს იესო თავისი მიმდევრების ტანჯვას, სირცხვილს ან წამებას გულისხმობდა (მთ. 16:24), სტავროს წამების ბოძად ითარგმნა და განასხვავეს სიტყვისგან ქსილონ, რომელიც ძელად ითარგმნა.

—— * პირველი „ეკლესიის მამების“ ჩანაწერები იმის დამატებით მტკიცებულებას წარმოადგენენ, რომ იესო ძელზე აწამეს და არა ჯვარზე. ადრეული „ეკლესიის მამების“ ჩანაწერებთან დაკავშირებით, დაწვრილებითი ინფორმაციის მიღება შეგიძლიათ ჯონ დ. პარსონზის წიგნიდან „ჯვარი ― არაქრისტიანული სიმბოლო“(ინგლ).  წიგნის წასაკითხად, დააწკაპუნეთ აქ.

Advertisements

5 responses to “რა ფორმის საგანი გამოიყენეს იესოს გასაკრავად? ჯვარი თუ ძელი?

  1. მეც ვეთანხმები ამ ბოლო შენიშვნას, რა ფორმაც არ უნდა ჰქონდეს ჯვარს ეს არ მოგვცემს იმის უფლებას რომ თაყვანი ვცეთ იესოს მკვლელობის იარაღს. და კიდე სადაც მე წამიკითხია ჯვარი რატოა თაყვანის საცემი ყველგან ასე მომეჩვენა რომ ძალით კარგად დანახულთან გვქონდა საქმე. აი მაგალითად ასეთი რამ რომ ვთქვათ, კაცი რომ დაინვალიდდება და თქვას “რა კარგია, ახლა პენსიას მომცემენ”-ო. ან სამსახურიდან რომ გაანთავისუფლებენ ადამიანს და თქვას “კარგია ახლა დილით ადგომა აღარ მომიწევს”-ო. ანუ ძალით კარგის კუთხიდან შეხედულია და არა ობიექტურად!

  2. თუ კოინე ბერძნულში სტაუროსს მხოლოდ “ძელის” მნიშვნელობა ჰქონდა, დაასახელეთ ის სიტყვა, რომელსაც ბერძნები ჯვრის აღსანიშნავად იყენებდნენ.

  3. ბატონო Zaza

    ჩემს ხელთარსებული ლექსიკონებისა და სამეცნიერო ნაშრომების საფუძველზე, თამამად შემიძლია გითხრათ, რომ ძველბერძნულ ენაში (კოინეში) ერთმანეთზე გადაჯვარედინებული “ჯვრის” (†) აღმნიშვნელი სიტყვა არ არსებობდა. სტავროსმა მხოლოდ რამდენიმე საუკუნის შემდეგ შეიძინა “ჯვრის” მნიშვნელობა. სახარებების დაწერისას, სიტყვა “სტავროს”-ს მხოლოდ ძელის მნიშვნელობა ჰქონდა. სწორედ ეს გახლავთ იმის მიზეზი რომ ბიბლიის ზოგიერთ თარგმანში, მთარგმნელები “სტავროს”-ს სიტყვა ‘ძელად’ თარგმნიან და არა ‘ჯვრად’.

    გთხოვთ, ზემოთ განთავსებული სტატია ყურადღებით წაიკითხოთ. მასში მითითებულია ნაშრომები, რომელიც სწორედ ამ საკითხებს განიხილავს.

  4. ზუსტად ამ აზრზე ვარ მეც. ეს იყო სიკვდილის იარაღი, რა მნიშვნელობა აქვს როგორ ითარგმნება სტავროს? თავი რომ მოეკვეთათ ცულით, ცულები უნდა ეტარებინათ ქრისტიანებს?

  5. ადამიანებმა ზუსტად ის ვერ გაიგეს, რომ ისეომ სიტყვა სტავროსში თავისი მიმდევრების ტანჯვას, სირცხვილს ან წამებას გულისხმობდა.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s